ნეტარია ის, ვისი გონებაც უფალშია დავანებული!
ნეტარია ის, ვისი გონებაც უფალშია დავანებული!
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
გაგრძელება
ჩვენი ღამისთევანი
როცა ჩვენთან მღვდელი მოდიოდა, ექვსსაათიანი განმარტოებული ლოცვის შემდეგ, შუაღამისას ლიტურგიას ვატარებდით. ზამთარში, როცა წირვა სრულდებოდა, ჯერ კიდევ ღამე იყო. დასაძინებლად მივდიოდით, დილაბნელზე ვდგებოდით, ზაფხულში კი რიჟრაჟზე ფეხზე ვიყავით. თითოეული ჩვენგანი მთელი ღამე მარტო იყო, მხოლოდ ლიტურგიასა და ტრაპეზზე ვიკრიბებოდით ერთად. ეს ძალზე კარგი რამ იყო და ყველას ძალიან მოგვწონდა.

ღამისთევისას ძალზე ვიღლებოდი და დღიური სამუშაოს წინ უნდა დამეძინა. დილით კი - კვლავ ტვირთი უნდა მეზიდა, შეშა და წყალი მომქონდა. იმ დღეებში, როცა ტრაპეზი ორჯერ გვქონდა, მზის ამოსვლამდე უნდა ავმდგარიყავი და საჭმელი მომემზადებინა, რათა მამებს მუშაობის წინ ესაუზმათ. შემდეგ სუფრას ავალაგებდი, ჭურჭელს დავრეცხავდი და სადილს მოვამზადებდი.

მამები ხელსაქმისა და სხვა სამუშაოების შესასრულებლად მიდიოდნენ, მე კი რეზერვში ვიყავი. კარგი ცხოვრება იყო! დღისით, მუშაობის დროს, ვლოცულობდით. ბავშვებივით გულუბრყვილონი ვიყავით...

ხშირად საღამოს ვიღვიძებდი, წამოვჯდებოდი და ვხვდებოდი, რომ დაღლილი ვიყავი. "ახლა რომელი საათია? ღამეა? დღეა?" ჩვენ ხომ დარაბებს ვხურავთ, როცა ვიძინებთ.

"დღეს რა რიცხვია? ძილი კიდევ შემიძლია, მე ხომ ნახევარი საათი მეძინა. ახლა როგორ გავუძლებ ათსაათიან ღამისთევის ლოცვას?" ვუცქერდი შემომავალ ღამეს და ვამბობდი: "მოწამებრივი ტანჯვაა! როგორ გავუძლო, როცა არც გამომიძინია და არ დამისვენია?" ლიტურგიის მერე დასაძინებლად კვლავ ცოტა დრო გვქონდა, მერე კი - სამუშაო, მუშაობა და მუშაობა. ამიტომაც მივდიოდით პირდაპირ ტუბერკულოზისკენ. მაგრამ მოძღვარს უსიტყვოდ ვემორჩილებოდით. განუწყვეტელი შრომა, საყვედურები, დატუქსვა. მე სიმშვიდე სავსებით არ მქონდა. სამუშაო და გაჯორვა, საყვედური უხვად მქონდა. პირზე კი კლიტე მედო. რა უნდა მეთქვა! საუბარი მკაცრად აკრძალული იყო. მხოლოდ მამა არსენს თუ გავესაუბრებდი მარტოობისას.

ბერდიდი გვასწავლიდა, რომ მონაზონს, რომელიც ღამისთევის ლოცვას არ ასრულებს და თავის ავლა-დიდებად იესოს ლოცვა არ გაიხადა, არ შეიძლება მონაზონი ეწოდოს. მონაზონი ღამისთევის გარეშე, რომელიც არ მიმსგავსებია "მარხუსა მას უდაბნოისასა" და არ იქმნა ვითარცა "ძუი ნატამალსა", ვითარცა ჩიტი, რომელსაც არა სძინავს და მღერის, მონაზონი, რომელსაც არ შეუძენია მღვიძარება და ლოცვა, შეუძლებელია, მას არსით მონაზონი ვუწოდოთ. ის მხოლოდ გარეგნულად არის მონაზონი და არა სულიერად. ის ჯერ კიდევ არ განახლებულა, მას ჯერ კიდევ არ შეუცვნია მონაზვნური ცხოვრების განსაკუთრებული მადლი.

გონიერი ღამისთევის წყალობით, როგორც ამბობენ წმინდა მამები, მონაზონი ქერუბიმის თვალებს შეიძენს. ისეთ სიფხიზლეს (მღვიძარებას) მოიპოვებს, რომ შორიდანვე ხედავს მასზე მოლაშქრე ეშმაკებს, რომლებიც ცდილობდნენ მოსაგრე მონაზონის წაფორხილებას. ის ამჩნევს ვნებების მცირეოდენ მოძრაობასაც კი და ამგვარად ასწრებს აუცილებელი ზომების მიღებას.

ჩვენი დროის ფილოსფოსმა ბერდიდმა იცოდა, თუ როგორი იყო უფლისმიერი მღვიძარება. ეს ის მღვიძარება კი არ არის, როცა მთელი ღამე თევზაობენ, ანდა ქუჩებსა და დისკოთეკებზე დაეხეტებიან. მღვიძარებაა, როცა მას უფალში აღასრულებ. რას ნიშნავს "უფალში"? რას ნიშნავს "უფლისმიერი მღვიძარება"? ეს ნიშნავს, რომ გონება აიწევა, გაივლის ზეცას, ხედავს ზეცათა მიღმა დიდების ტახტრევანზე დაბრძანებულ ღვთის სიტყვას, რომელიც აღმატებულია გონებასა და წარმოდგენაზე და ესაუბრება მას. გულს უხარია და კაცი აღფრთოვანებული ამბობს: "ნეტარია ის, ვისი გონებაც უფალშია დავანებული! ნეტარია ის და ბედნიერი. ასე ამბობენ მამებიც: "მონაზონს, რომელიც მღვიძარებას ცოდნით აღასრულებს, ანუ ლოცულობს სიფხიზლით, უცქირე არა როგორც კაცს, რამედ ვითარცა ღვთის ანგელოზს". აი, როგორია ჭეშმარიტება, აი რას ნიშნავს მონაზონი!

ბერდიდი დაჟინებით გვთხოვდა მღვიძარებას, მშვენიერ მღვიძარებას, ასეთ მღვიძარებას, რომელიც განწმენდს გონებას და ღვთის მხილველს გახდის. მღვიძარება საშუალებას აძლევს გონებას, მესამე ცამდე აიწიოს და სულიერად ხელი შეახოს ზეციური ცხოვრების გამოუთქმელ საიდუმლოებებს. ბერდიდის წინამძღოლობით ჩატარებული ღამისთევის ლოცვისას სულით ვიგემებდით ამ ზეციურ ცხოვრებას. ღამით, ღამისთევის ლოცვაზე, როცა გვეწვეოდა ღვთის მადლი და წყალობა, უამრავ ზეციურ გამოცხადებას ვიღებდით, რომელთაც, რა თქმა უნდა, ბერდიდის სამსჯავროს მივანდობდით, რათა მათ ჭეშმარიტებაში არ შევმცდარიყავით და ყველაფერი ეს ჩვენს სულიერ ფერისცვალებას იწვევდნენ. დღისით სამორჩილო საქმეებზე სიხარულით და სულიერი მხნეობით დავფრინავდით.



ბეჭდვა
1კ1