როდესაც ტაძარში მრევლს ვუყურებ, უნებურად გავიფიქრებ ხოლმე, - ღვთის ბრილიანტები-მეთქი
როდესაც ტაძარში მრევლს ვუყურებ, უნებურად გავიფიქრებ ხოლმე, - ღვთის ბრილიანტები-მეთქი
1995 წლის 5 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ვანისა და ბაღდათის ეპარქია შეიქმნა. 1996 წლის ნოემბრიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მმართველად დაადგინეს ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია).

მეუფე ანტონი "კარიბჭის" მკითხველს ასე მიესალმება:

- მივესალმები ჟურნალს, რომელიც ზრუნავს, ადამიანებთან მიიტანოს ის, რაც დღემდე დამალული იყო. საქართველოს ეკლესიამ სხვა ცხოვრება გაიარა. ჩვენ წერის დრო არ გვქონდა. დღეს, ფაქტობრივად, თარგმანებით ვმუშაობთ, მაგრამ თანდათან ჩნდება ისეთი სტატიები, რომლებიც მკითხველს ქართული სულისკვეთებით აპურებს. მივესალმები და დავლოცავ ჟურნალ "კარიბჭეს".

- მეუფე ანტონ, როგორი იყო თქვენი ახალგაზრდობის წლები?

- დავიბადე ქობულეთის რაიონში, მაგრამ ქუთაისში, დედულეთში ვცხოვრობდი. სკოლაც იქ დავამთავრე და უმაღლესი სასწავლებელიც. შემდეგ ვცხოვრობდი მოსკოვში. იქ გავიცანი ისეთი ადამიანები, რომლებმაც ეკლესიის, სარწმუნოების სიყვარული გამიღვივეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ წავედი მაშინ ერთადერთ მოქმედ ბეთანიის მონასტერში. იმ დროს იქ მოღვაწეობდნენ მამა იოანე (შეყლაშვილი), მამა ლაზარე (აბაშიძე). საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ჩვენს დროში, ფაქტობრივად, ბეთანიიდან დაიწყო. მეუფე სერგი ზაგორსკში სწავლობდა, არდადეგებზე ბეთანიაში ჩამოდიოდა. მეუფე დავითი (მახარაძე) და მე მორჩილებას ერთად გავდიოდით. ჩავაბარე მცხეთის სასულიერო სემინარიაში. ცოტა ხანში სემინარია თბილისში გადმოვიდა. ფაქტობრივად, ჩვენ ვიყავით მისი პირველი კურსდამთავრებულები.

- განსაკუთრებით რა გახსენდებათ ბეთანიის მონასტრული ცხოვრებიდან?

- პირველ რიგში ის, რომ იქ იყო საეროსაგან მკვეთრად განსხვავებული ცხოვრება. ერთი მწერლისა არ იყოს, ეს გახლდათ სიცრუის ოკეანეში სიმართლის კუნძული, სადაც თავს გრძნობდი ჭეშმარიტებასთან ახლოს. მაშინ ვერ ვხვდებოდი, ახლაღა ვაცნობიერებ - როდესაც მამა ლაზარეს აღსარებებს ვაბარებდი, გამომკითხავდა, ხომ არაფერი გაწუხებს, მონასტერში ძმობასთან როგორი ურთიერთობა გაქვსო. გაკვირვებული ვპასუხობდი, - არაფერი მაწუხებს-მეთქი. მამა ლაზარე მეუბნებოდა, - ნეტარი კაცი ხარო. სასულიერო პირი რომ გავხდი, მივხვდი, თუ რამდენი სულიერი ბრძოლაა მონასტერში.

- პირველი ღვთისმსახურება სად ჩაატარეთ?

- 1989 წლის აპრილში დიაკვნად მაკურთხა ჭყონდიდის ეპისკოპოსმა. პირველად სუჯუნის ეკლესიაში ვმსახურობდი. იმდენად საჭირო იყო მაშინ მღვდლები, რომ მეორე კურსზე უკვე მოძღვრად მაკურთხეს. თითქმის 8 წელი აბაშაში ვიმსახურე.

