"ბევრია წოდებული, მაგრამ მცირეა რჩეული"
"ბევრია წოდებული, მაგრამ მცირეა რჩეული"
XIX საუკუნის ბერდიდი მამა პაისი
გაგრძელება
მამა პანტელეიმონის ჩანაწერებიდან. მამა პაისის მოწაფე, ექვთიმე, მოძღვართან 25 წელი ცხოვრობდა. ბერდიდზე საუბრისას გაიხსენა ერთი შემთხვევა, რომელიც მოწმობს გონება-გულისმიერ ლოცვაში მის წარმატებას. ექვთიმე ძალზე უბრალო კაცი იყო. ეს თვისება და ბერდიდიდის მორჩილება, ვითარცა იარაღი, მიზეზი გახდა ღვთის დიდი მადლის მიზიდვისა, რომელიც მასში მოქმედებდა, როგორც სრულყოფილ მამებში, რომელთაც გონება მთლიანად ღვთისკენ აქვთ აღტაცებული. მამა პაისი ერთხელ სტუმარ მონაზონთან იესოს ლოცვაზე მსჯელობდა, ამბობდა, - ის წარმატებულ მამებს შეუცვლის ყველა ლოცვასო. ექვთიმე შორიახლოს იჯდა, ეს რომ მოისმინა, თავისთვის დაფიქრდა: განა ჩვენს მიერ წაკითხული კანონი, სხვადასხვა ლოცვა და ტროპარები უფლისა, ზეციური დედოფლისა და წმინდანებისა - ლოცვა არ არის? ნუთუ ასეთ ლოცვებს არა აქვს კადნიერება? შეეჭვდა და არ დაიჯერა ის, რაც ბერდიდმა სტუმარს უთხრა. იმ წამს იგრძნო, თითქოს სუნთქვა შეწყვიტა და საკუთარ თავში ჩაიკეტა. თავი შეუმსუბუქდა, მისი სული გამოუთქმელი ნათლით დაიბეჭდა; გონება უცნაურად და უცნობ ადგილას აღმოჩნდა და მის წინაშე იდუმალი საიდუმლო განცხადდა. ექვთიმე სულიერ აღტაცებაში მოვიდა, როგორიც შეემთხვევათ ხოლმე მათ, ვინც მჭვრეტელ ლოცვას ეწევა. ამ დროს გონება და ცნობიერება სულიერი საგნით იმდენად ტყვევდება, რომ ყოველგვარი გარეგნულისგან თავისუფლდება და რადგანაც ამ დროს გამოუთქმელი საიდუმლოებები განეცხადა, ერთდროულად უდიდესმა შიშმა და სიხარულმა მოიცვა, სული მისი თითქოს ხტოდა და ამბობდა: "დიდ ხარ შენ და მოქმედი საკვირველებათაი შენ ხარ!" მოეჩვენა, რომ სხეული ამ დროს იყო უსულო, უბრალო, სული მისი გაეყარა სხეულს. ევედრა უფალს, რომ არ გაეყვანა მისი სული სხეულიდან, რამეთუ ჯერ ამისთვის მზად არ იყო და მერე ყველაფერ ამის შესახებ ადამიანებს უქადაგებდა. ხმა ესმა: "ადექი და შეხედე, თუ როგორია ეს საქმე". "წამოვდექი, - ჰყვებოდა ექვთიმე, - სხეულს ვეღარ ვგრძნობდი. მაშინ ჩემში არსებულმა ნათელმა მითხრა: "ექვთიმე, ახლა გწამს, რაზეც ბერდიდი საუბრობდა, თუ ისევ ურწმუნოებაში რჩები? თუ სრულად არ დაიჯერებ, მე გამოვალ აქედან!" შევღაღადე: "მრწამს, უფალო, მაგრამ გევედრები: ნუ გაიყვან ჩემს სულს, რამეთუ მზად არ ვარ და შენს სახელს კაცთა წინაშე ვაღიარებ!" ხმა მომესმა: "აი, რაზე საუბრობდნენ ისინი, აი, როგორია მათი ლოცვა. ამიტომაც გწამდეს იმისა, რასაც ისინი ამბობენ".

როცა გონს მოვიდა, ნათლის მოქმედება გრძელდებოდა, სული კი სიხარულისაგან ხტოდა.

ბერდიდი ამ დროს ჯერ კიდევ მონაზონს ესაუბრებოდა. გონს მოსულ ექვთიმეს თვალები თითქოს გაჰყინვოდა. ნათლის მიერ სულის გაცისკროვნებისას თვალები გახელილი ჰქონდა და იქით იხედებოდა, საითაც გაცისკროვნებამდე იცქირებოდა. დიდხანს იზელდა თვალებს და ქუთუთოებს, მაგრამ ისინი არ მოძრაობდნენ. გავიდა დიდი დრო. სასოწარკვეთილს არ ჰქონდა იმედი, რომ თვალები ძველ მდგომარეობას დაიბრუნებდნენ. ამიტომაც შეჰღაღადა ზეციურ დედოფალს და შეწევნა სთხოვა. მაშინვე ქუთუთოები აუმოძრავდა.

