მე ღმერთმა მომიყვანა და როცა ღვთის ნება იქნება, მაშინ წავალო
მე ღმერთმა მომიყვანა და როცა ღვთის ნება იქნება, მაშინ წავალო
მეუფე ელისეს გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

24 აპრილს ნიკორწმინდელი მიტროპოლიტის ელისეს (ჯოხაძე) გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.
ლურჯი მონასტრის ტაძრის დეკანოზი გიორგი გუგიშვილი:
-მეუფე ელისე პირველად რომ გავიცანი, მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი. რაჭაში იყო დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონის კომპლექსური შესწავლის ექსპედიცია. ბატონი ლევან ფრუიძე იყო ამ ექსპედიციის ხელმძღვანელი და მოგვიწია სოფელ შქმერში წასვლა. მაშინ მეუფე ელისე ახალნაკურთხი მღვდელი იყო. სულ ახალგაზრდა იყო, დაახლოებით 33- 35 წლის იქნებოდა. მეუფემ სახლში მიგვიპატიჟა, პატივი გვცა და ბევრი კარგი რამ გაიხსენა. მეუფე ძალიან გულღია და სტუმართმოყვარე იყო.

***
კარგად მახსოვს მეუფის მღვდელმთავარდ გამორჩევა. მღვდელმთავნრად კურთხევაც მახსოვს, ფოტოებს ვიღებდი. მახსოვს მეუფის პირველი წაბრძანება რაჭაში, როგორც მღვდელმთავრისა. მე თან წამიყვანა. მეუფეს ჰქონდა ქალბატონი გრუნიას, დედამისის მიერ შეძენილი ძველი მანქანა "მოსკვიჩი". საჭესთან მე მომიწია დაჯდომა. რაჭაში დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღეს. მეუფე იყო თვითინ ისეთი თბილი და უშუალო, რომ ბუნებრივია ყველა ვინც მის ირგვლივ იქნებოდა, ყველა ამ განწყობით იყო. იმ წელს ჭელიშის მონასტერში მოგვიწია სამრეკლოს მშენებლობა. იმჟამად ახლანდაკურთხი დიაკვანი იყო მამა ილია ხომასურიძე. მშენებლობის პერიოდში არ დამავიწყდება, მამა ილია, მამა გაბრიელი კობახიძე (მაშინ მერაბ კობახიძე იყო) მეუფესთან ერთად სუფრასთან ვისხედით. გვერდზე თხილი იყო ჩამოვარდნილი. მივიდა მამა გაბრიელი და მეუფეს თხილი მიუტანა . მეუფეს უყვარდა წითელტარიანი ჯაყვის ტარება. რამდენჯერაც მოინდომა მეუფემ თხილის გატეხვა, იმდენჯერ აისხლიტა და თხილი გვერდზე ვარდებოდა. მამა გაბრიელიც მიდოდა და მოჰქონდა მისთვის გადავარდნილი თხილი. მამა გაბრიელმა დადო თხილი ქვაზე და წავიდა ისევ იმ ადგილას, სადაც მეუფეს თხილი უვარდებოდა. გაუკვირდა მეუფეს და იკითხა, სად წავიდა მამა გაბრიელიო? -მეუფეო კიდევ გადმოგივარდებათ თხილი და ისევ იქ დაველოდები და მოგიტანთო, ამისი გაგონებაზე გაიცინა მეუფემ.

