ღმერთმა იცის, ვინ არის წმინდანი, ვინ რისი ღირსია
ღმერთმა იცის, ვინ არის წმინდანი, ვინ რისი ღირსია
წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას უამრავი წმინდანი რომ ჰყავს, ეს საეკლესიო კალენდრის მიხედვითაც ჩანს. თითქმის ყოველდღე აღვნიშნავთ წმინდა მამათა და დედათა ხსენებას და მათგან სულიერ თუ ფიზიკურ კურნებას ვიღებთ. წმინდა სინოდის გამორჩევით, საქართველოს ეკლესიას მრავალი წმინდანი შეემატა. ღვთის მადლით, მოღვაწე წინაპრები კიდევ ბევრი ჰყავს ჩვენს ეკლესიას და თუ ღვთის დაშვება იქნება, მათ სახელზეც ილოცებენ მორწმუნეები.

გვესაუბრება ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):

- ზეციური მოზეიმე ეკლესია ანგელოზებისა და ურიცხვი წმინდანის დასისგან შედგება. თავდაპირველად ადამი ამ სიწმინდისთვის, განღმრთობისთვის შეიქმნა სამოთხეში. ფაქტობრივად, ის იყო წმინდანი, უცოდველი და უფრო უნდა სრულეყო თავისი ნიჭები. ასევე იყო ევა, მაგრამ ეს წმინდა ყოფა ცოდვამ დაარღვია. მას შემდეგ ცოდვა მეფობდა კაცობრიობაში, ვიდრე ქრისტემ არ დათრგუნა ჯოჯოხეთი. ამქვეყნად რაგინდ წმინდად და პატიოსნად იცხოვრო, ცოდვას მაინც ჩაიდენ, "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს", მაგრამ ქრისტეს უმანკოდ დაღვრილმა სისხლმა, მისმა მკვდრეთით აღდგომამ შესაძლებელი გახადა, ჩვენნაირი ცოდვილებისთვისაც კი სასუფეველი დაემკვიდრებინა. ამ მებრძოლ სულებში კიდევ გამოიყოფიან ღირსეულნი, რომლებმაც უფრო მეტი დაითმინეს ქრისტეს სახელისთვის, უფრო მეტი ღვაწლი გასწიეს, ზოგმა - ლოცვითა და მარხვით, ზოგმა - საკუთარი სისხლით, სხვა მიწიერი მოღვაწეობით. ეს გამორჩეული დასი ადამიანთა სულებისა იქცა წმინდანებად.

სიტყვა "წმინდა" განწმენდილს ნიშნავს, ვინც ჩაითვალა ღირსი სასუფევლისა. ადამიანის სულის ყველაზე ღირსეული შემფასებელი ღმერთია. მან იცის, ვინ არის წმინდანი, ვინ რისი ღირსია, ვინ რა დაიმსახურა ამ ქვეყანაზე საღმრთო ნიჭით.

ადამიანებს გვჭირდება ხორციელი მაგალითი. რა თქმა უნდა, ეს, უპირველესად, არის ქრისტე, უფალი. გარდა ამისა, ისევ ჩვენნაირი ადამიანები, რომლებიც არაფრით განსხვავდებოდნენ ჩვენგან, მაგრამ მონდომებით, ღვაწლით, ღვთის წყალობით და განწმენდით დაიმკვიდრეს ადგილი წმინდანთა შორის. ეს გვარწმუნებს, რომ ყველასთვის შესაძლებელია ცხონება.

