წმინდა ნინოს ჯვრები
წმინდა ნინოს ჯვრები
ერთ კლდეზე იდგა ხე ფრიად მშვენიერი და საოცრად სურნელოვანი. მრავალი სასწაული ისმოდა მისგან, ისარცემულ ნადირს რომ მიერბინა და ამ ხის ფოთოლი ან ნაყოფი ეჭამა, სიკვდილს განერებოდა.

როცა წმინდა იოანე ეპისკოპოსს აუწყეს ამ ხის შესახებ, მოვიდა, იხილა და ბრძანა: ამ ხის კეთილსურნელება მოასწავებს, რომ ღვთის მადლი მოეფინება ქართლის სამეფოს. ამ ხისგან უნდა გამოიჭრას პატიოსანი ჯვრებიო.

25 მარტს (ძვ. სტ.), ხარება დღეს მოჭრეს ხე. ასმა კაცმა ზურგით იტვირთა და წამოიღო. ოცდათექვსმეტი დღე ისე დაჰყო ხემ, რომ ფერი არ უცვლია და მისი ტოტები ფოთლითა და ნაყოფით შეიმოსა. პირველ მაისს გაჰკვეთეს ხე და 20 მაისს გამოჭრეს მისგან ოთხი ჯვარი.

ამის შემდგომ, ყოველღამე საკვირველ ხილვას ხედავდა ხალხი: ცეცხლის ჯვარი ჩამოეშვებოდა ზეციდან, დაადგებოდა ეკლესიას თავზე, სადაც ეს ჯვრები ესვენა, "გვირგვინითა ვარსკვლოვანითა დაადგრის ვიდრე განთიადამდე", ხოლო როცა ირიჟრაჟებდა, ერთი ვარსკვლავი აღმოსავლეთით წავიდოდა, მეორე - დასავლეთით, ჯვარი კი არაგვს გაღმა, ერთ ბორცვზე, წყაროს ზემოთ დაადგებოდა.

რახან სიტყვამ მოიტანა, ამ წყაროზეც ვთქვათ. ჯვრის მონასტრის ქვემოთ ფერდობზე მოედინება წმინდა ნინოს ლოცვით გამოთხოვილი წყარო, რომელსაც ძუძუს წყაროსაც ეძახიან, რადგან რძეგამშრალ მეძუძურ დედებს მისი წყლის ხმევა რძეს უბრუნებს.

ეს სახილველი მრავალი დღე იხილვებოდა. წმინდა ნინოს რჩევით, ამ ორ ვარსკვლავს კაცნი გააყოლეს, რომელთაც გაიგეს, თუ სად გაჩერდნენ ისინი. ერთი ვარსკვლავი თხოთის მთაზე გაჩერდა, სადაც მეფე მირიანი ქრისტიანად მოიქცა. მეორე ვარსკვლავმა კუხეთის ქვეყანამდე მიაღწია. წმინდა ნინოს ბრძანებით, ერთი ჯვარი თხოთის მთაზე წააბრძანეს, მეორე ქალაქ უჯარმაში აღმართეს, მესამე კი არაგვს გაღმა - ბორცვზე. მეფე მირიანს მცირე ეკლესია აუშენებია, სადაც დაუსვენებია ჯარი პატიოსანი. მიქაელ საბინინის ცნობით, XIX საუკუნეში თხოთის ეკლესიაში აღმართული ჯვარი სოფელ ქვემოჭალაში ამილახვრიანთკარის ეკლესიაში ყოფილა დასვენებული. იგი ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დასვენებული. ჯვარი XV საუკუნეში ვერცხლის ფირფიტებით მოუჭედავთ.

მეორე ჯვარი - უჯარმის ჯვარიპატიოსნის სახელითაა ცნობილი. ის ერთხანს სოფელ ახმეტაში იყო დაცული და 1923-24 წლებში, ანტირელიგიური მოძრაობის დროს დაიკარგა.

ოთარაშენის ეკლესიაში უძველესი დროიდან დაცული იყო წმინდა ნინოს თმა და კვიპაროსის ხის ტოტის ნაწილი, რომელიც მეფე მირიანის ბრძანებით მცხეთაში მოჭრეს წმინდა ჯვრების დასამზადებლად. ეს სიწმინდეები ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილებაა.

