ჩვენ მხოლოდ სკვნილი და მუხლთა დრეკა გვქონდა
ჩვენ მხოლოდ სკვნილი და მუხლთა დრეკა გვქონდა
თავი 6. "მიეცი სისხლი და მიიღე სული"
(გაგრძელება)
ჩვენ ბევრს ვშრომობდით, ძალზე ბევრს ვშრომობდით. მთელი დღე ტვირთი გადაგვქონდა , ბერდიდი კი წამითაც არ წყვეტდა ჩვენს ლანძღვას. ამას დავუმატოთ ცხოვრების მძიმე პირობები, მღვიძარება, გულისთქმები, ბრძოლა ვნებებთან, ეშმაკის თავდასხმები ძილში თუ ცხადში. ადგილიც, სადაც ვცხოვრობდით, ძალზე მკაცრი გახლდათ. ისე კი არ იყო, როგორც ახლა ვართ: თბილა, ღუმელი გვათბობს, ბატარეაც. მე, როგორც უფროსს, ყველაფერი მაქვს. მაშინ კი სულ სხვანაირად იყო. მაგრამ მთელ ამ ღვაწლს დავუდე საძირკველი, რომელზეც ბერდიდის ლოცვით დღემდე მყარად ვდგავარ ფეხზე. რა თქმა უნდა, სულიერი ანემია მჭირს, სულიერად ყველაფერი დამიჭკნა, ყველაფერი დამისუსტდა, მაგრამ ბერდიდის ლოცვა დღემდე მაძლებინებს.

მშვენიერი იყო ეს ღვაწლი! მშვენიერი და კურთხეული იყო ეს წლები! ახლა, როცა მათ ვიხსენებ, ვხედავ ჩვენს კალივებს, ვფიქრობ, როგორ ვცხოვრობდით იქ: ნამდვილი ვატერლოო იყო შრომისა და სნეულებათა სიმძიმის მიხედვით! ამ მოსაგრეობითა და ღვაწლით ავსებულმა დრომ გამოიღო ნაყოფი მადლისა, უმწიკვლობისა, შინაგანი და გარეგანი სიწმინდისა, სულშიც და სხეულშიც - რა თქმა უნდა, ყველაფერი ბერდიდის ლოცვით მოხდა.

ბერდიდი ჩვენ თეორიას გვასწავლიდა, გზას გვიჩვენებდა, რომ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადავხრილიყავით და ამიტომაც ცხოვრება სულიერი კეთილდღეობით მიედინებოდა. მკაცრი აღზრდა ვნებების დაცხრომასა და ყოველივე იმ აუცილებელის შეძენას ემსახურებოდა, რაც ჩვენ გვაკლდა. პატარა ბიჭები ვიყავით და ასეთი მკაცრი აღზრდა გვჭირდებოდა. ის ჩვენთვის ზეიმად იქცა, რადგან ვიცოდით, რომ ეს შრომა კიდევ და კიდევ ღვთის მადლს მოიტანდა.

ჩვენ განსაცდელები გვქონდა, გულისთქმები, ვნებების ჯანყი, მაგრამ მოძღვარი გვაკონტროლებდა და ჩვენს საკუთარ, შეუსუსტებელ სიფხიზლესაც ვერ გაუსხლტებოდა. ბერდიდის დარიგებების წყალობით გონება სიფხიზლეს ინარჩუნებდა და ყოველთვის მზად იყო, რაწამსაც მოვიდოდა, მაშინვე განედევნა ღვთის საწინააღმდეგო აზრები, რათა მათ რაიმე ცოდვიანი სახე არ დაეხატათ. ბერდიდი დაუღალავად თვალს ადევნებდა ჩვენს ცხოვრებას. ვმარხულობდით, ვმღვიძარებდით, ვლოცულობდით და ვცდილობდით, გონებისთვის უკან, ერში დაბრუნების ნება არ მიგვეცა. მართლაც, ჩვენი კელიის საზღვრების უახლოესი გარემოს იქით ჩვენი გონება არ გადიოდა. ის მხოლოდ ზევით ისწრაფოდა.

ჩვენ ნებაყოფლობით მოვიკელით მრავალი საგანი, ერთადერთი მიზნით - სულიერად წარვმატებულიყავით. უფრო მეტად ღამით ვმოღვაწეობდით. რამეთუ ღამე თავისი ბუნებით გონების დამშვიდებას ეხმარება და ლოცვისთვის დროს იძლევა.

