წმინდა გიორგის სიყვარულმა გააკეთებინა ჩვენს ხალხს შეუძლებელი
წმინდა გიორგის სიყვარულმა გააკეთებინა ჩვენს ხალხს შეუძლებელი
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი) - წმინდა გიორგობა

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

დღეს მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად ვდღესასწაულობთ ქრისტეს მოწამეთა შორის მანათობელი ვარსკვლავის, ზეციურ ანგელოზთა შორის გაბრწყინვებულისა და კაცთა შორის ქებულის - ქრისტეს დიდი მოწამის, წმიდა გიორგის ხსენებას. კურთხეულია ეს დღე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, მაგრამ იგი განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი მაინც ჩვენთვისაა - იმ ქვეყნის მკვიდრთათვის, რომელსაც წმინდა გიორგის დიდი სიყვარულის გამო "გეორგიას" უწოდებენ უცხოელნი. დიახ, ძმანო, წმიდა გიორგობა ჩვენი ეროვნული დღესასწაულია, ჩვენი ერისა და ეკლესიის ზეიმიცაა.

დაილოცოს განგება ღვთისა, ვინ ჩასწვდება მის სიღრმესა და სიდიადეს. წმინდა გიორგი ჩვენმა ხალხმა რომ ასე დიდად შეიყვარა, არ მოხდა მარტო ჩვენი ნებით და შემთხვევით. ეს მოხდა ღვთის განგებითა და ლოცვა-კურთხევით. ჩვენს ერს არც სხვა დიდი წმინდანისათვის დაუკლია სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ წმინდა გიორგისადმი მაინც გამორჩეული სიყვარული და ერთგულება გამოიჩინა. საქართველოში არც ერთი წმიდანის სახელზე არ აუგიათ იმდენი ეკლესია-მონასტერი, რამდენიც წმინდა გიორგისათვის. არც ერთ ქვეყანაში არ აღნიშნავენ წმინდა გიორგობას ისე მრავლად, როგორც საქართველოში. რით უნდა აიხსნას ეს გარემოება, ძმანო? რატომ შეიყვარა და შეითვისა უცხო ტომის წმინდანი ასე ძლიერ ჩვენმა ხალხმა? იმიტომ, რომ ჩვენს ერს, ჩვენს კურთხეულ ქვეყანას, ღვთისგან გამორჩეულს, მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე გზით უნდა ევლო. ქრისტეს გზით მიმავალ ჩვენს ქვეყანას უამრავი ბრძოლა და განსაცდელი უნდა გადაეტანა და მხოლოდ მათი ღირსებით დათმენის შემდეგ ელოდა გამართლება და ღმერთთან ამაღლება. ქართველ ხალხს ამ უმძიმესი ჯვრის ზიდვა მარტოს გაუძნელდებოდა. მხოლოდ საკუთარი ძალებით ქართველობა ვერ გაუმკლავდებოდა იმ ურიცხვ მტერს, დღენიადაგ რომ ეხვია გარს. ეს იცოდა ყოვლისმცოდნე უფალმა ღმერთმა და ამიტომ დაბადა ჩვენს ხალხში უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ისეთი ძლევამოსილი და საკვირველთმოქმედი მოწამისა, როგორიც იყო წმიდა დიდმოწამე გიორგი - წმინდანი მებრძოლი და გმირი. სწორედ ასეთი წმინდანი და მეოხი ესაჭიროებოდა ჩვენს ხალხს, თავად მებრძოლსა და მეომარს. წმიდა გიორგის სიყვარულმა განაძლიერა ჩვენი ერი უსჯულო მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად; წმინდა გიორგის სიყვარულმა გააკეთებინა ჩვენს ხალხს შეუძლებელი - გადაირჩინა თავისი თავი და დამოუკიდებლობა. წმინდა დიდმოწამე გიორგის მიმართავდა განსაცდელის ჟამს დიდი და პატარა, ერი და ბერი და წმინდანიც არ აკლებდა მეოხებას თავის რჩეულ შვილებს. წმინდა გიორგის შემწეობით მოხდა ქართველთა ყველა დიდი გამარჯვება ბოროტ ძალებზე. წმინდა გიორგის მეოხებით უნდა მოხდეს მომავალში ჩვენი ხსნაც.

ამიტომ, საყვარელო ძმანო, მოვედით და შევთხოვოთ დიდებულ წმიდანს: ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე შენგან შეყვარებულ ქრისტე მაცხოვარს, რომ დაიფაროს და დაიცვას ერი და ეკლესია ჩვენი ბოროტისა და განსაცდელისაგან; განაძლიეროს და განამტკიცოს მართალი სარწმუნოება ჩვენში, რომ სარწმუნოებით განმტკიცებულნი და გაძლიერებულნი ღირსნი გავხდეთ მართალთა თანა დამკვიდრების, ქებისა და გალობისა ყოვლად პატიოსნისა, სახელითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

1982 წ. სამთავრო

ბეჭდვა
1კ1