დედა ეკლესია ამ აბობოქრებულ ზღვაში არის როგორც ხომალდი, რომელსაც ადამაინები ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავს.
გვესაუბრება ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):
- ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღვთის მადლი შეგეწიოთ, მართლაც მადლის გარეშე შეუძლებელია ამ წუთისოფელში ადამიანმა ატაროს ის ურთულესი ჯვარი, რასაც ადამიანობა და მოყვასის სიყვარული ჰქვია. სწორედ ამ მცნებაზე გადის მთავარი არსი ქრისტიანობისა,- ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ამის გარეშე წუთისოფელი რაც არ უნდა კეთილმოწყობილი და თვალწარმტაცი იყოს, უდაბნოს დაემსგავსება. უფალი სახარებაში სწორედ ამას გვიდებს მთავარ მცნებად, "გიყვარდეთ ღმერთი თქვენი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა". "მოყვასი, ვითარცა თავი თვისი".
სამწუხაროდ, რთულ და განსაცდელებით აღსავსე წუთისოფელში სულ უფრო ჭირს ადამიანთა შორის ამ ძირეულიდან მთავარის, არსობრივი მცნების, მოყვასის სიყვარულის აღსრულება. ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ხშირად ვხედავთ აგრესიის, გულგრილობის, შურის, ბოღმის, გაუტანლობის გამოვლინებას როგორც საზოგადოებრივ, ოჯახურ ურთიერთობებში, ასევე - ქუჩაში, სამსახურში. ისმის კითხვა,-რა არის ამ აგრესიის, გულგრილობის, გულცივობის მიზეზი? ეს კითხვა საკუთარ თავში ყველა ადამიანს აწუხებს და პასუხს ვეძებთ, მაგრამ დღეები გადის და თითქოს მდგომარეობა არ იცვლება.
კაცმა რომ თქვას თითქოს არ გვაქვს რწმენის, სიყვარულის ნაკლებობა... ჩვენს ისტორიაში უამრავი საგმირო თუ გასაოცარი მაგალითებია თვით მტრის სიყვარულისაც კი. ეს ჩვენს გენში, ჩვენს ბუნებაში დევს. ზოგადად სტუმრის, ადამიანის და მითუმეტეს უცხოს სიყვარული, ურთიერთგანტანის, ურთიერთშემწყნარებლობისა და ერთიანობის საოცარი და საარაკო მაგალითებია ჩვენი ერის ისტორიაში და ასე მოგვიტანია თავი დღევანდელ დღემდე, მაგრამ დღეს, 21 საუკუნეში, როდესაც თითქოს ქვეყნიერება, ზოგადად ადამიანური ცხოვრება უფრო იხვეწება, უფრო მაღალ და ჰუმანურ საფეხურზე ადის, რა არის უსიყვარულობის მიზეზი? როდესაც ამ ყველაფერს ვუკვირდებით, ისევ და ისევ დასაწყისში მივდივართ,- რწმენა და სიყვარული, ეს სიტყვები არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ გარეგნობით, წარსულის გადმონაშთით, ზეპირსიტყვიერი ცოდნით. რწმენა და სიყვარული უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების არსი. იგი უნდა გამოვლინდეს, არა მარტო ლოცვის დროს და ტაძარში ყოფნისას, არამედ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში.
სამწუხაროდ ჩვენ ხშირად აქ მოვიკოჭლებთ. ხშირ შემთხვევაში ჩვენი ნიჭი დამარხული, დაკნინებული და ფეხქვეშ არის გათელილი. ნიჭი სიყვარულისა, ერთობისა, მოწყალებისა, სხვისი ტკივილის გაზიარებისა, სხვისი სიხარულის გაზიარებისაც. ალბათ თითოეულმა ჩვენთაგანმა სწორედ სხვა ადამიანის ადგილზე უნდა დააყენოს საკუთარი თავი, სხვისი თვალითაც შეხედოს სამყაროს, სხვისი ტკივილი საკუთარ ტკივილად მიიღოს. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი, რომ მხოლოდ საკუთარი თავით არ ვიცხოვროთ. ხშირად ადამიანის მე, ეგოისტური მე, ბატონობს ჩვენს წარმოდგენებზე, ჩვენს ვნებებზე, ქმედებებზე და ის არის განმსაზღვრელი, რომ მე ვიყო ხელმწიფე, უფროსი და ვიყო კმაყოფილი. ჩემი აზრი, ჩემი სიტყვა გამტანი იყოს. რომაული გამოთქმააა: ადამიანი, ადამიანისთვის მხეცად იქცევა.
