წმინდა პაისის ხელი ერის მაჯაზე ედო და მის გულისცემას უსმენდა
წმინდა  პაისის ხელი ერის მაჯაზე ედო და მის გულისცემას უსმენდა
წმინდა პაისი ათონელს უყვარდა სამშობლო, ამბობდა: "სამშობლო დიდი ოჯახიაო". მას არ სურდა თავისი სამშობლოს განდიდება ერისკაცული გაგებით, არამედ უნდოდა მისთა მკვიდრთა სულიერი წარმატება და ზნეობრივი ცხოვრება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ღმერთი დაგეხმაროს.

ამერიკაში მცხოვრებ ბერძენს, მხურვალე პატრიოტს, რომელიც ცდილობდა სასიკეთო რამ გაეკეთებინა ელადისთვის, მამა პაისიმ ურჩია, სულიერი მოსაგრეობა ეტვირთა, რათა თვითონვე განწმენდილიყო და უთხრა: - თუ ეს მოხდება, მაშინ შეგეძლება, ელადას სწორად და სულიერად დაეხმაროო.

წმინდა  პაისის ხელი ერის მაჯაზე ედო და მის გულისცემას უსმენდა. მისთვის სულერთი არ იყო, რაც საბერძნეთში ხდებოდა. საბერძნეთის ერთმა პრემიერ-მინისტრმა, რომლის დამანგრეველ მოქმედებას ერისა თუ ეკლესიებისადმი ბერი სახალხოდ ამხელდა, სთხოვა, მოვალ სუროტაში და შეგხვდებიო. მოვიდეს და ყველაფერს პირში ვეტყვიო, - თქვა ბერმა. როცა საბერძნეთის ერთ-ერთი პრეზიდენტი მოვიდა მთაწმინდაზე, ბერმა ურჩია მონასტრებს, არ მიეღოთ იგი, ვინაიდან ხელი მოაწერა კანონს, რომლის ძალითაც ლეგალიზება მოხდა აბორტისა.

წმინდა პაისი იყო კაცი მშვიდობისა და ერთობისა. ის ყველა პარტიაზე მაღლა იდგა. გაგონებაც არ სურდა უღმერთო და ეკლესიის მავნე პარტიებისა. ამბობდა: "რა განსხვავებაა, ხელი მარჯვენაა თუ მარცხენა, თუკი ის ჯვარს არ გამოისახავსო". უარყოფდა უღმერთო პოლიტიკოსებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური პლატფორმისა.

საბერძნეთში პოლიტიკური არასტაბილურობის დროს, როცა ვერა და ვერ ჩამოაყალიბეს მთავრობა და მცირე ხანში ზედიზედ მესამედ დაინიშნა არჩევნები, წმინდა პაისის ხილვა ჰქონდა: "არჩევნების წინ, საღამოს, ვიჯექი ხის საწოლზე არქონდარიკში და იესოს ლოცვას ვიმეორებდი. ამ დროს ეშმაკი წარმომიდგა კაცის სახით (ბერმა დაასახელა ის პოლიტიკოსი, რომლის დამღუპველ საქმიანობასაც განიკითხავდა). ეშმაკი მემუქრებოდა, მაგრამ მოახლოება ვერ შეძლო, თითქოს შეკრული იყო". იმავე ღამეს ბერი ერში ერთ-ერთ ცოლიან მღვდელს გამოეცხადა და მკაცრად უთხრა: "მამაო, გძინავს? ადექი და ილოცე - სამშობლო საფრთხეშია".

იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ვნებდნენ ბერძენ ერს, წმინდანი ამბობდა: "მშვიდი სინდისით ვთხოვ ღმერთს, მისცეს ამ ადამიანებს სინანული და წაიყვანოს სხვა ცხოვრებაში, რათა მეტი ბოროტების ჩადენა ვერ მოასწრონ და რათა აღგვიდგინოს მაკაბელებიო". სწამდა, რომ ერთ ბერს შეუძლია მთელი ერის დახმარება: "ღმერთი ვის მონაზვნად აქცევს იმისთვის, რომ ოჯახს დაეხმაროს, ზოგს კი - მთლიანად ერს რომ დაეხმაროს. მთაწმინდას შეუძლია ჩვენს ხალხს ბევრი რამ მისცეს, კვლავ შეუძლია შექმნას ბიზანტია, რომლისგანაც იგი წარმოიშვა".

ბეჭდვა
1კ1