განკითხვა, მხილება და განსჯა
განკითხვა, მხილება და განსჯა
რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე
ხშირად გვეკითხებიან, რა განსხვავებაა განკითხვასა და მხილებას შორის და რა არის განსჯა. რას ამბობს უფალი: ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ (მთ 7, 1-2). ხოლო რაც შეეხება მხილებას, სახარება გვასწავლის: უკეთუ ძმა შენი შესცოდავს, უნდა ამხილო; თუ არ შეისმენს, მაშინ მისი მხილება ორის ან სამის თანდასწრებით უნდა მოხდეს. თუ ამ შემთხვევაშიც არ ისმინა, მაშინ მხილება მოძღვრისა და ეკლესიის წინაშეა საჭირო, ხოლო უკეთუ ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ იყოს იგი ვითარცა წარმართი (მთ 18, 15-17). განსჯა კი, როგორც წმინდა მამები ამბობენ, სათნოებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია. ხშირად მორწმუნემ არ იცის, როგორ განასხვავოს განკითხვა, მხილება და განსჯა ერთმანეთისაგან და განკითხვას მხილებას ან განსჯას უწოდებს, მაშინ როცა განკითხვა და მხილება ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. უპირველესად, განკითხვა გამორიცხავს სიყვარულს, იგი უსიყვარულოდ, თავის თავზე დიდი წარმოდგენის შედეგად ნათქვამი სიტყვაა. უსიყვარულოდ ნათქვამი სიტყვა კი ლოგიკურად იწვევს პიროვნების დამცირებას საკუთარი თავისა და სხვების წინაშე. ხდება მისი პიროვნების გაიგივება რაიმე კონკრეტულ საქმესთან, აბსოლუტიზაცია ცოდვისა და შეცდომისა, განვრცობა ცოდვისა მთელ პიროვნებაზე და დაჩრდილვა მისი სხვა კეთილი თვისებებისა. მხილება კი, უწინარესად, გულისხმობს სიყვარულს იმ პიროვნებისა, რომელსაც ამხელენ. მხილების მიზანი მოყვასის შეცდომიდან გამოყვანა და მისი სულიერი გადარჩენისათვის ზრუნვაა.

ჩვენ შეგვიძლია მხილების თვალსაჩინო მაგალითი წმინდა წერილიდან მოვიყვანოთ, კერძოდ, გავიხსენოთ როგორ მოიქცა ნათან წინასწარმეტყველი, როცა მას დავით მეფის მხილება სურდა. იგი წინასწარმეტყველთან როგორც წინასწარმეტყველი, ხოლო მეფესთან როგორც ერისკაცი მივიდა და უამბო იგავი, თუ როგორ წაართვა მდიდარმა კაცმა ღარიბს ერთადერთი საყვარელი ბატკანი, რომელსაც იგი შვილივით ზრდიდა და სტუმარს დაუკლა. როცა განრისხებულმა მეფემ ბრძანა, სიკვდილის ღირსიაო ამის ჩამდენიო, ნათანმა მხოლოდ მაშინ გაუმხილა, რომ მდიდარი კაცი, რომელმაც ღარიბის ერთადერთი ბატკანი უცხო სტუმარს - ბოროტ გულისთქმას დაუკლა, თვითონ იგი იყო, ვინც ურია ხეთელს წაართვა ერთადერთი სიმდიდრე - ლამაზი ცოლი. ასე გამოატანინა ბრძენმა წინასწარმეტყველმა მეფე დავითს განაჩენი საკუთარი თავისათვის, ამგვარ მხილებას ნაყოფიც მოჰყვა - სინანული. აი, ასე შეიძლება განვასხვავოთ განკითხვა მხილებისაგან. ჩვენი მხილება კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად სამართლიანია, უსიყვარულობისა და სულმოკლეობის გამო განკითხვის ხასიათს ატარებს. როცა დანაშაულს ვამხელთ, სიმართლეს კი ვამბობთ, მაგრამ ამ სიმართლეში გამორიცხული რჩება ადამიანის ხსნა და მისი გამოყვანის სურვილი შეცდომიდან. უსიყვარულო მხილება კი კეთილ ნაყოფს არასოდეს გამოიღებს, რადგან ამ დროს ადამიანის სხვა მრავალი ღირსება სრულიად უგულებელყოფილი და დავიწყებულია. ამიტომ, ვიდრე მოყვასს ვამხელდეთ, ჯერ ღვთის წინაშე უნდა ვილოცოთ, დავმშვიდდეთ, სათქმელი გავიაზროთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვთქვათ სიტყვა. მიზანი კი ამ დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის ხსნა უნდა იყოს და არა მისი დამცირება. ასე რომ, ჭეშმარიტი მხილება ჩვენგან მოთმინებას, სულგრძელობასა და სიყვარულს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იმ მცირე სიმართლესაც დავკარგავთ, რომელიც გვქონდა და საქმე მხილებასთან კი არა, განკითხვასთან გვექნება, რასაც აუცილებლად უარესი შედეგი მოჰყვება, კერძოდ, სიძულვილი დაითესება, რომლის ნაყოფსაც ჩვენ მოვიმკით და ნაცვლად ერთობისა მოყვასს კიდევ უფრო დავშორდებით.