მამა იოანე შეყლაშვილმა საოცარი სულიერი დარიგება მომცა, რომელიც გულში ჩამრჩა, - გახსოვდეს, ისე იმსახურე, ადგილს არ მიეჩვიო და არ შეიყვაროო. მღვდელი ჯარისკაცია, სადაც ეტყვიან, იქ უნდა წავიდეს. მრევლი ეკუთვნის მწყემსმთავარს, რომელიც ირჩევს, რომელი მოძღვარი დააყენოს თავისთან.

- სულიერების ზრდა როგორ მოხდა?

- მღვდელი თუ არ კითხულობს სასულიერო ლიტერატურას, ვერ გაიზრდება. რაც მეტს მუშაობს საკუთარ თავზე, უფრო იცვლება და იზრდება მისი სულიერება. ჩემს სამღვდელოებასაც ვეუბნები, რომ ღმერთს გამზადებული ჰყავს მრავალი ადამიანი ტაძარში მოსაყვანად, მაგრამ თუ იქ სულიერად განათლებული მღვდელი არ დახვდათ, უკან წავლენ. ყოველ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. არიან ადამიანები, ვინც გულით მიდის ტაძარში, ნაწილი ქადაგების შემდეგ მოდის, ნაწილი - ძლიერ ტკივილებს მოჰყავს, რჩებიან ისეთებიც, ვისთვისაც ყველაფერი სულერთია. ამიტომ მოძღვარმა ყველა კატეგორიის ხალხს უნდა მიხედოს.

ეკლესიას სამი დანიშნულება აქვს - ღვთისმსახურების, დამოწაფების და ქადაგების. თუ მარტო დგახარ და ღვთისმსახურებას ატარებ, რა თქმა უნდა, მოდის ის კატეგორია, რომელსაც ბუნებრივად აქვს ტაძარში სიარულის მოთხოვნილება. თუ გინდა მოიმოწაფო, ამას კითხვა, შრომა უნდა. დამოწაფებულს ყოველთვის ქადაგება უნდა.

- როგორ უნდა დავადგეთ მორწმუნეები შუალედურ გზას?

- სახარებაში ერთი საოცარი ადგილია: როდესაც მღვდელმთავარს კაიაფასთან მიჰყავს უფალი, ის ამბობს - სჯობს, ერთი მოკვდეს ყველასთვის, ვიდრე ყველა - ერთისთვისო. იოანე მახარებელი გვამცნობს, - იმ დროს ის იყო მღვდელმთავარი და წინასწარმეტყველება მისი პირით ითქვაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიის გარეთ ჭეშმარიტება არ იძებნება. შუალედურ გზას რომ არ აცდე, უნდა მისდიო ეკლესიის სწავლებას. ბევრ მამას უთქვამს: - სახიფათოა ტანსაცმლით ცურვა. როდესაც ზღვაში ცურავ, ვინც არ უნდა იყო, პროფესორი თუ აკადემიკოსი, სამოსი უნდა გაიხადო. თუ იტყვი, პროფესორი ვარ, ჰალსტუხს ვერ მოვიხსნიო, ზღვაში რომ ჩახვალ, ტალღები იმდენს გატარებს, მაინც გაგხდის სამოსს. ასევეა ეკლესიაში. იქ შენი განსჯით არ მიდიხარ. იქ მისულმა უნდა გაიგო ის საფუძვლები, რაც ეკლესიაში გხვდება. ეკლესიის მამების ყველა ნათქვამი სახარებიდან ამოდის. სახარებაში ყველაფერია ნათქვამი, ახლის ძიება აღარ არის საჭირო.

KARIBCHE

- ჩვენს დროში როდის უნდა გრძნობდე თავს მოსვენებულად?

