"აწყურის თეთრი გიორგის მონასტერში ყოვლისმცოდნე ბერები განმსწავლიდნენ..."
"აწყურის თეთრი გიორგის მონასტერში ყოვლისმცოდნე ბერები განმსწავლიდნენ..."
აწყურის თეთრი გიორგის მონასტრის მრავალჭირნანახ ბერთა ცხოვრებაზე, რომელიც მიზეზთა გამო მხოლოდ ნაწილობრივაა ცნობილი, მომავალში მოგითხრობთ, ამჯერად კი მათი სულიერი შვილის, ჭირისუფლისა და მემატიანის ალავერდელი მიტროპოლიტის, გრიგოლის (ცერცვაძე) შესახებ გვინდა გიამბოთ.

წილად მხვდა ბედნიერება, ბავშვობაში ერთადერთხელ მენახა იგი - მეუფე გრიგოლი, ძველ ბერთა სულით და სურნელით გაჟღენთილი, თვალშისაცემად მადლიანი და შინაგანად მანათობელი მოხუცი. 1989 წელს თავისი ფეხით მობრძანდა პაპასთვის წესის ასაგებად. ასეთ ბერებთან შეხვედრა ადამიანებს, მათ შორის - ბავშვებსაც, არასოდეს ავიწყდებათ - სული თითქოს თავისთავად გრძნობს აუხსნელ სიხარულსა და შვებას...

როგორც აღმოჩნდა, სწორედ მეუფე გრიგოლს დაუწერია ჯვარი დედაჩემის მშობლებისთვის, მანვე გაზარდა ბიძაჩემი, აწყურის თეთრი გიორგის ამჟამინდელი წინამძღვარი, დეკანოზი ალექსი ძამუკაშვილი.

გზა
მიტროპოლიტი გრიგოლი (ერისკაცობაში - გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე) 1910 წლის 18 მაისს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ალექსანდრე და სოფიო ცერცვაძეების კეთილმორწმუნე ოჯახში მოევლინა ქვეყანას.

უცნაური იყო მისი დაბადება: - მეუფე გრიგოლის შობამდე მის მშობლებს ოთხი შვილი გამოსცლიათ ხელიდან. ამით დამწუხრებულ სოფიოს უფლისთვის აღუთქვამს: ოღონდ ჯანმრთელი შვილი მაჩუქე და შენს მსახურად აღვზრდიო...

შეუსმენია ღმერთს მისი ლოცვა და ვაჟი შესძენია, რომლისთვისაც წმინდა დიდმოწამე გიორგის პატივსაცემად გიორგი დაურქმევიათ.

მიუხედავად ღვთისმგმობი დროებისა, მშობლებს აღთქმა არ გაუტეხიათ და სიყრმითვე ღვთისმოშიშებით გაუზრდიათ ვაჟიშვილი.

ეკლესიისა და ლოცვის სიყვარული თანატოლთაგან ყოველთვის გამოარჩევდა გიორგის.

ერთ დღეს კომკავშირელებს სოფლის ეკლესია დაურბევიათ და წმინდა წიგნები ცეცხლისთვის მიუციათ, იქვე მიმალულ ყმაწვილ გიორგის კი გადარჩენილი წიგნები შინ წაუღია და დაუმალავს. იმ ღამითვე დასცემია ოჯახს მილიცია, მაგრამ წიგნები ვერსად უპოვიათ.

როგორც ამბობენ, გიორგი ყრმობიდანვე მშობლების დამხმარე და უსიტყვოდ მორჩილი ყოფილა. სწავლისგან თავისუფალ დროს ძირითადად ნახირში ატარებდა...

მძიმე შრომაში გაიარა მისმა ბავშვობამ და 18 წლისას დედამ გაუმხილა - შენი თავი ღმერთს აღვუთქვიო. გიორგი ერთი წლით აწყურის თეთრი გიორგის მამათა მონასტერს მიაბარეს მორჩილად...

ეს ამბავი 1928 წელს მოხდა, ეკლესიისთვის უმძიმეს დროს, რომლისთვისაც მორჩილი და ბერი კი არა, ღვთის სახელის მხსენებელიც სიკვდილის ღირსი იყო. მაგრამ გიორგი ამან თითქოს გააძლიერა - თანატოლთაგან მოკვეთისა და დაცინვის ფასად დევნილ ბერებთან ყოფნა არჩია...

იმ წლებში თეთრი გიორგის მონასტრის წიაღში გამოცდილი და, როგორც თავად მეუფე გრიგოლი იტყოდა ხოლმე, ყოვლისმცოდნე მამები ცხოვრობდნენ - არქიმანდრიტები: მელქისედეკი (ცელაძე), კირილე (ცინცაძე), ბერი ამბროსი (თუ რაიმე გსმენიათ ამ მამების შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ - ავტ.)...