თავი მეშვიდე. მღვიძარება.
ჩვენი უმთავრესი საქმე მღვიძარება (ღამისთევის ლოცვა) იყო. ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ ჩვენთვის მოსახერხებელი ყოფილიყო ღამე ლოცვა. მაშინ უდაბნოში ყოფნისას, ტიპიკონის მიხედვით, მზის ჩასვლისას უნდა გაგვეღვიძა (ათონზე შუადღისას ისვენებენ) და ლოცვას შევმდგარიყავით. გამოღვიძების მერე ჭიქა ყავას ვსვამდით - ისიც იმიტომ, რომ მღვიძარებაში დაგვხმარებოდა. ბერდიდმა გვიბრძანა, დაღამებამდე ყავა დაგველია. გამონაკლისნი იყვნენ ისინი, ვისაც ყავის დალევა არ შეეძლო. უძლურ ძმებს ნება ჰქონდათ, მოსაძლიერებლად ცოტა რამ ეჭამათ. ყავის დალევის მერე ბერდიდს მდუმარედ მუხლს ვუყრიდით, სიტყვის უთქმელად კელიებში გავიფანტებოდით და იქ, იმ მეთოდითა და ხერხით, რომელიც ჩვენ ბერდიდმა გვასწავლა, ლოცვასა და მღვიძარებას შევუდგებოდით. ჩვენ "სამწმიდაოს" ლოცვას ვიტყოდით, შემდეგ კი ვსხდებოდით პატარა სკამებზე და მივეცემოდით მწუხარებას, სიკვდილზე ფიქრს, ქრისტეს ჯვარცმის გახსენებას. სხვა არაფერი გონებაში არ მოგვდიოდა. გამოღვიძებისთანავე მუდმივად სიკვდილი გვახსოვდა.

ბერდიდი გვეუბნებოდა, რომ გამოღვიძებული გონება - წმინდაა, რამდენადაც ის იმგვარ სიმშვიდისა და სიწმინდის მდგომარეობაშია, რომ ყველაზე ხელსაყრელი დროა სასწრაფოდ მისცე მას პირველი სულიერი საჭმელი. დაჯექი შენს სკამზე, პირველ რიგში, ვიდრე "იესოს ლოცვას" შეუდგები, რამდენიმე ხანს იყუჩე, სიკვდილზე იფიქრე. ასე გვასწავლიდა ჩვენ ნეტარი მამა. მთელი ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერი იყო, მხოლოდ ლოცვისადმი მუდმივი თავის იძულება.

ამგვარად, ყველანი კელიებში ვიყავით, სიბნელეში დაყუდებულნი. ჩვენ მხოლოდ სკვნილი და მუხლთა დრეკა გვქონდა, სხვა არაფერი, სკვნილი და მუხლთადრეკა. მე ხან ორი, ხანაც სამი საათით ჩავიკეტებოდი და გონებისმიერ ლოცვას ვამბობდი. ხშირად ხუთი საათიც ვიჯექი. როგორც კი გონება იწყებდა დაბინდვას და თვლემა მერეოდა, მაშინვე ეზოში გავდიოდი. როცა გონებისმიერი ლოცვით ვიღლებოდით, ბერდიდის რჩევით, წიგნებს ვკითხულობდით, სულიერ საგნებზე ვფიქრობდით, ვიხსენებდით ჩვენს ცოდვებს და კვლავ გონებისმიერ ლოცვას ვუბრუნდებოდით.

ის ამგვარ რჩევასაც გვაძლევდა: "შეხედე, - ამბობდა ბერდიდი, - როცა ლოცვისგან ნუგეშს ვერ ვიღებ, სულის მოსახსენებელ ტროპარებს ვგალობ, ერთს, მეორეს და ვტირი... ვიხსენებ სიკვდილსა და მსგავს რამეს. შენც, ჩემო შვილო, თუ ლოცვა არ მიგდის, თუ ის თავისთავად არ მოქმედებს და არ არის ძლიერი ტირილის მიმართ, რათა მისგან სარგებელი ნახო. თუ ტირილიც არაფერს მოგცემს, მაშინ გონება ჯვარცმულ მაცხოვარს მიაპყარ. თუ ესეც სიკეთეს არ მოგვცემს, გონება ჩვენი ცოდვებისკენ მივმართოთ. თუ ამითაც არაფერი გამოდის, გავიხსენოთ ჩვენი უძლურებანი, აღვნიშნოთ, თუ რაში გამომჟღავნდებიან, რათა მეორე დღეს მათ შევებრძოლოთ". ამომწურავი სწავლებაა, არსებითი.