მთავარია მოინდომო, ეძებო უფალი და ის არც ერთ ცოდვილს, რაგინდ გლახაკი და დავრდომილი იყოს, არ უგულებელყოფს. უდიდესი ავაზაკები იქცნენ წმინდანებად. ეს არის ღვთის განგებულების დიდი სასწაული. მარიამ მეგვიპტელი იქცა წმინდანად. ავაზაკი კაცის მკვლელი და ყაჩაღი ერთი წამის სინანულმა და სიტყვებმა - "მომიხსენე მე სასუფეველსა, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა" - აქცია წმინდანად და პირველი შევიდა ცათა სასუფეველში. ასე რომ, წმინდანობა იმას არ ნიშნავს, რომ არ შეუცოდავთ ან რაიმე ნაკლი არ ჰქონდათ. მათ გაიმარჯვეს ცოდვაზე. "ვინც სრულად დაითმინოს, ის ცხონდება", - ამბობს უფალი. თითოეული წმინდანის ცხოვრება გვაძლევს ძალიან დიდ მაგალითს. მორწმუნეებს სამაგიდო წიგნად უნდა ჰქონდეთ "თვენი" და კარგი იქნება, თუ დილის ლოცვების შემდეგ წაიკითხავენ. ვინც წმინდანს მოუხმობს, ლოცულობს და მის ცხოვრებას ეცნობა, მთელი დღე იმ წმინდანის მიერ იქნება კურთხეული, დალოცვილი. ბედნიერები ვართ ქრისტიანები, ეკლესიის შვილები, რომ უამრავი მაგალითი გვაქვს, როგორ იქცნენ წმინდანებად ჩვენი წინაპრები, როგორ იქცა წმინდანად შუშანიკი, აბო ისმაიტელყოფილი, დემეტრე მეფე თავდადებული, დავით აღმაშენებელი, ექვსი ათასი გარეჯელი ბერი... ღმერთი ყველას მოგვიწოდებს თავისკენ. წმინდა ეკლესია, რომელიც საუნჯეა საღმრთო მადლისა, თავის წიაღში გვზრდის იმ მადლით, იმ უხრწნელი საზრდოთი, რომელსაც დაეწაფნენ ის წმინდანები, ჩვენი წინაპრები, რომლებმაც ანგელოზებთან ერთად დაიმკვიდრეს ცათა სასუფეველი. ეკლესიამ დაადგინა და სულთმოფენობის შემდგომი კვირა დღე ყოველთა წმინდანთა დღეა. ამავე დროს არის ყოველთა ქართველთა წმინდანთა ხსენებაც. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი წმინდანები და ღმერთშემოსილი ადამიანები. საერთოდ, წმინდანები ისე იქცეოდნენ, რომ საზოგადოებამ არ იცოდა, თუ მათ გვერდით წმინდანი ცხოვრობდა. ასეთი მამები დღესაც არიან. ღმერთმა ინებოს, რომ წმინდანთა ლოცვებით გააერთიანოს და გაამთლიანოს, სულიერად გადაარჩინოს საქართველო.

- მეუფეო, როგორ ხდება წმინდანთა კანონიზება?

- წმინდანის შერაცხვა ხდება მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს სასულიერო, საკანონმდებლო კრებაზე - წმინდა სინოდზე, რომელსაც ხელმძღვანელობს კათოლიკოს-პატრიარქი. როცა მზადდება საკითხი, შეისწავლიან ისტორიას, განვლილ ცხოვრებას ამა თუ იმ მოღვაწისა, წარმოადგენენ სარწმუნო მასალებს, შემდეგ წმინდა სინოდის სხდომა გამოიტანს განაჩენს და შეირაცხება წმინდანად. შეიძლება აღსასრულისთანავე ესა თუ ის პიროვნება ან მოღვაწე ღვთის წინაშე წმინდანია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. ჩვენი სისუსტეების გამო ცოტათი ვაგვიანებთ ხოლმე ამას, ვინაიდან ხორცში ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები ვართ, მაგრამ როდესაც ღვთის განგება იქნება, მაშინ გამოჩნდება ამ წმინდანის ნამდვილი სახე. შემდეგ იწერება სავედრებელ-სადიდებელი ლოცვები, ტროპარ-კოდაკი. იწერება ხატი და დაწესდება მისი მოხსენიების დღე. ამავე დროს, მისი ღვაწლის მიხედვით, მიენიჭება ზედწოდება. თუ მოღვაწე ბერი იყო, ღირსი მამობით მოიხსენიება, ქრისტესთვის წამებულს მიენიჭება მოწამის სახელი. შეიძლება ერისთვის თავდადებულს მართალი ეწოდოს, როგორიც არის წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი). ერისათვის თავდადებული დიმიტრი ყიფიანი შეირაცხა წმინდანად.