ადამიანს ადამიანზე დიდი მტერი არასდროს ყოლია კაცობრიობის ისტორიაში. არადა პირიქით, ადამიანი უნდა იქცეს ადამიანის მოყვასად. ყველამ უნდა გავითავისოთ, თუ ვინ არის ჩვენთვის მოყვასი? ეს კითხვა მაცხოვარმაც დასვა სახარებაში. ყველა ადამიანი მოყვასია. ისიც, ვინც შეურაცხყოფას გვაყენებს, ვისგანაც სიკეთე არ მიგვიღია და თუნდაც წყენაც გვახსოვს, ისიც ჩვენს მოყვარედ უნდა გავხადოთ. ვფიქრობ, ამ რთული ვითარების მიზეზი ჩვენ სულიერ ასპექტში, სულიერ მდგომარეობაში უნდა ვეძებოთ და არა სოციალურში. ხშირად მიზეზად ასახელებენ მძიმე სოციალურ მდგომარეობას, უმუშევრობას, გაჭირვებას... რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის წამახალისებელი ფაქტორი ამ გაღიზიანებისა, შფოთისა, ურთიერთდაუნდობლობისა, რაც სამწუხაროდ სისხლისღვრამდე მიდის. ამაზრზენია ის, რასაც ტელევიზიით ვისმენთ. დღე არ გავა, ცუდი ამბები არ გავიგოთ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ეს არის გაუგონარი სიმახინჯე, დიდი ტკივილი და ჭრილობა ჩვენს ერზე. სირცხვილია, ქართველები ვართ. ქართველისათვის ასეთი ქმედება უდიდესი დამცირება და უდიდესი შეურაცხყოფაა.
ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩვენ მარტო საკუთარ თავს არ ვეკუთვნით და ერთმანეთზე უნდა ვიფიქროთ. სოციალური ფონი კი ამის წამახალისებელია, მიზეზი არის ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ჩვენი ურწმუნოება, სიყვარულის ნაკლებობა, გულგრილობა, გულცივობა. ისტორიულად ქართველ ერს ამაზე დიდი გაჭირვება ჰქონდა და მაშინ გამოავლენდა ხოლმე ურთიერთსიყვარულის და ურთიერთგატანის საოცარ მაგალითებს. დღემდე ამ თავგანწირვამ და ერთობამ მოგვიყვანა. მტრის ტყვიას გადაეფარებოდა ხოლმე და მოყვასს გადაარჩენდა. უდიდეს გაჭირვებაში დედა ცხრა და ათ შვილს ზრდიდა. მტრისთვისაც კი თავგანწირვისა და სიყვარულის მაგალითები გვიჩვენებია.
-მეუფე ეფრემ, დროის ცვალებადობა ადამიანებზე ხომ მოქმედებს?
-მოქმედებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი. ეს წამახალისებელი ფაქტორია. ადამიანები სულიერ სიღარიბეს და სისუსტეს იჩენენ.. სულიერი საყრდენი, რწმენა არ გააჩნიათ და მათთვის მოყვასი ღვთის ხატებად და მსგავსებად აღარ აღიქმება. ადამიანის დაჩაგვრა და შურისძიება არ არის გამოსავალი. პირიქით, დიდი მაშინ ხარ, როცა სხვას ემსახურები. ეს ქრისტეს სიტყვებია. "ყოველივე რაც გინდათ, რომ გიყონ თქვენ კაცთა, ეგრეცა თქვენ უყავთ მათ". სამწუხაროდ ქრისტიანობა ცარიელ თეორიად და სიტყვებად ვაქციეთ. თორემ ის მცნებები, რაც სახარებაში წერია, ეს არის ცხოვრებაში სრულიად პრაქტიკული და განსახორციელებელი. ჩვენ გარეგნულად ვაღიარებთ რომ ვართ ქრისტიანები, მაგრამ ვახორციელებთ ამ მცნებებს ცხოვრებაში? ადამიანებთან მიმართებაში ვიცავთ თუ არა ქრისტეს სიტყვებს?