ყოველივე ამის მიზეზი ისევ ჩვენ ვართ, რადგანაც არ გვაქვს სათნოებათაგან უდიდესი - სულიერი განსჯა. პავლე მოციქული ამბობს: ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვსო (თავის თავს, მოციქულებსა და კეთილმორწმუნე ქრისტიანებს გულისხმობს). გონება ქრისტესი სწორედ სულიერ განსჯას ნიშნავს და მისი შეძენა გამოცდილებით, ლოცვით, მარხვითა და სულიერი აზროვნებით შეიძლება. ადამიანს ამ გამოცდილების შეძენა წმინდა მამების ნააზრევის და მათი ცხოვრების შესწავლით შეუძლია. როდესაც ადამიანი სულიერი განსჯის გამოცდილებას შეიძენს, მაშინ იგი ქრისტიანობის სწორ ფორმასაც იპოვის და განკითხვისგანაც დაცული იქნება. აქედან ჩანს, რომ მიზეზი განკითხვისა ჩვენი სულიერი სიზარმაცეა; ჩვენ ყველა მოვლენისა და მოქმედების სულიერი განსჯა გვეზარება და მექანიკურად, ზედაპირულად ვმსჯელობთ და ვმეტყველებთ. გამოცდილების შეძენა მაშინ ხდება, რაჟამს განსაცდელს რწმენით დავძლევთ. უფალი კი თითოეულ ჩვენგანს საკმაო განსაცდელს უგზავნის საკუთარი თავის უკეთ დასანახად. ეს განსაცდელნი იმიტომ გვეგზავნება, რომ საქმეს პირველ რიგში ჩვენი თავის გამოსწორებით უნდა შევუდგეთ, საკუთარ თავზე მუშაობით, საკუთარი ცოდვების განცდითა და მათი დაძლევით ჩვენ ვიძენთ გამოცდილებას სულიერი განსჯისა, რომელიც გვახვედრებს როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მხილება და განკითხვას თავიდან ვიცილებთ. თუ ჩვენ თავს ვპატიობთ, მაშინ სხვასაც ვაპატიებთ, ხოლო თუ საკუთარი თავის მიმართ მკაცრნი ვართ, მაშინ გვესმის სხვას რამდენად უჭირს და უფრო კაცთმოყვარენი, მოწყალენი და შემწყნარებელნი ვხდებით. ამიტომაც გვეუბნება მოციქული: სხვისი ტვირთი მან იტვირთოს, ვინც თქვენს შორის ძლიერი, განსწავლული და გამოცდილიაო. ჩვენ შეიძლება მრავალი მაგალითი ვიცოდეთ წმინდანთა ცხოვრებიდან, მაგრამ საკუთარი ცოდვების განცდისა და მისგან მიღებული გამოცდილების გარეშე გონებას ქრისტესას ვერ შევიძენთ და განკითხვას თავს ვერასოდეს დავაღწევთ. ამიტომ, როცა ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ, უპირველესად საკუთარი თვალიდან დირე უნდა ამოვიღოთ. ეს ყოველმა ჩვენგანმა იცის, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ასრულებს, რის გამოც ვისჯებით და მომავალშიც დავისჯებით. ეს მოვლენა მხოლოდ პიროვნული როდია, იგი პიროვნებაში იწყება, და ოჯახზე, საზოგადოებასა და მერე მთელ ერზე ვრცელდება.