- რის მიხედვით გამოარჩევენ ხოლმე წმინდანის კანდიდატურას?

- მეცნიერებთან, საზოგადო მოღვაწეებთან ერთობლივი შეთანხმების შემდეგ წმინდა სინოდს წარუდგენენ ყველა მასალას, რის შემდეგაც ხდება წმინდანად აღიარება. მაგალითად, ბოლნისის სიონის ტაძარში ყურადღებას მიიპყრობს გაშავებულ-გამურული კედლები. ესაა ცოცხალი მატიანე: თემურ-ლენგის შემოსევების დროს 500-მა ბოლნელმა, რომლებმაც არ უარყვეს ქრისტე, თავი შეაფარა ღვთის სახლს. მტერმა კარები ჩაუკეტა მათ და ტაძარი დაწვა. ეს ადამიანები ნამდვილად არიან ღვთის წინაშე წმინდანები. ისინი ეწამნენ ქრისტესთვის. უამრავი ასეთი ფაქტია შემონახული, მაგრამ მათზე ცნობები მცირეა. საჭიროა ალბათ უფრო მეტი გამოკვლევა და ღვთის ნებაც და დაშვებაც, რომ მერე ეკლესიის წინაშე დადგეს საკითხი წმინდანად შერაცხვისა.

ღმერთმა ინებოს, რომ მომავალშიც საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიას და ჩვენს ერს მრავალი წმინდანი შეემატოს. მოღვაწეობა ფარული წვაა ქრისტესთვის, რომელიც ხილული თვალით შეიძლება ძნელად ამოსაცნობი იყოს. საქართველო გაბრწყინდებაო, ნაწინასწარმეტყველებია. ამ გაბრწყინებაში სულიერი გაბრწყინება იგულისხმება, ალბათ ის, რომ უკანასკნელ სასტიკ პერიოდში შეიძლება უამრავი მოწამე კიდევ იშვას ჩვენს ერში. ყოველივე ამის საფუძველს გვაძლევს სულიერი აღმავლობა, აღმშენებლობა ეკლესია-მონასტრებისა. ამ მანათობელი ვარსკვლავების გამოჩინება და მათი წმინდანად შერაცხვა შეიძლება ისე მოულოდნელად მოხდეს, რომ გაგვიკვირდეს კიდეც.

ეკლესიის ისტორიაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეშივე წმინდანად აღიარეს. წმინდა ნიკოლოზს სიცოცხლეშივე ისე ევედრებოდნენ, როგორც ხატზე დაწრილს ვევედრებით. თუ ადამიანს გულში რწმენა აქვს და ამა თუ იმ წმინდანში და უბრალო ბერში ხედავს ღვთის ხატებას და მსგავსებას, ის უკვე შენთვის წმინდანია. შეიძლება არ იყოს ეკლესიის მიერ შერაცხული, მაგრამ როგორც წმინდანს და მადლის მქონეს, ისე მიაგებდე პატივს.

უამრავი სასწაულმოქმედი მამა გვყავდა. შეგვეწიოს ყოველი წმინდანი, ღმერთმა ინებოს სიწმინდით გაბრწყინება თითოეული ჩვენგანის სულისა. ადამიანის ცოდვილ სულში როდესაც სინანული იბადება, ეს უკვე დასაწყისია სიწმინდისკენ სვლისა. მონანული ადამიანი, წარსულში რაგინდ დიდი ცოდვების პატრონიც არ უნდა იყოს, უკვე გამარჯვებულია და მის გვერდით უფალი იწყებს ცხოვრებას. ღმერთმა მოგვმადლოს მარხვა სინანულისა და აღდგომა ბრწყინვალე სიხარულისა.
ბეჭდვა
1კ1