"შეიყვარეთ სიყვარული"
"შეიყვარეთ სიყვარული"
დეკანოზ ალექსანდრეს (სნეჟნოე) მოგონებებიდან
მამა ვიტალის შესახებ მაშინ შევიტყვე, როდესაც ოჯახში უსიამოვნებები გვქონდა და დედამ ეკლესიაში სიარული დაიწყო. ჯარში წასვლის წინ მითხრა, - თბილისში ბერთან უნდა გაემგზავრო და კურთხევა აიღოო.

ეკლესიისა და სულიერი ცხოვრებისგან (ბუნებრივია, მშობლების მორჩილებისგანაც!) საკმაოდ შორს ვიყავი. როდესაც მამა ვიტალისთან ჩავედით, ის ფეხებში ჩაგვივარდა და მეტანია გაგვიკეთა. პასუხად ჩვენც ასევე მოვიქეცით. მაშინ თბილისში სულ რაღაც სამი-ოთხი დღე გავატარეთ, რადგან ჯარში გაწვევის საბუთი უკვე ხელთ მქონდა.

მამა ვიტალიმ გვაკურთხა, წმინდა ადგილები მოგველოცა, მე კი მაღაზიები უფრო მიზიდავდა - რაიმეს ყიდვა მინდოდა და დედას გამუდმებით სახელოზე ვექაჩებოდი, ვჭირვეულობდი. გამგზავრების წინ მამა ვიტალიმ ჯარში წასასვლელად მაკურთხა.

გასაწვევ პუნქტში დონეცკიდან ათი კაცი ვიყავით, ცხრა ავღანეთში გაგზავნეს, მხოლოდ მე ერთი (მამა ვიტალის ლოცვით!) გამამწესეს გერმანიაში. ჩავფრინდი დრეზდენში. გარნიზონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მოვხვდი და მთელი ორი წელი იქ ვიმსახურე.

ჯარიდან დაბრუნებული სამი წელი ისე ვიცხოვრე, ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა - ქალამნად. იშვიათად მივდიოდი ტაძარში, დიდად არც მშობლებს ვუგდებდი ყურს. მაგრამ დედა ჩემთვის ლოცულობდა. მამა ვიტალიც გამუდმებით ევედრებოდა ჩემთვის უფალს. როდესაც თბილისში ჩავდიოდით, ყოველთვის მაკურთხებდა, საკურთხეველში დავხმარებოდი. ერთხელ მითხრა:

- ან ახლავე გახდები მღვდელი, ან დიდი ხნის შემდეგ ბერი - მღვდელმონოზონი იქნები.

მაშინ ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო იყო, რადგან მთლიანად ერულად ვცხოვრობდი. მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა, მამა ვიტალის ლოცვით, ეკლესიისკენ მივბრუნდი და მღვდელი გავხდი.

ერთხელ, ჯერ კიდევ ჯარში მსახურებისას, შინ შვებულებით წავედი და დედასთან ერთად მამა ვიტალისთან გავემგზავრე. იმ დროს მასთან მამა ანატოლი და მამა გაბრიელიც სტუმრობდნენ. მამა ვიტალიმ მაშინ ყველა ჩვენგანს დიდხანს გვათქმევინა აღსარება - ოლარის ქვეშ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგვაჩერა.

შემდეგ ტაძარში წასასვლელად მოვემზადეთ, დედა მარიამმა კი (შემდგომში სქემიღუმენია სერაფიმა) ჩემი "განწმენდა" გადაწყვიტა. მაშინ ურჩი ვიყავი, რითაც დედაჩემს გულს ვტკენდი. დედა მარიამმა კი ოსტატურად მომიჩინა ჩემი ადგილი - დედაშენს ტანჯავ, ასეთი და ისეთი ხარო... დაჩოქილს მომიწია პატიების თხოვნა. შემდეგ, როდესაც მამა გაბრიელთან ერთად ალექსანდრე ნეველის ტაძარში მივდიოდი, მან მითხრა:

- ყოჩაღ, გაუძელი.

ვერაფერს მივხვდი. მოსალოცად ვიყავით და უკან ვბრუნდებოდით, მან კიდევ ერთხელ მითხრა:

- ყოჩაღ, გაუძელი.

გამოკითხვა დავუწყე:

- მამაო, რას გულისხმობდით, როცა ასე მითხარით?