- კაცი კმაყოფილებას რომ იგრძნობს, სწორედ მაშინ დგას არასწორ გზაზე. მან უნდა იცოდეს, რომ ქრისტეს სამეფო არაამქვეყნიური სამეფოა. თვითკმაყოფილება, თვითნეტარება გვაშორებს უფალს. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არარაობიდან მოვიდა რაობაში. მარადისობაში დასამკვიდრებლად აუცილებელია დროის, სივრცის გავლა. ყველას საკუთარი ჯვარი აქვს სატარებელი.

- ნათქვამია, მეორედ მოსვლის ნიშნები ამქვეყნად სიყვარულის გახმობითაც დასტურდებაო. თუ აკლიათ ეს გრძნობა ჩვენს თანამედროვეებს?

- მეორედ მოსვლა თანდათან ახლოვდება... როგორც მოციქულები ამბობენ, - დაემორჩილეთ ღმერთს და არა დროს. ადამიანები კი დროს ემორჩილებიან. ყველა ეპოქაში ხდება ყველაფრის გადაფასება. ეკლესია არასდროს ყოფილა პროგრესის წინააღმდეგი, ის ზნეობის დამცველია. მანდილოსანს შენიშვნა რომ მისცე, შარვლით ან მოკლე კაბით არ უნდა შემოსულიყავით ეკლესიაშიო, დაგცინებს. დღეს ახალი სიძნელეების წინაშე ვდგავართ. უსიყვარულობას ვხედავთ, ვხედავთ, დრო როგორ მოკლდება.

- როგორ უნდა შევიყვაროთ ღმერთი?

- ღმერთის სიყვარულამდე სინანული უნდა გვქონდეს და მაშინ უფალი მოგვხედავს. უფალი ადამიანს მაშინ აძლიერებს, როდესაც ის გულით გლოვობს. წმინდა მაქსიმე აღმსარებელს აქვს ასეთი ლამაზი სიტყვები: - ვითარცა მიბმული ფრინველის გაფრენის ყოველი ცდა მთავრდება მარცხით, რამეთუ თოკია მისი დამაბრკოლებელი, ასევე ჩვენი, მიწას მიჯაჭვული ადამიანების, ფიქრი ღმერთზე მარცხით მთავრდება. ღმერთი რომ შეიყვარო, გამუდმებით ღმერთზე უნდა ფიქრობდე. ერში ძალიან ძნელია ასეთი ცხოვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერისკაცი ვერ ცხონდება.

- წმინდა მამები ამბობენ, "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს". ეს თანაბრად ეხება ერისკაცსაც და სასულიერო პირსაც?

- რა თქმა უნდა. ერისკაცს აქვს ეკლესიური ცხოვრების რიტმი და უნდა იცხოვროს სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით. სასულიერო პირს უფრო მეტი მოეთხოვება. მან თუ არ იცის, რით განსხვავდება ერისკაცისაგან, მაშინ რაღა სასულიერო პირია! რამდენადაც ძნელია ამ ცხოვრებაში ცხონება, იმდენადვე ადვილია, რადგან ჩვენ, ბოლო თუ არა, იმის წინა ჟამის დაქირავებული ადამიანები ვართ და ერთნაირ საზღაურს მოგვიზღავს უფალი. ძნელია, მაგრამ, მამების არ იყოს, შეუძლებელი არ არის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, შეუძლებელი შევძლოთ.

- მეუფეო, შეიძლება ვცდები, მაგრამ საგრძნობლად იმატა ეჭვიანობის სენით შეპყრობილ ადამიანთა რიცხვმა. თქვენ წარმოიდგინეთ, ერისკაცსა და სასულიერო პირს შორისაც ჩნდება ამგვარი დამოკიდებულება. როგორ ახსნით ამას?

