ნუ გეშინია, ილარიონ
ნუ გეშინია, ილარიონ
კაცობრივი შიში არ იყო უცხო ქართველი წმინდა მამებისათვის, მაგრამ მას ღვთის დიდი რწმენით სძლევდნენ: ღვთისმშობლის ბრძანებით, იორდანიის უდაბნოდან სამშობლოში დაბრუნდა წმინდა ილარიონ ქართველი. მამისეული ქონება კეთილად განაგო, მამის სახლი დედათა მონასტრად გადააკეთა, სადაც დედა და და მონაზვნებად აღკვეცა. დედის სიკვდილის შემდეგ გარეჯის უდაბნოში წავიდა და მამა დავითის საფლავზე ეკლესია ააშენა. წმინდა ილარიონის კეთილ საქმეებს შეეწინააღმდეგა მისივე დედის ძმა - დაიფიცა, შეჩვენებული ვიყო, თუ არ მოვკლა და მაგის მონასტერი არ დავანგრიოო, კარზეც კი წააწერა: "სამი დღის მერე ყველა იხილავს ამ მონასტერს დამწვარს". მთელი ღამე ილოცა წმინდა ილარიონმა და განთიადისას მიერულა. გამოეცხადა კაცი ბრწყინვალედ მოსილი: "ნუ გეშინია, ილარიონ, დღესვე განისწავლის იგი და შეგივრდეს ფერხთა შენთა". მართლაც, როცა გათენდა, ეშმაკმა დააკვეთა მოღალატე ბიძა და მანამ არ განიკურნა, ვიდრე ილარიონმა ჯვარი არ გადასახა.

ბეჭდვა
1კ1