- დედა მარიამმა გამოგცადა, შენ კი გაუძელი, - მიპასუხა მან.

ერთხელ, დილით ყველა ადგა. მამა ვიტალი სენაკში შემოვიდა და გვითხრა:

- დედებო, რატომ გძინავთ ამდენ ხანს? ერთი მეზობელი მყავს: ჯერ გათენებულიც არაა და უკვე ფეხზეა, სანთელს ანთებს, ეზოში დადის, დაუჯდომელს გალობს... თქვენ კი ამდენ ხანს გძინავთ!

ერთ-ერთმა მონოზონმა - იქ ხომ მემთვრალეები ცხოვრობენ - ღვთისმოსავებიც ხომ არ არიან. ნუთუ შეიძლება იქ რაიმე მსგავსი მოხდესო...

დედა მარიამს ვკითხე. მან კი მიპასუხა: - მეზობელი ქალი ნაბახუსევია, ადრე გაეღვიძა - გარეთ გამოვიდა, სიგარეტს მოუკიდა. დადის, ეწევა და ქმარს სწყევლისო.

მამა ვიტალი კი ნებისმიერ ცუდ საქციელს, პირიქით, კარგად, სიკეთედ წარმოაჩენდა, თან ჩვენც განგვსწავლიდა: საკუთარი გულით, სიყვარულით.

ერთხელ მამა ვიტალისთან ჩემს მეუღლესთან, ლიდიასთან ერთად წავედი. მან მამა ვიტალის უთხრა:

- ძალიან მინდა საეკლესიო გუნდში გალობა! მინდა, ჩემს მოძღვართან - მეუღლესთან ერთად ვიყო ყველგან!

მამა ვიტალიმ და დედა მარიამმა კი უპასუხეს:

- შენთვის შვილებიც საკმარისია, მათზე იზრუნე.

მაშინ მხოლოდ ერთი ბავშვი გვყავდა და ექიმებმა ჩემს მეუღლეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მშობიარობა მკაცრად აუკრძალეს. მაგრამ შემდეგ უფალმა ისე განაგო, რომ ბერების ლოცვით ჩვენ ახლა 11 შვილი გვყავს! ასეთია ღვთის შეწევნა.

მამა ვიტალისთან სხვადასხვაგვარი ადამიანები მიდიოდნენ. როგორც ჩანს, მათ შორის, ამ დიდ ბერთან მცირედმორწმუნენიც, მცირედმიმნდობნიც მიდიოდნენ. უფალმა მამა ვიტალის მეშვეობით აღასრულა რაღაც, რაც ჩვენი რწმენის განმტკიცებას ემსახურებოდა. ერთხელ ერთი მონოზონი ეზოდან შინ შემოვიდა და თქვა:

- მამა ვიტალი, ისეთი ქარიშხალია, გარეთ არ გაისვლება. ხეზე ერთადერთი ხურმა ეკიდა, ისიც ჩამოვარდა და გასკდა! ცოდოა!

მამა ვიტალიმ კი უპასუხა:

- დედაო, შენ კი ილოცე, რომ უფალმა ქარი ჩააყენოს.

მონოზონი დაიბნა: როგორ უნდა ვილოცო? მაგრამ კურთხევას ვერ განაგდებ. ქუჩაში გავიდა და ლოცვა დაიწყო. გავიდა რამდენიმე წუთი - მან ისევ შეირბინა ოთახში და თქვა:

- მამა ვიტალი, ფოთოლიც კი აღარ იძვრის! საგანგებოდ ვიდექი ქუჩაში და ვაკვირდებოდი!

ამ დროს მეორე ოთახის კარი გაიღო, დედა მარიამი გამოვიდა და თქვა:

- დედა ღვთისმშობელო! სუნთქვის საშუალებაც აღარ არის! ნუ უსმენ ამ ვიტალის!

...ჩვენს თვალწინ ისევ ამოვარდა ქარი და ირგვლივ ყველაფერი დაატრიალა. იმ საბრალო მონოზონმა კი აღარ იცოდა, ამ მოვლენის შემდეგ სად წასულიყო. ასე განსწავლიდა უფალი ადამიანებს დიდი ბერების ლოცვით და რწმენაში მოჰყავდა ისინი.

წიგნიდან "შეიყვარეთ სიყვარული", სულიერი შვილების მოგონებები
სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) შესახებ
თბილისი, 2012წ.

ბეჭდვა
1კ1