მიგვაჩნია თუ არა მოყვასად და გვტკივა თუ არა მათი ტკივილი? არის თუ არა ჩვენი ცხოვრების მოწოდება სხვისი მსახურება, სხვისთვის სიკეთის გაკეთება, სხვისი გახარება? როდესაც დავდგებით ამ განსაცდელის, ცდუნების წინაშე, რომ ვიღაცას რაღაც სამაგიერო უნდ გადავუხადოთ ან აგრესია გამოვხატოთ, უნდა დავფიქრდეთ, პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე. ისიც ადამიანია, რომელმაც შეცდომა დაუშვა, გაღიზიანდა და ჩვენს მიმართ არასათანადო სიტყვები წარმოსთქვა, განგვიკითხა და ასე შემდეგ. მამები ამბობენ, რომ ვინც უფრო სულიერია, იმან უნდა გამოავლინოს სიყვარული, მან უნდა დაუთმოს და იტვირთოს მოყვასი ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ სამწუხაროდ სხვა რამ მიგვაჩნია უპირატესობის მოპოვების იარაღად - აგრესია. თუკი ვინმე არის უარყოფითად განწყობილი, იმას არ ვფიქრობთ, იქნებ თავად ვართ ამაში დამნაშავე? იქნებ რა სტკივა ამ ადამიანს?
- მეუფე რამდენიმე სიტყვით გვიამბეთ სოციალურ ქსელებში ჩვენს ჩართულობაზე...
- სამწუხაროდ, სოციალური ქსელები უმართავი და უკონტროლოა. სიტყვა ინტერნეტი ასე ითარგმნება: მსოფლიო აბლაბუდა ქსელი. მან ყველა და ყველაფერი დაიპყრო. ყველა ოჯახში შევიდა, თითოეული ადამიანის შინაგან სამყაროში შევიდა და ჩვენდა შეუმჩნევლად ისეთ დაავადებად იქცა, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია. არადა ეს დაავადებაა და მასზე დამოკიდებული ხდები. მნიშვნელობა არა აქვს რაზე ხარ დამოკიდებული და რა დაგღუპავს. სასმელი იქნება, ნარკოტიკი თუ სხვა რამ მიდრეკილება, მიჯაჭვულობა. ეს XXI საუკუნის პრობლემაა. წინა სააუკუნეების ადამიანებს ფიქრადაც არ მოუვიდოდათ ასეთი რამ, არადა ასეთი ხიბლით, თითქოს სარგებლიანობის შეპარვით შემოვიდა ეს ყველაფერი და ამაზე ადამიანი ცალსახად უარს ვერ ამბობს. აქაც ნებისყოფა და კონტროლია საჭირო. აქაც დაქვემდებარებაა საჭირო, რომ სულიერს, ქრისტიანულს დაექვემდებაროს სოციალური, მიწიერი, მატერიალური მოთხოვნილება თუ საქმიანობა. როდესაც სული ძლიერია და წინ უძღვება ხორცს, ცხოვრებას, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება.
