მღვდელმთავართა შესამოსელი
მღვდელმთავართა შესამოსელი
"ძველი აღთქმის" მიხედვით, სინას მთაზე ასულ მოსე წინასწარმეტყველს ღმერთი აძლევს კანონებს და ავალებს მოძრავი ტაძრის აგებას. ამას გარდა ავალებს: "აიყვანე შენთან შენი ძმა არონი და მისი ძენი მასთან ერთად, რომ ის იყოს ჩემს მღვდლად". ღვთის ბრძანებით, მათ უნდა აღესრულებინათ ღვთისმსახურება და მღვდელმოქმედებაც. ღმერთმა მოსეს ისიც აუწყა, თუ როგორი შესამოსლით უნდა შემოსილიყვნენ ღვთისმსახურნი ღვთისმსახურების დროს. მოსე წინასწარმეტყველმა აღასრულა ყოველივე: აკურთხა არონი და მისი ძენი ღვთისმსახურებად და განბანა ისინი ნიშნად იმ სისუფთავისა და სიწმინდისა, რომელიც მოეთხოვებოდათ მათ, როგორც ღვთისმსახურთ. განბანის შემდეგ მოსემ სამღვდელო შესამოსლით შემოსა ჯერ არონი, შემდეგ კი მისი ძენი. ე.ი. სამღვდელო შესამოსელი ძველი აღთქმის პერიოდშიც არსებობდა...

ძველი აღთქმის დროს მღვდელმთავარი იმოსებოდა შემდეგი შესამოსლით: საწვივე სელისა, გრძელი სამოსელი, სარტყელი, ფარშმანგი, ეპენდიში (პალიო), სამხრე, საკითხავი სასჯელისა.

საწვივე სელისა - ფარავდა ღვთისმსახურის სიშიშვლეს მუხლისთავებამდე. ეს შესამოსელი ნიშნავდა განსაკუთრებულ მორცხვობას და მოკრძალებას, რომლითაც უნდა ყოფილიყო შემკული ღვთისმსახური.

გრძელი სამოსელი ანუ კვართი - იყო კაბის მსგავსი, თეთრი, ვიწრო.

ფარშმანგი - ეწოდებოდა თავსახვევს, რომელიც ეკეთათ ღვთისმსახურთ, მაგრამ მღვდელმთავრის თავსახვევს წინა მხრიდან მიმაგრებული ჰქონდა ოქროს ფირფიტა წარწერით - "სიწმინდე უფლისა".

ეპენდიში - იყო ზემოთა ტანსაცმელი, ცისფერი, რომელსაც ამოჭრილი ჰქონდა თავის გასაყოფი ადგილი. ბოლოში მიმაგრებული იყო ოქროს ეჟვნები, რომლებიც ჟღარუნით ატყობინებდა ადამიანებს მღვდელმთავრის მოძრაობას ლოცვის ჟამს (ეს შესამოსელი ქართულ დაბადებაში ნათარგმნია, როგორც შესასხმელი ფერხთა, ანუ ხამლები - ფეხსაცმელები, თუმცა რატომ გაიპარა ეს შეცდომა, უცნობია, მით უფრო, რომ სიტყვას "ხამლი" ქართულად ერთადერთი მნიშვნელობა აქვს - ფეხსაცმელი. ებრაელთა მღვდელმთავარი კი ღვთისმსახურებას ფეხშიშველი ასრულებდა).

სამხრე - მოლურჯო ფერის მატყლით იყო ნაქსოვი. იგი ფარავდა გულმკერდს. სამხრეს იღლიების ქვეშ გაიტარებდნენ და ბეჭებზე ოქროს ღილებით იმაგრებდნენ, რომლებშიც ჩასმული იყო ექვს-ექვსი ქვა მათზე ამოკვეთილი ისრაელის თორმეტი ტომის სახელით.

საკითხავი სასჯელისა - იყო 12 ძვირფასი ქვით შემკული ქსოვილი. იგი მღვდელმთავარს ეკიდა გულზე. მასზე დაწერილი სიტყვები - საცხადიო და ჭეშმარიტება აღნიშნავდნენ იმ განცხადების სიცხადეს და ჭეშმარიტებას, რომელსაც სამხრით და სასჯელის საკითხავით შემოსილი ღვთისმსახური იღებდა.

მღვდელმთავრის სამოსელი აღნიშნავდა მის დიდებას და უმაღლეს ღირსებას.

ცხადია, სულ სხვაგვარია ახალი აღთქმის მღვდელმთავარ-ეპისკოპოსის შესამოსელი. ღვთისმსახურების აღსრულებისას ეპისკოპოსი იმოსება სტიქარით, სამკლავეებით, ოლარით, სარტყლით, ენქერით, ბისონით, დიდი და მცირე ომოფორით, მანტიით, ჯვრით, პანაღიით, მიტრით და კვერთხით.

