პირველი საფეხურია დიაკვნობა, მღვდლობა, შემდეგ კი ეპისკოპოსობა
პირველი საფეხურია დიაკვნობა, მღვდლობა, შემდეგ კი ეპისკოპოსობა
ეპისკოპოსის უმთავრესი მოვალეობაა, გადაარჩინოს თითოეული სული თავისი სამწყსოსი და უვნებლად მიჰგვაროს ქრისტეს

ეპისკოპოსი მოციქულთა საქმის გამგრძელებელია, მათი მემკვიდრეა. მღვდელმთავარი დღეს თავის სამწყსოში იმავეს აკეთებს, რასაც წმინდა მოციქულნი აღასრულებდნენ ქვეყნიური მოღვაწეობისას. მღვდელმთავარი სულიერი მწყემსია თავისი მრევლისა და მას უდიდესი პასუხისმგებლობა, უდიდესი ტვირთი აკისრია სასულიერო და საერო საქმეების სწორად წარმართვაში. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: ეპისკოპოსი საერო საქმეებშიც კარგად უნდა ერკვეოდეს, ბერებზე არანაკლებ მლოცველიც იყოს და ბერული ცხოვრებით ცხოვრობდესო.

გვესაუბრება მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი მეუფე ანანია (ჯაფარიძე).

- მეუფეო, მძიმეა მღვდელმთავრის ტვირთი?

- ჩვენ ყველანი ათეისტური ეპოქიდან გამოვედით. ჯერ კიდევ გვახსოვს ის ჭრილობები, რომლებიც ჩვენს სულს მიაყენა უსასტიკესმა რეჟიმმა. თაობებს უნერგავდნენ, არ არსებობს სულის უკვდავება, ადამიანი შექმნა არა უფალმა ღმერთმა, არამედ ის წარმოიშვა მაიმუნისგანო და უპირატესობას ანიჭებდნენ ადამიანში ცხოველურ თვისებებს, მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი, ეპისკოპოსების, სამწყსოს შვილები. საქართველოს თავდადებულ წმინდა სასულიერო პირების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს მოენათლათ და ქრისტეს სამწყსოსთვის შეენარჩუნებინათ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ეს იყო უდიდესი თავგანწირვის, თავდადების და ღვთის შეწევნის შედეგი. ასეთ უმძიმეს დროშიც კი საქართველოს ეკლესიამ შეუნარჩუნა თავის ერს, სამწყსოს ქრისტიანული სარწმუნოება და არ შეწყვიტა ის უკვდავი კავშირი, რომელიც მოდიოდა წმინდა მოციქულებიდან. პირადად ვარ მოწმე იმისა, რომ საქართველოს უწმინდესი პატრიარქის ილია II-ის ხელმძღვანელობით ქართველი ეპისკოპოსები ჩვენს თვალწინ აყალიბებენ და ხელახლა ქმნიან ეპარქიებს თავიანთი ურთულესი სტრუქტურით და დიდი სულიერი მოვალეობებით. ძალზე დიდი შრომა და ჯაფა ესაჭიროება საეპარქიო სამმართველოებს, ეპისკოპოსებს, რადგანაც ფაქტობრივად ისინი ქმნიან ჩვენი დედაეკლესიის უმთავრეს სტრუქტურას, ეპარქიებს. ეს მიაგავს შრომას იმ გემის კაპიტნისას, რომელიც ქარიშხალმა ნაპირზე გამორიყა. გემი თითქმის დაიმსხვრა, მაგრამ მიეცა დიდი ძალა, ხელახლა ააშენა ხომალდი, შეაცურა ზღვაში და ემზადება დიდი ცურვისთვის. ღმერთმა ინებოს, ჩვენს ერს მიეცეს ძალა, გვერდით დაუდგეს ეპისკოპოსებს, რათა ერთობით აღორძინდეს ქრისტეს დიდი ეკლესია, რომელიც კლდეზეა დაშენებული და ქარიშხლები ვერაფერს დააკლებენ. ვინ წარმოიდგენდა საბჭოთა კავშირის დაშლას და მათ მიერ დაწუნებული წმინდა ეკლესიის აღორძინებას. ეს, რა თქმა უნდა, უფლის ნება იყო და ჩვენ ვმადლობთ მას ყველაფრისთვის.

- მეუფეო, ეპისკოპოსად კურთხევამდე სასულიერო პირმა რა საფეხურები უნდა გაიაროს?