ასე რომ, უკეთუ სულიერად არ განვისწავლებით, განკითხვის სულისაგან ვერასოდეს განვთავისუფლდებით და შურიცა და ღვარძლიც მუდამ იქნება ჩვენს შორის, რაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ მწარე ნაყოფსაც გამოიღებს. ბევრმა შეიძლება თავი თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპით იმართლოს, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა, მაგრამ ვფიქრობ, ეს სწრაფი ტემპიც ცხოვრებისადმი ჩვენი არასწორი დამოკიდებულებითაა გამოწვეული. უფალი გვეუბნება: ნუ ზრუნავ ხვალისათვის, რადგანაც ყოველ დღეს თავისი სიბოროტე ეყოფა. ჩვენ ეს შეგონება დავიწყებული გვაქვს. დღეს არაფერი გაგვიკეთებია კეთილი და უკვე ხვალინდელი დღისათვის ვზრუნავთ და მის შექმნას დღეს ვცდილობთ. ამიტომაც ჩვენ რეალობის ნაცვლად წარმოდგენების სამყაროში ვვარდებით და რადგანაც იმაზე ვზრუნავთ, რასაც საფუძველი არა აქვს, ხელოვნურად ვქმნით საფუძველს, რის გამოც იწყება ცხოვრების ტემპის აჩქარება; რაც არ მომწიფებულა, დღეს გვინდა მოვიწიოთ, და რაც მოწეულია, იმის აღებისათვის არ გვცალია, იმიტომ რომ უკვე ხვალინდელზე ვზრუნავთ და წლების გასაკეთებელი საქმის ერთ დღეში მოსწრებას ვცდილობთ. ამ მხრივ გარეგნულად თითქოს დასავლეთში უკეთესადაა საქმე, რადგანაც ეკონომიკურად იქ მეტს აკეთებენ და ასწრებენ, მაგრამ იქ უხილავად ირღვევა ადამიანი, როგორც პიროვნება და ოჯახი, ხოლო სადაც პიროვნება და ოჯახი ირღვევა, იქ სახელმწიფოსაც რღვევა ელის. ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატება მხოლოდ მაშინ იქნება მყარი, თუ მას მყარი ზნეობრივი საფუძველი ექნება. მაშასადამე, არასწორი დამოკიდებულებით ცხოვრების ტემპს ჩვენ თვითონ ვაჩქარებთ და მერე ვწუწუნებთ, რომ დრო აღარ გვრჩება საკუთარ თავში ჩასახედად და მის შესაცნობად. ამის მიზეზი შურიცაა, რადგანაც ჩვენ ერთმანეთს მატერიალური სიმდიდრისა და ამქვეყნიური დიდების მოხვეჭაში ვეჯიბრებით.

მსოფლიო მასშტაბით ეს პროცესი ალბათ შეუქცევადია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცალკეულ პიროვნებას არ შეუძლია შეცვალოს თავისი ცხოვრების რიტმი და გამოცდილებითა და განსწავლით სულიერი განსჯა ანუ გონება ქრისტესი არ შეიძინოს. საფუძველი ამისა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულია. ვისაც არა აქვს სიყვარული ქრისტესი, ის სულიერ ცხოვრებაში წარმატებებს ვერასოდეს მიაღწევს, ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს თავში უნდა მოვიძიოთ, გვაქვს თუ არა სიყვარული ქრისტესი, რომელიც ყოველგვარი ცოდვისა და მათ შორის განკითხვის ცოდვისაგანაც თავის დაღწევის საწინდარია, რამდენადაც ქრისტეს სიყვარული უცილობლად გულისხმობს მოყვასის სიყვარულსაც.
გაზეთი "მადლი", 4(70), 1993 წ.

"უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე"
წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე
"უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე", - ამბობს წინასწარმეტყველი დავითი ფსალმუნში. ეს სიტყვები, ფსალმუნთ მგალობელისა, მინდა გავიმეორო მეც, რადგანაც ვიცი, რომ ვერ გავექცევი საშინელ სამსჯავროს ზეციურ ანგელოზთა და ძალთა მიერ შემდგარს, რომელზედაც განცხადდება ყოველგვარი ცოდვანი და ქვეყნიური სისუსტენი ჩვენნი.

ჰოი, მოწყალეო ღმერთო! ვიცი, რომ ცოდვანი ჩემნი პატიებას შენსას აღემატება, მე ხომ ყველაზე მეტად განგარისხე შენ და უმეტესად ცოდვებში გავატარე ცხოვრება ჩემი. მეზვერეზე მეტად შევაგინე სული და ქანანელზე უფრო დავიმძიმე სხეული. ამიტომ შემცდარი და დაცემული გიღაღადებ, უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი. მე, რომელმაც შენი წმინდა სახელი განვარისხე, რომელმაც სული შენგან მოცემული შევაწუხე და მცნებანი არ აღვასრულე, ნიჭი და სიმდიდრე შენი მოვიძულე.

ყოველი მონაგები ჩემი ცოდვებში დავხარჯე. სული, შენს ხატად შექმნილი, შევაგინე, გვამი კი - სამკვიდრებელი სულისა, ათასგვარი უკეთურებით დავისახიჩრე. წლები და დღენი შენს სადიდებლად რომ მომეც, ცოდვებში განვლიე. პირი, შენ რომ განმინათლე - ვარცხვინე, ბაგენი ჩემნი, შენ რომ განსწმიდნე, უკეთურებით შევაგინე. თვალნი ჩემნი, ღვთიური ნათლით რომ განმინათლე, ცოდვით დავაბნელე. ვიცი, უფალო და არ უარვყოფ, რომ მომიწევს საშინელ სამსჯავროზე წარდგომა და მხილება. ვიცი, უფალო, რომ მას ვერსად გავექცევი, რადგან სინდისს საკუთარს ვერ დავემალები. ამიტომ, ვიდრე დაჰკრავდეს განკითხვის ჟამი, ვიდრე ზეციური ანგელოზის ხმა აუწყებდეს ქვეყანის მკვიდრთ უზენაესი მსაჯულის ქვეყნად მობრძანებას, მუხლმოდრეკით გევედრები, უფალო, ნუ გულისწყრომით მამხილებ მე.

მოწყალე უფალო! შენ ჭეშმარიტად უწყი ყოველი ჩემი ცოდვა დაფარული. შენ იცი ბოროტი ზრახვანი ჩემი, უწყი შინაგანი ვნებანი და მდაბალი გრძნობანი ჩემი - სულისა და სხეულის დამაბნელებელნი და წარმწყმედელნი. ნუ მამხილებ და ნუ მარცხვენ, უფალო, ანგელოზთა და კაცთა წინაშე, ნუ გამხდი იმათ საკიცხველსა და საყვედრელს. ნუ, სახიერო, გულისწყრომით ნუ მამხილებ. მე ქვეყანის მკვიდრთა მხილებაც მაშინებს და ყველას დამბადებლის რისხვას როგორ მოვერევი?

ვიცი, უფალო, რამეთუ ღირსი ვარ ტანჯვისა და გვემის, მაგრამ მაინცა გთხოვ რისხვით ნუ მსწავლი. ვიცი, უფალო, რომ ავაზაკი გევედრებოდა შენ შენდობისათვის და სამოთხე მიანიჭე. მეძავი შეგივრდა მთელი გულით და მიტევება მიმადლე. მეზვერე მიხვდა თავის ცოდვებს, შეინანა და ცოდვათაგან განათავისუფლე. მე არა ვარ იმათი მსგავსი, არც ცრემლი მაქვს მხურვალე და არც სინანული გულწრფელი, არც სიგლახაკე და არც მოწყალება და სიყვარული.

