ყველა გულისთქმა განისჯება, რომელსაც დაუტკბებიან და დასთანხმდებიან
ყველა გულისთქმა განისჯება, რომელსაც დაუტკბებიან და დასთანხმდებიან
ძმამ ჰკითხა ამბა პიმენს: "გულისთქმები მოსვენებას არ მაძლევს, ძალზე მაწუხებს". ბერდიდმა ის კელიიდან გამოიყვანა და უთხრა: "შენი სამოსელი გაშალე და ქარი დაიჭირე". ძმამ მიუგო: "არ შემიძლია ამის გაკეთება". ბერდიდმა უთხრა: "თუ ეს არ შეგიძლია, ვერც იმას შეძლებ, რომ გულისთქმები არ მოგდიოდეს, მაგრამ შენი საქმეა მათ შეეწინააღმდეგო".

ერთმა ძმამ ჰკითხა ამბა პიმენს გულისთქმებთან ბრძოლაზე. ბერდიდმა უპასუხა: ეს საქმე მსგავსია იმისა, რომ კაცს მარცხენა ხელში ცეცხლი ეჭიროს, მარჯვენაში კი წყალი. თუ ცეცხლი აგიზგიზდება, აიღებს ჭიქით წყალს და ცეცხლს ჩააქრობს. ცეცხლი - მტრის შთაგონებაა, ხოლო წყალი - ღვთის წინაშე გულმოდგინე ლოცვაა. ერთხელ ნეტარ თეოდორესთან შვიდი მონაზონი მივიდა და უმსგავს და ბილწ გულისთქმებზე ჰკითხა. ნეტარი თეოდორე ატირდა: "არ გესმით, რასაც ამბობს უფალი: "თქვენს თავზე თმაც კი დათვლილიაო". თმა გულისთქმებია, თავი კი გონება. ყველა გულისთქმა განისჯება, რომელსაც დაუტკბებიან და დასთანხმდებიან. ღმერთი ქალის სურვილს მრუშობად ჩათვლის, მრისხანებას - მკვლელობად, სიძულვილს - კაცთმკვლელობად. ასე რომ, ჩემო კეთილო დებო, ნუ იტყვით, გულისთქმები ვერაფერს გვავნებსო, მაშინ როცა მხოლოდ ერთი რომ დათანხმდეს, როგორც ჩადენილი საქმე, ისე განისჯება. ამის გამგონე მონაზვნებმა ადიდეს ღმერთი, რომელმაც ამგვარი მადლი და განსჯის უნარი უბოძა თეოდორეს.

ბეჭდვა
1კ1