რაც შეეხება მცხეთის ჯვარიპატიოსანს, მცხეთაში ბორცვზე ჯვრის აღმართვის მერე, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს, იხილეს საკვირველი ნათლის სვეტი ჯვრის სახით, რომელსაც თორმეტი ვარსკვლავი დაადგა თავს. ხოლო ბორცვი იგი, სადაც აღმართული იყო ჯვარი, იძვროდა ძლიერად. მერე სხვა რამეც იხილეს: მზეზე შვიდგზის უბრწყინვალესი ნათელი დაადგა ჯვარს. და ანგელოზნი ხმამაღალი გალობით "აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა". ამ და სხვა სასწაულებმა განამტკიცა ხალხში რწმენა.

ამ დროს მეფე რევის შვილი სასიკვდინე სენით ჰყოლია ავად. შეწუხებულ მეფეს მიუყვანია იგი წმინდა ნინოსთან, მიუცია ხელთ და უთქვამს, - თუ შენი ლოცვით გამიცოცხლა შვილი ამ ჯვარმა, მაშინ პირობას გაძლევ, დედაო, როგორც შემეძლება, მის შესაფერის კუბოს გავუმზადებ პატიოსან ჯვარსო. მოიყვანა წმინდა ნინომ ბავშვი, ჯვრის წინ დააწვინა და ცრემლით შესთხოვა უფალს მისი განკურნება. როგორც კი დაასრულა ლოცვა, ყრმა მაშინვე განიკურნა. მეფემ პირობა აასრულა და გაამზადა კუბო პატიოსანი ჯვრისთვის.

ერთი ყმაწვილი ორივე თვალით დაბრმავდა. შვიდი დღე და შვიდი ღამე ევედრებოდა შველას ჯვარს ნინო, მერეღა შეახო თვალებზე და მყის განკურნა.

ერთ პატარას თამაშისას უეცრად ფეხი დაუსხლტა, დაეცა და მოკვდა. ჯავრით გაგიჟებულმა დედამ მკვდარი ბავშვი აიყვანა და ჯვრის წინაშე დაასვენა. ხალხი ეუბნებოდა, დამარხეო, მაგრამ იმედით გულმოცმული ქალი ღმერთს სთხოვდა მის გაცოცხლებას. უეცრად ნათელი გამოკრთა ჯვრიდან, ვითარცა ელვა და მას ტკბილი ხმაც გამოჰყვა - დიდია, დედაკაცო, შენი სარწმუნოება, შენი სასოება. მოგანიჭებ გაცოცხლებულ შვილს. და ნუღარ შეაწყენ აქ მყოფ ხალხსო. უეცრად ყრმა გაცოცხლდა და დედას ყელზე მოეხვია. ქალს მოულოდნელი სიხარულისგან მცირე ხნით გული წაუვიდა და მკვდარივით იწვა ჯვრის წინაშე. გაოცდა მეფე და მთელი ერი და ადიდეს სახიერი ღმერთი.

მრავალი სასწაული ხდებოდა მცხეთის ჯვარიპატიოსნისგან, მრავალ უშვილოს მიეცემოდა შვილი და არა მარტო მათ, ვინც მივიდოდა ჯვართან, არამედ შორით მავედრებელთაც აუსრულებდა სათხოვარს.

მეფე სტეფანოზმა პატიოსანი ჯვრის გვერდით ჯვრის ეკლესია ააშენა (VI ს-ის ბოლოს და VII ს-ის დასაწყისში). დღეს ჯვრის მონასტერში შემორჩენილია წმინდა ნინოსეული ჯვრის კვარცხლბეკი. მცხეთის ჯვარიპატიოსანი თეიმურაზ II-ს ვერცხლის პერანგით შეუმოსავს და დავით ავალიშვილს შეუმკია. XIX ს-ის მიწურულამდე ჯვარი სვეტიცხოვლის საკურთხეველში ესვენა. იგი ორჯერ გაუძარცვავთ. ჯვარში ჩასვენებულია წმინდა ნინოს ჯვრის ნაწილი. 2004 წელს ტაძრის მაშინდელი წინამძღვრის მამა ილიას (ნასიძე) თაოსნობით ჯვარს რესტავრაცია ჩაუტარეს. სწორედ იმ დროს დაიწყო პატიოსანმა ჯვარმა მირონდენა. ეს ჯვარი ახლაც სვეტიცხოვლის ტაძარშია აღმართული და შეეწევა მორწმუნეებს.
ბეჭდვა
1კ1