ჭაბუკი გიორგი მართლაც რომ ნუგეშად მოევლინა დევნილ მოღვაწეებს. მონასტრის მეურნეობაზე ზრუნვა, მხცოვან ბერთა მოვლა-პატრონობა და მომარაგება მას დაევალა.

"თეთრი გიორგის" ხანდაზმული მონაზვნები ძველ მამათა ტრადიციების გამგრძელებელნი იყვნენ. მათი შემწეობით გიორგიმ მალე დაისწავლა მონასტრის ტიპიკონი, გალობა. ძველ მამათა მსგავსად, უამრავი ლოცვა ზეპირად იცოდა.

სწრაფად გაიარა სამორჩილო წელიწადმა, მაგრამ გიორგის ისე შეუყვარდა სათნო ბერები და იქაურობა, აღარ მიატოვა და ჯარში გაწვევამდე რამდენიმე წელს კიდევ დარჩა მათთან.

1933 წელს სამხედრო ბეგრის მოსახდელად თბილისს გაამწესეს, სადაც ორ წელიწადს იმსახურა ცხენების მომვლელად.

ლოცვის დრო რომ მოვიდოდა, განზე გადგებოდა და ბუტბუტით ლოცულობდა, რის გამოც დანარჩენ ჯარისკაცებს ჭკუასუსტი ეგონათ...

ეს დროც წარსულს ჩაბარდა და გიორგი ისევ მონასტერს დაუბრუნდა.

KARIBCHE30-იანი წლები იდგა. წითელი ტერორი მძვინვარებდა. რელიგიური დღესასწაულები სახალხო ღრეობებად იყო ქცეული. ამ აყალმაყალის დაშოშმინებაც მორჩილ გიორგის უწევდა, რომელსაც ბერობა ჯერ კიდევ არ გადაეწყვიტა. ამიტომ, მონასტრის მამათა ლოცვა-კურთხევით, მალე იქორწინა მარიამ მღებრიშვილზე, რომელთანაც 1946 წელს ვაჟიშვილი ალექსი შეეძინა.

1948 წელს, თებერვალში, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) ჯერ დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი მღვდლად.

მისი ცხოვრების ეს პერიოდი არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა. გულგატეხილი მრევლის გამხნევებას და მათი შერყეული რწმენის განმტკიცებას, მონასტრის პატრონობას, ათასობით ადამიანის მონათვლას და მოქცევას, ღვთის შეწევნით, მაინც ახერხებდა.

მამა გიორგი, რომელსაც ხალხმა სიყვარულით "გიორგი მღვდელი" უწოდა, 1954 წლიდან თელავის ღვთაების სახელობის ტაძარში განაწესეს. მიუხედავად ეკლესიისადმი აგდებული დამოკიდებულებისა, მისთვის ზედმეტი არასოდეს შეუბედავთ.

1971 წელს იგი დეკანოზის ხარისხში აღიყვანეს. 1976 წელს გარეჯის უდაბნოში აღიკვეცა ბერად გრიგოლის სახელით, მეორე დღეს კი სიონში ალავერდელ ეპისკოპოსად აკურთხეს.

სიცოცხლის ბოლომდე - 16 წელი მართა ალავერდის ეპარქია მეუფე გრიგოლმა, რომელმაც დევნილი ეკლესიის აღორძინებისთვის სიყვარულით და ღვთისმოშიშებით უშურველად გაიღო ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. შემორჩენილია მისი ხმის ჩანაწერი, სადაც იგი ძველი ბერებისგან ნასწავლ საგალობლებს ასრულებს. სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა საოცარი მეხსიერება - საღვთისმსახურო წიგნთა დიდი ნაწილი ზეპირად იცოდა. გადამდები სულიერება და სიყვარული ჰქონდა.

სწორედ მეუფე გრიგოლმა დაადგა 1977 წელს, აღსაყდრებისას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატრიარქო გვირგვინი.

როგორც გითხარით, განსაკუთრებულად კაცთმოყვარე და სათნო იყო, მაგრამ დედა გამორჩეულად უყვარდა - უკვე მხცოვანი მეუფე გრიგოლი თურმე ხშირად მიდიოდა სოფლის მიტოვებულ სასაფლაოზე და დედისთვის პანაშვიდებს აღავლენდა...

მეუფე 1992 წელს გავიდა წუთისოფლიდან და ალავერდელი მღვდელმთავრების - პეტრეს, პიროსისა და დავითის გვერდით განისვენებს.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ
ბატონ ლუარსაბ ტოგონიძეს

P.S. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისათვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე.
საკონტაქტო ტელეფონებია: 899 93-48-40, 899 54-82-29.
წინასწარ გიხდით მადლობას.
ბეჭდვა
1კ1