ღმერთმა აღმასრულებინოს ეს კურთხევა
ღმერთმა აღმასრულებინოს ეს კურთხევა
1996 წლის 14 მარტს წმინდა სინოდმა თბილისის მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ელისე, ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად გამოარჩია.

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ელისე (ერისკაცობაში - ელდარ ჯოხაძე), წარმოშობით რაჭიდან არის. მისი ფესვები ონის რაიონის სოფელ შქმერიდან მოდის.

- მეუფე ელისე, რას გაიხსენებთ საერო ცხოვრებიდან, რაც დღემდე დაგრჩათ გულში?

- ერთხელ, ერისკაცობაში, სიონის საკათედრო ტაძარში მივედი სალოცავად. იქ ერთ-ერთ მოძღვარს გამოველაპარაკე და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამყოფელი ვიკითხე. ეს მოძღვარი თავად პატრიარქი ეფრემ მეორე აღმოჩნდა. მან დამლოცა და დამმოძღვრა. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა სასულიერო პირთან. კიდევ, გამორჩევით მახსოვს საკუთარი ნათლობა. სკოლის მოწაფე ვიყავი, როცა სიონის ტაძარში მოვინათლე. ნათლობის საიდუმლო პროტოპრესვიტერმა პახუმმა (ობოლაძემ) შეასრულა.

- ვიდრე ეპისკოპოსი გახდებოდით, რა გზა გამოიარეთ?

- 1951 წლიდან ჩემი ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. სკოლაც აქ დავამთავრე და სწავლა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე განვაგრძე. ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას. უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 1980 წლიდან საპატრიარქოს მშენებლობისა და რესტავრაციის განყოფილების ინჟინრად დამნიშნეს. პარალელურად ვმონაწილეობდი სიონის, დიდუბის, მარტყოფისა და მანგლისის საპატრიარქო რეზიდენციის რესტავრაციასა და მშენებლობაში, შემდეგ ვიყავი ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მნათე. რამდენიმე წლის მერე სიონის ტაძარში უწმინდესმა დიაკვნად მაკურთხა და სახელად ელისე დამარქვა.

მღვდელმსახურება დავიწყე წალკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, მერე კი მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. მღვდლობის 13 წლის განმავლობაში ღვთისმსახურება აღვასრულე ნიკორწმინდის, გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, სვეტიცხოვლის, ანანურის, დიდუბის, თბილისის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის, ანჩისხატისა და მეტეხის ეკლესიებში. ნიკორწმინდაში მსახურების დროს მომანიჭეს ოქროს ჯვრის ტარების უფლება. ეპისკოპოსად გამორჩევამდე კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი გახლდით. ამჟამად საპატრიარქოს საეკლესიო სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილებას ვხელმძღვანელობ.

- ვინ მიიღო თქვენს ეპისკოპოსად ხელდასხმაში მონაწილეობა?

- სვეტიცხოველში მაკურთხეს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, ცხრა ქართველმა მღვდელმთავარმა და ილომეთისა და ბრნოს მიტროპოლიტმა (სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის წარმომადგენელმა) ქრისტეფორემ.

- მეუფე ელისე, თქვენს ეპარქიაში სულ რამდენი მოქმედი ეკლესია-მონასტერია?

- ამჟამად ნიკორწმინდის ეპარქიაში 17 მოქმედი ეკლესიაა: ნიკორწმინდის, ამბროლაურის მირქმის, ბარაკონის ღვთისმშობლის, ონის მთავარანგელოზის, ჭიორის წმინდა გიორგის, ჭრებალოს წმინდა ნიკოლოზის, ჭელიშის წმინდა მღვდელმთავარ ამბროსის, ხოტევის მთავარანგელოზის და სხვები. ღვთისმსახურება პერიოდულად აღესრულება შვიდ (ფუტიეთის სამების, ქვემო კრიხის, ტბეთის, სორის წმინდა გიორგის, ქვედის წმინდა სამების, ცხმორის წმინდა გიორგის) ტაძარში. მშენებლობისა და აღდგენის პროცესშია თორმეტი ეკლესია. ახლო მომავალში კი შესაძლოა გაიხსნას მამათა და დედათა მონასტრები.

როცა მღვდელმთავრის კვერთხი ჩამაბარეს, ასეთი კურთხევა მომეცა: "მიიღე კვერთხი ესე, რათა დამწყსო რწმუნებული შენდა სამწყსო ქრისტესი. რომელსა რწმენეს შენი, იყავნ მათ ზედა კვერთხი და სიმტკიცე და რომელსა არა რწმენეს შენი და უდებ იქმნეს, მიაქციე მას ზედა საგვემელად კვერთხი ესე შენი სატანჯველად მისსა". ღმერთმა აღმასრულებინოს ეს კურთხევა.

დამდეგ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ვულოცავ სრულიად საქართველოს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!
ბეჭდვა
1კ1