- როდესაც საღვთო ნიჭით აღივსება სასულიერო პირი, რასაც ასევე ეწოდება კურთხევა და ხელდასხმა, უფლისგან ეძლევა დიდი ძალა და ის უკვე ღვთის ძალის, ღვთის მადლის მატარებელია. ვისაც სასულიერო პირი დალოცავს, ამ ქვეყანაზე კურთხეული და დალოცვილია, ხოლო ვისაც შეკრავს ანუ დაწყევლის, ის ზეცაშიც შეკრულია. ამიტომაც სასულიერო პირთან ურთიერთობისას მრევლს მართებს დიდი მოწიწება და დიდი სიყვარული, რადგანაც ღვთისგან სასულიერო პირს ენიჭება ისეთი ძალა და მადლი, რომელსაც შეუძლია, ცხონების გზაზე დააყენოს ადამიანი. თუ რა არის ცხონება, კარგად იცოდნენ ჩვენმა სულკურთხეულმა წინაპრებმა. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვევედრებით უფალ ღმერთს მუდამჟამს, ვამბობთ აღსარებას და ვიღებთ წმინდა ზიარებას. ცხონება არის საუკუნო სიცოცხლე ღმერთში. ნეტარია ის ადამიანი, რომლის სულიც ღირსი შეიქნება და დამკვიდრდება ღვთის სახლში, სადაც არის საუკუნო სიხარული და ნეტარება. ადამიანის სული არ კვდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვილოცოთ იმისთვის, რომ ჩვენმა უკვდავმა სულმა მარადიულად იხაროს ღვთის ნათელში. ეს არის სწორედ ცხონება. ამ ცხონების გზაზე გვაყენებს სასულიერო პირი. ამიტომაც უნდა გვიყვარდეს ის.

საეკლესიო იერარქია 2000 წელია არსებობს. ეკლესიის მეთაურია ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე, ხოლო სასულიერო წოდებათაგან უმაღლესი არის ეპისკოპოსი. ეპისკოპოსებიც, თავიანთი ღირსებისა და გავლენის მიხედვით, ზოგჯერ კათედრის სიძლიერის მიხედვითაც, იყოფიან - მიტროპოლიტად, მთავარეპისკოპოსად და ეპისკოპოსად. უპირველესად, კურთხევამდე ქრისტიანმა უნდა გაიაროს მორჩილების დიდი გზა. პირველი საფეხურია დიაკვნობა, მღვდლობა, შემდეგ კი ეპისკოპოსობა.

უკვე VII საუკუნიდან მსოფლიო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილია, რომ ეპისკოპოსად გამორჩეული პირი ამასთანავე უნდა იყოს ბერი ანუ ძველქართულად - მონოზონი.

- მაინც რა გამორჩეული თვისებები უნდა ჰქონდეს ეპისკოპოსობისთვის გამზადებულ ბერს?

- ეპისკოპოსად გამორჩეულ პირს წინასწარ ამოწმებს თავისი მოძღვარი - ცხოვრობს თუ არა ის სპეტაკი ცხოვრებით, არის თუ არა მშვიდი, მოყვარული ხალხისა, თავისი მრევლისა, ქვეყნისა და ერისა.

ის უნდა იყოს უთუოდ ზნეკეთილი, ფიზიკურად უნაკლო, ჯანსაღი, უფრო მეტად კი სულიერად, კაცთა შორის რჩეული. მიზეზი ამისა ის არის, რომ ეპისკოპოსობა - სასულიერო პირობა ნიშნავს ღვთისადმი თავის შეწირვას. როგორც უფლისთვის სათნო იყო აბელის ძღვენი, რომელმაც გამოარჩია თავისი სამწყსო და საუკეთესონი მიართვა უფალს, ასევე არის და უნდა იყოს სასულიერო პირის გამორჩევა.

- რა არის ეპისკოპოსის მოვალეობა?

- უპატრონოს ქრისტეს სამწყსოს. ფულით ანუ საფასით დადგენილი მწყემსი, როცა მგელი ანუ მტერი მოვა, საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და გასაჭირში ტოვებს სამწყსოს. ხოლო სიყვარულით დადგენილი ანუ ქრისტეს მიერ დადგინებული მწყემსი მოვალეა, უპატრონოს თავის სამწყსოს, თითოეულ სულიერ ცხოვარს. ერთიც რომ დაიკარგოს, სიყვარულით მოიძიებს და დაუბრუნებს ქრისტეს სამწყსოს. ეპისკოპოსის უმთავრესი მოვალეობაა, გადაარჩინოს თითოეული სული თავისი სამწყსოსი და უვნებლად მიჰგვაროს ქრისტეს. ეს მას მოეკითხება ქრისტესგან. თუნდაც ერთი რომ წარწყმდეს, მოძღვარი პასუხს აგებს მაცხოვრის წინაშე.

- მღვდელმთავრის დალოცვას დიდი მადლი და ძალა აქვს. დაგვლოცეთ, მეუფე ანანია...

- ძალზე დიდი ძალა აქვს ეპისკოპოსის დალოცვას, რადგანაც ეპისკოპოსი არის მოციქულებრივი ღვაწლის მატარებელი. ჩვენმა მაცხოვარმა ამოარჩია მოციქულები, რომლებზეც გადმოვიდა სულიწმინდა, ხოლო ეპისკოპოსები ამ მოციქულებრივი მადლის მატარებლები არიან, რომელიც ხელდასხმით გადაეცემა. ეპისკოპოსის დალოცვა იგივეა, რაც დალოცვა მოციქულის მიერ. ღმერთმა დაგლოცოთ!
ბეჭდვა
1კ1