რა ვქნა, როგორ გავკადნიერდე და ვითხოვო შენგან მოტევება აურაცხელი? რამდენგზის აღგითქვი, უფალო, სინანული და ვერ შევასრულე, რამდენჯერ შეგივრდი შენს წმინდა ტაძარში, გამოვედი და ისევ ცოდვისაკენ მივიქეცი. ბევრჯერ ისმინე ლოცვა ჩემი და მე მაინც შეურაცხვყავ წყალობა შენი. ბევრჯერ მაპატიე ცოდვები მომაკვდინებელი, მე კი კვლავ განგარისხე მოწყალე და კაცთმოყვარე უფალი. ბევრჯერ მომიწოდე სინანულად და მე არ მოვიქეცი. რამდენჯერ დავეცი ცოდვით დამძიმებული, შენ კი სახიერი და ნუგეშინისმცემელი მაყენებდი დაცემულს და მეუბნებოდი: აღსდეგინ ძეო ჩემო და მოიქეც ჩემკენ, მომეახლე, რომ ჩემ მიერ დაბადებული აღგამაღლო ბოროტისაგან ძლეული.

ამიტომ, სახიერო, რადგან მიუწვდომელია შენი მოწყალება და კაცთმოყვარება, გევედრები, ნუ მამხელ გულისწყრომით და ნუ სწავლი რისხვით, არამედ ისევ და ისევ სულგრძელ მექმენ მე. ნუ გამიყვან ამ წუთისოფლიდან მოუნანიებელს, ნუ მომკვეთ, უფალო, როგორც უნაყოფო ხეს, არამედ მომანიჭე სინანული გულწრფელი და ცრემლი ცოდვათა განმბანელი. ნუ გამიყვან ამქვეყნიდან ცარიელი ხელით, ნუ განმაშორებ შესაძლებლობას კეთილ საქმეთა შესრულების. ისევ სულგრძელება გამოიჩინე ღმერთო ჩემზე და წყალობით შემიწყალე მე მდაბალი და სუსტი, ზევით ახედვასაც რომ ვერა ვბედავ ბოროტებით დამძიმებული.

ამოიწურა ძალა ჩემი და გაილია დღენი ჩემი ცხოვრებისანი. ვხედავ, რომ მოახლოებულ არს დასასრული, ამიტომ გევედრები: გამიღე, უფალო, კარი შენი სასუფევლის, შემაშველე ხელი, რომ აღმომიყვანო ცოდვის მორევში ჩაფლული. ჩემი ძვალნიც კი შერყეულ და გამოფიტულ არიან და ზეაღდგომა მიჭირს. ვეღარც მკურნალის მოძიების თავი მაქვს, მტერსაც ვეღარ ვუმკლავდები. შენ თუ ამიყვან ხელში, მიპატრონებ და მომეფერები.

მოიხსენე უფალო, რომ შენ წინაშე ვერ გამართლდება ძე ხორციელი, თუნდაც ერთი დღე ჰქონდეს ქვეყნად გატარებული. მოიხსენე უფალო, რომ ანგელოზთა გუნდნიც არარანი არიან შენი სიწმიდის წინაშე. ამისთვის გევედრები, მაცხოვნე მე, უფალო, უღირსი მონა და მსახური შენი, რადგან თუ მართალ და წმიდა ადამიანს შეიწყნარებ, არ არის საქმე დიდი, არამედ ჩემისთანა სუსტსა და მდაბალზე აჩვენე სიმრავლე შენი წყალობის. მკურნალი ხომ მაშინ იქება, როცა სასიკვდილოდ განწირულს განკურნავს. მეფე იდიდება, რომელიც სიკვდილის თანამდებს შეუნდობს და სახიერი და ყოვლად კეთილიც იგია, რომელიც შეცოდებულს მიტევებას მიანიჭებს. შენ იცი, უფალო, უძლურება ჩემი ბუნების, რადგან დამბადებელი ხარ ჩვენი. ამიტომ მაცხოვნე შენი წყალობით. ნუ სძლევს, უფალო, ბოროტება სახიერებას შენსას. მაცხოვნე ისე, როგორც აცხოვნე მრავალი შენ მიერ დაბადებული.
1987 წ. სამთავრო

ბეჭდვა
1კ1