***
ცნობილი კინორეჟისორია კობა ცხაკაია, რომელმაც ფირზე აღბეჭდა მეუფის რაჭაში ჩასვლა. მოგვიწია პატარა ონში ყოფნა. პატარა ონი, ნიკორწმინდასთან ახლოს მდებარე სოფელია. პატარა ონის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაზე იყო ძველი კანკელის ქვის ფრაგმენტი. მეუფე დაინტერესდა ძველი კანკელის აღდგენით. მეც ვუამბე წმინდა ექვთიმე თაყაიშვილმა რაჭაში მოგაურობის დროს რომ გადაიღო ფოტო და დაფიქსირა ეს კანკელი. მეუფემ კანკელის ქვის ნატეხი თბილისში წამოიღო და იმ კანკელის ნაშტეხი და ძველი ფოტოს მიხედვით გაიგო ამ ქვის შემადგენლობა, (კირი იყო) და აღადგინდა. ქვის კვეთაზე მეუფე გამორჩეული ხელოვანი იყო.. მის მიერ გაკეთებული კანკელები ნიკორწმინდაშია, უწერაში და ასე შემედეგ. საოცარი მადლიანი ხელი ჰქონდა... ხეზე კვეთაც შესანიშნავად იცოდა და რკინის ჭედვაც... შესანიშნავი არქიტექტორი იყო. ჭრებალოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარი რომ შენდებოდა (ბატონი ნიკო ლეკიშვილია ტაძრის ქტიტორი),  მეუფე მშენებლებთან მიდიოდა,  ხარაჩოზე ადიოდა და რჩევას აძლევდა როგორ გაეკეთებინათ.

***
რაჭაში არის სოფელი სხიერი და აქ აგვისტოს მეორე კვირას სოფლის დღესასწაული, სხიერობა აღინიშნება. ფეხით ავიარეთ ტაძრამდე გზა... ხალხი გაკვირვებული გვიყურებდა, მღვდლმთავარი ფეხით როგორ კადრულობს ასვლასო. ასეთი სიმდაბლით და სიყვარულით მოდიოდა მეუფე. ჩვენთან სახლში მივედით... მაშინ ბებია ცოცხალი იყო. ბებოს სხიერობის დღესასწაულზე გაუმზადებია სუფრა, ლორი ჰქონდა მოხარშული, განატეხები, ბაჭულები გამომცხვარი და ხონჩაზე დანაგებული გამოვიტანა. ბებომ მეუფის წინაშე დაიჩოქა და კურთხევა აიღო. მეუფემაც დაიჩოქა. მოეფერენ ერთმანეთს. სოფელში იმჟამად ხუთი მოხუცი ქალბატონი ცხოვრობდა. მეუფემ გვითხრა, ნეტავ იმას მომასწრო ჩემი რეზიდენცია სხიერში გამაკეთებინა აქედან მთელი რაჭა ხელისგულივით ჩანსო. ბებიაჩემის და მეუფის შეხვედრა საოცრად დასამახსოვრებელი იყო.
ბებო რომ გადაიცვალა, 29 დეკემბერი იყო. დასაფლავებაზე მეუფე ჩამობრძანდა... ეს მხოლოდ შენი ბებო კი არა ჩემი ბებოც იყოო, მითხრა. მეუფემ აუგო წესი, პანაშვიდი გადაუხადა...პატარა სუფრაზე ვისხედით და მეუფემ დანანებით მითხრა, ეს სოფელი მონასტერი არისო და აქ მცხოვრები დედები მონაზვნები არიანო. იმიტომ ვეძახდი შენს ბებოს დედას, რომ ეს დედაო იყოო და რატომ ვერ შევძელი მონაზვნად აღმეკვეცაო. ამაზე აღმატებული საქმე რა უნდა გამეკეთებინაო.

***
მეუფემ ზედმიწევნით იცოდა ჩვენი კუთხის ისტორია. სიბრძნეს ჰარმონიულად და ლამზად გაზიარებდა, გმოძღვრავდა, გასწავლიდა... თავისი ცხოვრებით, თავისი ყოფით, ქმედებით ის დიდი მოძღვარი იყო. ადამიანს სულიერად გაწვრთნიდა და უფლისკენ მართლად მიჰყავდა.
მეუფე ჩემი სულიერი მოძღვარი იყო. აღსარებას მას ვაბარებდი. ერთხელ სიამაყით ვუთხარი, რა ბედნიერებაა, რომ დილით ლოცვებში მოძღვარს ვიხსენიებ და თქვენ ჩემი მოძღვარი ბრძანდებით-მეთქი. გაიღიმა და მიპასუხა, - შე გლახა, მარტო დილით მიხსენიებო? მე სულ გიხსენიებ, მარტო შენ კი არა, ყველასო.

