შენი კი არა, ღვთისა ვარ
შენი კი არა, ღვთისა ვარ
ერთხელ მამა ისააკი ბერს წაეჩხუბა და მრისხანება რამდენიმე დღე გაჰყვა. ერთ საღამოს, სენაკში მჯდომსა და ხელსაქმით გართულს, ის კამათი გაახსენდა და სინანულმა შეიპყრო. ფიქრობდა, რა ექნა, როგორ შერიგებოდა ძმას. ამ დროს სენაკში ერთი ყმაწვილი შევიდა და უთხრა: "შესცოდე, ახლა კი ნანობ? მე დამიჯერე და მშვიდად იქნები". მამა ისააკი მიხვდა, რომ მის წინ ეშმაკი იდგა და შესძახა: "განმეშორე, რამეთუ არა ხარ ღვთისგან!" "მეცოდები, - უთხრა ეშმაკმა, - თავს იღუპავ, მაგრამ მაინც ჩემი ხარ". "შენი კი არა, ღვთისა ვარ", - მიუგო ღირსმა მამამ. "სამი დღეა, შენს ძმაზე ხარ განრისხებული, - უთხრა დემონმა, - წყენა ჯერაც არ დაგვიწყებია. ამიტომაც მომცა ღმერთმა შენი თავი. გეენიის ცეცხლი მოგელის!" ეს რომ გაიგონა, მამა ისააკმა ჯვარი გადაისახა და ძმასთან წავიდა, მუხლი მოიდრიკა მის წინაშე და შეურიგდა. სენაკში დაბრუნებულმა დაინახა, რომ ეშმაკს, რომელსაც ვერ დაეთმინა ძმასთან მისი შერიგება, დაეწვა ხელსაქმე და ტყავი, რომელსაც მამა ისააკი ლოცვისას იატაკზე იგებდა ხოლმე.

ბეჭდვა
1კ1