ღმერთს თვალცრემლიანმა მადლობა შევწირე
ღმერთს თვალცრემლიანმა მადლობა შევწირე
ნეტარი მარკოზ მონაზონი მოგვითხრობს: "რომიდან კონსტანტინოპოლისკენ მივცურავდით. ქარმა უცნობ კუნძულზე მიგვაგდო. რამდენიმე დღე დავყავით იქ. ერთხელ კუნძულის დასათვალიერებლად წავედი. ადამიანს მოვკარი თვალი. მისვლა დავაპირე. მან მითხრა: "თუ ჩემი ნახვა გინდა, სამოსი გადმომიგდე, ვინაიდან დედაკაცი ვარ და ასე შიშველი ვერ დაგენახვები, მით უმეტეს, რომ მღვდელი ხარო". სამოსი გადავუგდე. მან ჩაიცვა, მუხლნი მოიდრიკა და ღმერთს მადლობა შესწირა "სურვილის აღსრულებისთვის". მერე კი მუხლნი მოიყარა ჩემს წინ. სადაურობა ვკითხე. მითხრა: ბერძენთა ქვეყნიდან ვარ. მე, ობოლი და ღატაკი, ერთმა ცნობილმა კაცმა გამზარდა. მერე კი თავის ვაჟს შემრთო ცოლად. მეუღლეს ძალზე ვუყვარდი, მაგრამ მეგობრები და ნათესავები უჩიჩინებდნენ, - ჯობდა, ასეთი ღატაკის ნაცვლად მდიდარი ქალი მოგეყვანაო. ქმარი უმტკიცებდა, ჩემი ცოლი მიყვარსო. ვურჩიე, - ახლობლებისგან რომ მოისვენო, მონასტერში გამიშვი და ცოლად სხვა მოიყვანე-მეთქი. იუარა. მაშინ ავდექი და გემით გამოვიპარე. მოვედი ამ კუნძულზე. თურმე ორსულად ვყოფილვარ. გავაჩინე ვაჟი, რომელიც ახლა ოცდაათი წლისაა, მღვიმეში ცხოვრობს და ჩემსავით შიშველია. მე მას ღვთისადმი ვედრება და გონების ზეცისკენ ჭვრეტა ვასწავლე. ყოველდღიურად ვევედრებოდი ღმერთს, გამოეგზავნა მღვდელი ჩემი ვაჟის წმინდა ნათლისღების საიდუმლოთი განსანათლებლად. და აი, ყოვლადმოწყალე ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა და შენ გამოგგზავნა. ქენი წყალობა, პატიოსანო მამაო, ადი ხომალდზე, შეიმოსე სამღვდელო სამოსი, აიღე წმინდა მირონი და ნათლისღებით განანათლე ჩემი ვაჟი, მერე კი აღასრულე საღმრთო ლიტურგია და ღირსგვყავ წმინდა ზიარებისა. რაიმე ტანსაცმელიც წამოიღე ჩემი ვაჟისთვის და ამ ამბავს ნურავის გაუმჟღავნებ. მე აქ დაგიცდიო". ასეც მოვიქეცი და ერთად წავედით მღვიმისკენ. ვაჟმა როგორც კი დამინახა, მღვიმეში დაიმალა. დედამ შვილს უთხრა: - შეისმინა ღმერთმა ჩვენი ვედრება და მღვდელი გამოგზავნა შენს მოსანათლად. გამოდი მღვიმიდან და თაყვანი ეცი მასო. ვაჟი დაემორჩილა. მერე წყაროსთან წავედით. მე მთლიანად წავიკითხე ნათლისღების ლოცვები, ვაჟი ყოვლადწმინდა სამების სახელით მოვნათლე. მერე კი საღვთო ლიტურგია აღვასრულე და ორივე ვაზიარე. მცირედით ვიტრაპეზეთ. ბოლოს ქალმა მთხოვა, ხომალდზე არავისთვის მეთქვა მათი არსებობის შესახებ, - არ გვინდა, ვინმემ გვიპოვოს, მით უმეტეს, რომ 30 წელია, კაცი, შენ გარდა, არავინ გვინახავსო. თაყვანი მცეს და განმეშორნენ. მე ღმერთს თვალცრემლიანმა მადლობა შევწირე".

ბეჭდვა
1კ1