სტიქარი - არის გრძელი, ფართოსახელოებიანი სამოსი, იგი სიმბოლოა სულის სიწმინდისა, რაც ყველა ღვთისმსახურს უნდა ჰქონდეს.

სამკლავეები - იკეთებენ მაჯებზე. მიგვანიშნებს მღვდელმსახურთა ხელთა ძლიერებაზე, ასევე ნიშნავს შესაკრავს, რომლითაც შეკრული იყო მაცხოვრის ხელები მისი ვნების დროს.

ოლარი - არის გულზე ჩამოსაცმელი გრძელი და ვიწრო, ოქრომკედით ნაქარგი ქსოვილი. სიმბოლურად აღნიშნავს სამღვდელო მადლს.

სარტყელი - სამღვდელმთავრო და მღვდლის შესამოსელი, მოგრძო წითელი ბაფთი, რომელიც წელზე არტყიათ სტიქარის ზემოდან. იგი გამოხატავს ღვთისმსახურებისთვის მზადყოფნას, ამასთანავე, მიანიშნებს ღვთის ძალაზე, რომელიც ღვთისმსახურთ მსახურების დროს შეეწევა, სიმბოლურად აღნიშნავს იმ პირსახოცს, რომელიც წელზე შემოირტყა მაცხოვარმა საიდუმლო სერობის წინ, თავისი მოწაფეების ფეხთბანისას.

ენქერი - არის ფორმით ოთხკუთხა, გვერდზე ჩამოსაკიდი სამღვდელმთავრო სამკაული; მასზე გამოსახულია ჯვარი. სიმბოლურად ენქერი ნიშნავს მაცდურზე - ეშმაკზე გამარჯვებას. ამასთანავე აღნიშნავს სულიერ მახვილს, ესე იგი, ღვთის სიტყვას, რომლითაც ღვთისმსახური ურწმუნოებასა და უსჯულოებას ებრძვის. ენქერი ცალი ყურითაა ჩამოკიდებული ზონარზე. ეპისკოპოსი მას მარჯვენა გვერდზე ატარებს.

ბისონი - არის ეპისკოპოსის ზედა სამოსი, რომლის ქვემოთაც მოჩანს ეპისკოპოსის სტიქარიცა და ოლარიც. სიმბოლურად აღნიშნავს იმ სამოსელს, რომლითაც იესო შემოსეს განსჯის დროს.

დიდი და მცირე ომოფორი - გრძელი, ფართო ჯვრებით მორთული ლენტია. მისი ერთი ბოლო წინ არის ჩამოშვებული, მეორე კი - უკან. მას ეპისკოპოსი მოიდებს მხრებზე და დადგება სავედრებლად და შუამდგომლად ღმერთსა და ადამიანებს შორის. ომოფორით შემოსილი ეპისკოპოსი სიმბოლურად განასახიერებს იესო ქრისტეს, რომელმაც იტვირთა ადამიანთა ცოდვებისაგან გამოხსნა; ომოფორი მას შეახსენებს, რომ ისევე უნდა ზრუნავდეს გზააბნეული შვილების, სამწყსოს წევრების გადასარჩენად, როგორც სახარებისეული მწყემსი, რომელიც დაკარგულ კრავს პოულობს და მხრებზე შესმული მიჰყავს შინ.

მანტია - არის ეპისკოპოსის მხრებზე ჩამოსადები შესამოსელი. მისი ბოლო საკმაოდ გრძელია, ამიტომ როდესაც ეპისკოპოსი ტაძარში დადის, იგი სტიქაროსანს უჭირავს ხელში. მანტია ეპისკოპოსის სადღესასწაულო შესამოსელია.

მიტრა - არის მღვდელმთავართა თავსაბურავი ღვთისმსახურების ჟამს. იგი სიმბოლოა უხრწნელი გვირგვინისა, რომელიც მოელის ადამიანს ცათა სასუფეველში.

პანაღია - არის მაცხოვრის ან ღვთისმშობლის ძვირფასი ქვებით მორთული გამოსახულება. მას ეპისკოპოსი გულზე დაკიდებულს ატარებს, რაც სიმბოლოა წმინდა გულისა და წრფელი სულისა.

ჯვარი მღვდელმთავრისა სიმბოლოა თავის უარყოფისა და ღვთისადმი თავის მიძღვნისა.

მსახურების დროს ეპისკოპოსს ხელთ უპყრია კვერთხი, როგორც უმაღლეს საეკლესიო ხელისუფალს, ნიშნად ღვთის ძლიერებისა და სამწყსოს კეთილად მართვისა.

ეპისკოპოსის საშინაო სამოსია ჩოხა - გრძელი, კაბასავით შეკერილი შესამოსელი და ანაფორა - გრძელი, ჩოხის ზემოდან ჩასაცმელი. გულზე ჰკიდია ჯვარი და პანაღია.
ბეჭდვა
1კ1