***
ზამთარში ციოდა, ძვლები მეთოშებოდა, არც სპირტი, არც ნავთი (გაციების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ, უმატებდნენ წიწაკასა და მდოგვს და იზელდნენ სხეულს) ჩვენ არ გვქონდა. მღვიძარება ბრძოლის ფასად გვიხდებოდა, მაგრამ ეს იყო ნამდვილი მღვიძარება: რვა-ცხრა საათი ლოცვა, მუხლთადრეკა, გაწვალება, დამძიმება არა სულით, არამედ სხეულით, რამეთუ მაშინ ის კომფორტი არ გვქონდა, რაც ახლაა.

როცა რაღაცის დაწერა გვინდოდა, ავანთებდით ზეთის კანდელს. შუა კელიაში ბოძწკინტს ვეყრდნობოდით, რათა არ დაგვღლოდა ხელები და აღგვესრულებინა მსახურება. თავდახრილნი ამგვარადვე ვლოცულობდით. თუ ძილი მოგვერეოდა, წელში გავიმართებოდით და სკვნილზე ვლოცულობდით. ხოლო როცა ძილის დრო მოგვივიდოდა, ავიღებდით ბალიშს და იქვე ვიძინებდით.

ზაფხულობით თითოეულს ჩვენი პოსტი გვქონდა ეზოში. თავიდან თითოეული იმდენს ლოცულობდა თავის კელიაში, რამდენიც სურდა, შემდეგ ღამე გამოდიოდა ეზოში და იქ ლოცულობდა. თითოეულის ღამისთევის ლოცვა არანაკლებ რვა საათი გრძელდებოდა. მხოლოდ რვასაათიანი ღამისთევის მერე მივდიოდით დასაძინებლად.

თითოეული ვლოცულობდით, რაც შეიძლება დიდხანს ვყოფილიყავით გონებისმიერ ლოცვაში, საკუთარ კელიაში ჩაკეტილნი, სკვნილის გარეშე, სინათლის გარეშე. ერთი - ორი საათი, სხვა - სამი საათი, მესამე - ოთხი საათი, რამდენის ნებასაც გვაძლევდა თითოეულს ხორციელი და სულიერი ძალები. მე, როგორც ყველაზე პატარა და სუსტი, ეზოში ყველაზე ადრე გამოვდიოდი და პატარა მოედანზე ქვებზე შემდგარი ვლოცულობდი.

ბერდიდი გონებისმიერ ლოცვაში 7-8 საათი იმყოფებოდა. შემდეგ ღვთისმსახურებას სკვნილზე აღასრულებდა, მუხლთადრეკით.

ბერდიდი მუდმივად გვამღვიძარებდა. ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო სიზარმაცე, ღამისთევის ლოცვისას ძილი. ეს ჩვენი საძმოსთვის უცნობი რამ იყო. ბერდიდმა ჩვენ ფოლადისგან გამოგვჭედა. ვინაიდან თვითონვე იყო უპირველესი - წმინდა ფოლადი. მე კი უკანასკნელი ვიყავი, რადგან ყველაზე სუსტი გახლდით სულითა და სხეულით. ჩემი ძმები ჩემზე ცოტათი უკეთესები იყვნენ.

ტიპიკონით ღამისთევის ლოცვა მთელი ღამე აღესრულებოდა. არ შეიძლებოდა გეთქვა: "დავიღალე, დავისვენებ, რადგან ტვირთს ვათრევდი, ვმუშაობდი". ამას არ შეეძლო ტიპიკონის შეცვლა. დღისით როგორც არ უნდა დაღლილიყავი, ღამისთევის ლოცვა უცილობლად უნდა შესრულებულიყო. გეძინა თუ არა, დაწესებულ დროს, მზის ჩასვლისას უნდა წამომდგარიყავი და ღამისთევის ლოცვა დაგეწყო. ძილი გებრძოდა, იტანჯებოდი მასთან ბრძოლაში? "ღამისთევის ლოცვას შენ შეასრულებ!" - გეტყოდა ბერდიდი. ის არანაირად არ შეგიწყნარებდა, ძმას ღამისთევისგან გათავისუფლება არ შეეძლო.

დღის განრიგიც მოწესრიგებული გვქონდა, ისე არ იყო, რომ ხან ერთ საათზე ავმდგარიყავით, ხანაც სხვა დროს, ანდა დაწესებულ დროს არ დაგვესვენა. ვისაც ასე არ შეეძლო, ის სხვა ადგილას მიდიოდა, ანუ თითოეულს უნდა დაეცვა ეს განრიგი, თორემ აქ დარჩენას ვერ შეძლებდა: ან თვითონ მიდიოდა ან ბერდიდი გააგდებდა. აქ მისი ტიპიკონი, ამგვარი ღვაწლი უნდა აღსრულებულიყო.


ბეჭდვა
1კ1