როდესაც პირიქით, ადამიანს სულიერი ცხოვრება ფეხქვეშ აქვს გათელილი და ყველაფერი მის ვნებებზე და პიროვნულ თუ ხორციელ მოთხოვნილებებზეა აწყობილი, აქ უკვე ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა ჯოჯოხეთად იქცევა, იმატებს აგერსია, გაუტანლობა და ფაქტობრივად, ადამიანი ადამიანს სულიერად აღარ უყურებს. ადამიანის სული გაუხეშდა, გულგრილი გახდა, იმიტომ, რომ მიჯაჭვულია ტექნიკურ, ინფორმაციულ სამყაროს და ადამიანს ადამაინი ავიწყდება. სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი ურთიერთობა და მხოლოდ ცივი ეკრანის მეშვეობით ხდება ადამიანებთან კავშირი. ვიღაცა ვიღაცას ესაუბრება კილომეტრების იქით. ეს რაღაც მომენტში მომგებიანია, თითქოს პროგრესია, სამაგიეროდ ცოცხალი ურთიერთობა დაიკარგა. სული სულს ვერ გრძობს, სითბო აღარ გადადის თვალებიდან, სიტყვით, მოფერებით, ნუგეშით. ჩვენს შორის შუამავალი გახდა არა სითბო, სიყვარული და მადლი, არამედ ცივი სამყარო, ეკრანი, ტექნიკა, ტელეფონი. თითქოს განვითარებამ უკან დაგვაბრუნა და მივსდევთ ამ სატყუარა ძაფს და ეს სადამდე მიგვიყვანს, სადამდე გაგრძელდება ეგრეთ წოდებული ადამიანის პროგრესული განვითარება? ეს არ უნდა ხდებოდეს სულიერების ხარჯზე.
მატერია თავისთავად არ არის ბოროტება. მნიშვნელობა აქვს როგორ იყენებ. ღმერთმა შექმნა მატერიაც და გონებაც, ადამიანს ღმერთმა მისცა ახლის შექმნისა და გამოგონების უნარი. ბუნებრივია, ადამიანი განვითარებადი არსებაა, მაგრამ რა - რის ხარჯზე? სულის ხარჯზე არ შეიძლება თუნდაც ტექნიკისა და ცხოვრების განვითარება.
დედა ეკლესია, ამ აბობოქრებულ ზღვაში არის როგორც ხომალდი, ნავსაყუდელი, რომელსაც ადამაინები ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაყავს. ჩვენ იქ უნდა შევიდეთ, იქ დავუგდოთ ხმა, რისკენ მოგვიწოდებს უფალი. უფალი გვეუბნება: "მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". შევეცადოთ ყველა ადამიანში მოყვასი დავინახოთ. ადამიანმა ლოცვა უნდა თქვას, გული რომ გაუთბეს და გაიაზროს ვინ არის ამ სამყაროში. რა უნდა აკეთოს იმ დღეს, მისი მოწოდებაა, სიტყვით მაინც გასცეს სიკეთე. მადლი, სითბო გამოვიდეს მისგან და მისი დანახვა ადამიანებს კი არ სძულდეს, პირიქით უხაროდეთ. თითოეული ადამიანი ასე რომ ფიქრობდეს, ორი წუთით, დილით დაფიქრდეს საკუთარ თავზე. ჩემთვის მორიგი დღე იწყება და მოდი ეს დღე ჩემთვისაც და სხვებისთვისაც იყოს სითბოსა და სიყვარულის მომტანი და დაე, ვაპატიო სხვას.
რაც არ უნდა განსაცდელი შემემთხვეს, თავს მაქსიმალურად შევიკავებ. უფალო, მომეცი ძალა შენდობისა, მიტევებისა, სიყვარულისა. ეს ვთხოვოთ ყველამ. დაე ყველას ცხოვრებაში ყოველი დღე ასე იწყებოდეს. ვიმოძრაოთ ერთმანეთისკენ, არა ერთმანეთის საპირისპიროდ, არამედ ერთმანეთისკენ. ჩვენ დავინახავთ როგორი ბედნიერი და სამოთხისებრი გახდება ჩვენი ცხოვრება და ჩვენს ირგვლივაც ადამიანები ბედნიერები იქნებიან. ვფიქრობ, რომ დაუძლეველი არაფერია. ჩვენ ქართველებს გვაქვს ამის გამოცდილება, ამის ნიჭი. უბრალოდ ცოტა შემობრუნებაა საჭირო. ცოტა დაფიქრება და სინანულია საჭირო, რომ ვისაც გული ატკინე დაე, საღამოს გვეყოს იმის ძალა, რომ შენდობა ვთხოვოთ. საკუთარ თავში მაინც შევინანოთ.
ღმერთმა მოგვცეს ძალა სიყვარულისა, მიტევებისა. ღმერთმა გაგახაროთ და მრავალ ბედნიერ დღესასწაულს დაგასწროთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი