თუ გინდა, ცხონდე, იქმენ ვითარცა მკვდარი
თუ გინდა, ცხონდე, იქმენ ვითარცა მკვდარი
ერთმა ძმამ წმინდა მაკარი დიდს რჩევა სთხოვა: როგორ ვიცხოვრო, სასუფეველი რომ დავიმკვიდროო. "წადი სასაფლაოზე და აგინე მკვდრებს", - უთხრა ბერმა. დაუჯერა ძმამ, წავიდა სასაფლაოზე, ქვების სროლა და მიცვალებულთა გინება დაიწყო. მამა მაკარისთან რომ დაბრუნდა, ბერმა ჰკითხა: "გითხრეს რამეო?" "არა, მამაო", - უპასუხა ცხოვნების მაძიებელმა. "ახლა წადი და აქე ის მიცვალებულნი", - უბრძანა მაკარიმ. ძმამ, მისი რჩევისამებრ, საფლავების წინ მუხლი მოიდრიკა და მიცვალებულთ წმინდანი და მართალნი უწოდა. შემდეგ ისევ ღირს მამასთან დაბრუნდა. "არც ახლა გითხრეს რამე?" - ჰკითხა მან. "არაფერი, მამაო", - უპასუხა ძმამ. "ხომ ხედავ, აგინებდი - არაფერი გიპასუხეს, არც მაშინ უთქვამთ რამე, როცა ადიდებდი. მაშ, ისწავლე, ძმაო: თუ გინდა, ცხონდე, იქმენ ვითარცა მკვდარი - ნურც ქებას, ნურც გინებას კაცთაგან ნურად მიიჩნევო", - ურჩია წმინდა მამამ.

ბეჭდვა
1კ1