***
სასულიერო აკადემიას ვამთავრებდი და ვფირობდი, რომელი გზა ამერჩია, საერო თუ მონასტერი. აღსარების დროს მეუფემ მითხრა, შენ რომ ის კარგი გოგო მოგწონდა აღარ მოგწონსო? კი მეთქი ვუპასუხე. მერე რაღას ელოდებიო. წამიყვანა თავისი ძველი "მოსკვიჩით". მამა არჩილ მინდიაშვილის მრევლი იყო ჩემი მომავალი მეუღლე. მეუფე მამა არჩილის შვილის ნათლია გახლდათ. მამა არჩილთან რომ მივედით ტაძარში, მამა არჩილი დიდი სიყვარულით, სიხარულით მოეფერა მეუფეს. მეუფემ და მამა არჩილმა რამდნეიმე წუთი ისაუბრეს. მერე გამოვიდა მამა არჩილი და მომეფერა, რა კარგი გემოვნება გქონიაო. ჩვენი სიძე გინდა გახდეო? მეუფემ მაკურთხა, პირდაპირ უთხარი ამ გოგოს შენი სათქმელი, რაჭაში წამოდით და ჯვარს დაგწერთო. ასე მოხდა ჩემი დაოჯახება. ნიკორწმინდაში დავიწერეთ ჯვარი.

KARIBCHE

***
მეუფე შეუძლოდ რომ იყო, მის დაუკითხავად მე და მინდიამ, მეუფის შვილმა სამკურნალო საშულებებზე, უცხოეთში წასვლაზე ფიქრი დავიწყეთ. ამაზე ძალიან გაგვიბრაზდა, თქვენ ვინ გეკითხებათო, თქვენ წადით და იმკურნალეთო. მე ღმერთმა მომიყვანა და როცა ღვთის ნება იქნება, მაშინ წავალო. ღმერთს იყო სრულად მინდობილი, მკურნალობაზეც უარი თქვა. ბოლო წუთამდე ერთი არ დაუკვნესია.
შქმერში ძველი ნაეკლესიარი მე-9-მე-11 საუკუნეების ძველი ტაძრის ნანგრევებიაო, ამობდა მეუფე და მის საძირკველზე ტაძარი მინდა აღვადგინო და წმიდნა ელისე წინასწარმერყველის სახელზე ვაკურთხოო. საქართველოში არ არის ამ წმინდანის მოსახელე ტაძარიო. გაკვირვება რომ შეგვატყო გვიპასუხა, როცა იქნება ხომ წავალ ამ ქვეყნიდან, ღმერთთან მივალ, ჩემს უფალთანო. წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილი არ გააჩერეს ნიკორწმინდაში და ჩემს სოფელში, სადაც დაბადებული და გაზრდილი ვარ, იქ წამიყვანეთ და იქ დამასაფლავეთო.

***
მეუფეს 24 აპრილს 40 დღე უსრულდება. მე და მამა ბიძინა გუნიას განსაზღვრული გვაქვს,  შქმერში ავიდეთ და წმინდა ელისეს ტაძარში, სადაც მეუფეა დასაფლავებული, ღამისთევის მსახურება აღვავლინოთ. მამა ბიძინა გუნია განსაკუთრებულად უყვარდა მეუფეს. ჩემი სიძეაო,-ამბობდა. მამა ბიძინას მეუღლე, ქალბატონი ირინე მეუფის სულიერი შვილი გახლდათ. მეუფესთან მივიდა, ხელი რომ სთხოვა... მოეწონა მეუფეს მისი ღირსეული, ვაჟკაცური საქციელი. საოცარი სითბო და სიყვარული ჰქონდა.
მეუფეს განსაზღვრული ჰქონდა წმინდა ელისეს სახელობის ტაძრის მოხატვა. ღვთის შეწევნით აღვასრულებთ მეუფის ჩანაფიქრს.
ღმერთმა ქნას რაჭა კვლავ აღდგეს და აღორძინდეს. შქმერი ამ კუთხითაც გაამაგრა მეუფემ. მისი ლოცვით დაგვილოცოს ღმერთმა ჩვენი სამშობლო, ჩვენი რაჭა განსაკუთრებით რომ უყვარდა და თვითოეული ჩვენთანგანის ოჯახი.

ფოტოები მოგვაწოდა მეუფე ელისეს ოჯახმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.



ბეჭდვა
1კ1