- ეს ქრისტიანული გარემოს უქონლობის ბრალია. ტელევიზორი სხვას გვეუბნება, საზოგადოება - სხვას, ლიტერატურა - სხვას, ეკლესია კი სულ სხვა რამეს. ყველასი გვჯერა. ეს არის სწორედ შინაგანი მერყეობის, ეჭვიანობის საფუძველი. თუ ადამიანს მერყეობა შეეპარა, მისი წაქცევა ადვილია. სასულიერო პირს არ უჩნდება ეჭვი. როდესაც ტაძარში მრევლს ვუყურებ, უნებურად გავიფიქრებ ხოლმე, - ღვთის ბრილიანტები-მეთქი. ადამიანი უფლისთვის მოდის ტაძარში და არა სასულიერო პირის გამო. მრევლი მოძღვრისგან ყოველთვის მეტს მოითხოვს. არადა ჩვენც ხომ საერო ცხოვრებიდან მოვდივართ, მათი მსგავსნი ვართ. ჩვენც ვერ ვართ იმ სიმაღლეზე, რასაც მრევლი ელის. ეჭვიანობას ხელს უწყობს ისიც, რომ ბევრი ეკლესიურად არაა განათლებული. ეკლესიაში არის იერარქია და მას უნდა დაემორჩილო. ეპარქიას მწყემსმთავარი უძღვება და არა ცხვარი.

- პატრიარქმა ეპისკოპოსად გამორჩევის დროს რა რჩევა-დარიგება მოგცათ?

- პატრიარქი ყველას ასე არიგებს, - გახსოვდეთ, რაც უფრო მაღალი ხარისხი გაქვთ, მით უფრო თავმდაბალი უნდა იყოთ.

- როგორ დაიწყეთ ეპარქიაში მოღვაწეობა?

- ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში სულ ოთხი მოძღვარი და სამი მოქმედი ეკლესია იყო. ახლა 28 მოქმედი ტაძარია და 30 სასულიერო პირი. მათგან 4 ბერია, 6 - მონაზონი. ერთი დედათა მონასტერია ბაღდათში. საირმის გზაზე, ტყეში, გვაქვს კიდევ ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტერი. ვანში არის ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის საკათედრო ტაძარი. ახლა ახალი შენდება - წმინდა ნინოსა და მისი მშობლების სახელობისა. ბაღდათში კი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ორსართულიანი საკათედრო ტაძარია. ქვედა სართული წმინდა გიორგის სახელობისაა. საეპისკოპოსო რეზიდენცია ორივე რაიონშია. ორივეგან დედები ცხოვრობენ. ჩვენს ეპარქიაში 7 დეკანოზია ოქროს ჯვრით დაჯილდოებული. ჩვენი მამები და მონაზვნები მებრძოლები არიან. ისინი არ ეძებენ კომფორტს, უძლებენ მატერიალურ სიდუხჭირეს, ყოფით პრობლემებს და ლოცვა-კურთხევით ცხოვრობენ. ეს დიდი გმირობაა.

ათი წელია, რაც ჩვენი ეპარქია არსებობს და ნელ-ნელა ვითარდება. გვაქვს ჩვენი პერიოდული გამოცემა - "ეპარქიის მოამბე".

- დაგვლოცეთ, მეუფეო...

- ჩვენი მოძღვრის, მამა ალექსანდრე ადამაშვილის, ქალიშვილმა მაჩუქა თავისი ლექსების კრებული. იქიდან ერთ-ერთ ლექსს გეტყვით:

"დაღლილმა დავხარე თვალები,
ვერ შევძელ სამყაროს ტვირთვა,
რა გითხრათ, რა გითხრათ ახალი,
როცა ყველაფერი ითქვა".

ღმერთმა დაგლოცოთ, სიკეთე მოგანიჭოთ და დაკვირვებულად ცხოვრება. რასაც წუთისოფელი გვთავაზობს, ყველაფერი კარგი როდია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მარადიული ქვეყნის შვილები ვართ და დროებითში ნუ გავცვლით ამას.
ბეჭდვა
1კ1