ერთხელ მამა ექვთიმე მამა პაისის დარიგებებზე საუბრობდა, თუ როგორ უნდა გვყვარებოდა მტერი. მას უთხრეს: ძნელია, ისინი მთელი გულით შეიყვაროო. მოძღვრის საქმეთა მიმდევარმა ექვთიმემ უთხრა: "ძნელი რომ არ ყოფილიყო, ამისთვის არც საზღაური გაიცემოდა. მაცხოვარმა თქვა: ჩემი მოყვარულნი ჩემს მცნებებს დაიცავენო. მისი მცნება საკუთარი მოყვასისა და მტრების სიყვარულია, და მაშინ გავხდებით ჩვენ შვილნი ღმრთისანი, როგორც თვით უფალი ამბობს წმინდა სახარებაში. ამიტომაც სათნოებათა ქმნას ღვაწლი რომ უნდა, ამაზე უფალმა თქვა: "ბევრია წოდებული, მაგრამ მცირეა რჩეული". რომ მცირედნი იქნებიან ისინი, ვინც ღვთის მცნებების აღსრულებაში იმოღვაწებენ".

გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე მამა პაისის ერთი რუსი მონაზონი ეწვია თავის ღვიძლ ძმასთან ერთად და ხანგრძლივად ესაუბრა. მათი საუბრის საგანი უფლის წმინდა საიდუმლოსთან ხშირი ზიარება იყო. პირველ რიგში ბერდიდმა ერისკაცს ჰკითხა, რამდენჯერ ეზიარებოდა. მან უპასუხა, - წელიწადში ერთხელო. გულაჩუყებულმა ბერდიდმა შეაგონა, რომ თვეში ერთხელ ან, უკიდურეს შემთხვევაში, ყოველ მარხვაში ზიარებულიყო. ერისკაცმა - ცხოვრებისეული საზრუნავი ამის საშუალებას არ მაძლევსო. ბერდიდი არ დაეთანხმა: თუ ვინმე მოისურვებს, ასჯერ მეტი საქმეც რომ ჰქონდეს, მთელი ქვეყნის მმართველიც რომ იყოს, მაინც მოძებნის ზიარებისთის დროს, ისევე როგორც მიწიერი საქმეებისთვის ნახულობსო. მერე კი ხშირი ზიარების აუცილებლობაზე ესაუბრა, რადგანაც ამ საიდუმლოთი მჭიდროდ შევუერთდებით უფალს და მასთან ერთ სულ ვიქნებით. ამ ცხოვრებაში უფალთან შეერთების გარეშე როგორ შევუერთდებით მას მომავალში? ერისკაცი შეეკამათა, - როგორ შეიძლება ხშირად მოემზადო ასეთი საიდუმლოებისთვის, როცა ერისკაცული საქმეები გავალიაო. ბერდიდმა აუხსნა, რომ სინანულის არსი მხოლოდ ბაგეებით მოძღვართან ხმამაღლა აღიარება კი არ არის, არამედ საჭიროა მუდმივად სინანულის გრძნობა გვქონდეს და ყოველთვის ვიცავდეთ ჩვენს სინდისს - ვიცავდეთ ღმერთთან, მოყვასთან და თვით საგნებთან დაკავშირებით. მაშინ შენი აღსარება ღვთისა და მოძღვრის წინაშე მუდმივი, ჭეშმარიტი და სრული იქნება. მაშინ არ შეეჭვდები წმინდა საიდუმლოსთან ხშირ ზიარებაში. თუ თვალს არ ადევნებ სინდისს და უყურადღებო ხარ, საქმეების დროს მისი შთაგონების მიმართ რაღა აღსარება და სინანული გექნება?

ამ საუბრისას შეეხნენ ლოცვასაც, ბერდიდმა თქვა: რომ თავდაპირველად ყველა სახარებისეული მცნება უნდა აღვასრულოთ: სულიერი სიმდაბლით, გლოვით, მოწყალებით და სხვა. მაშინ შესაძლებელი იქნება ჭეშმარიტი ლოცვა. და რომ ეს შესაძლებელია მათთვის, ვინც ლოცვაში მუშაკობს და გულმოდგინებს; მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოთმინება უნდა მოვიკრიბოთ, ვინაიდან ლოცვით ჩვევას წინ აღუდგება ეშმაკი და სხვადასხვა განსაცდელს შეამთხვევს, თუ კაცს მოთმინება არა აქვს და დაუდევრად მოიქცევა, ლოცვითი განწყობა დაეკარგება და მალე არ დაუბრუნდება.

თავისი სულის ცხონებისთვის ბევრი და გულმოდგინე ღვაწლის მერე მამა პაისი გარდაიცვალა უფლისა მიმართ 1869 წლის 29 ოქტომბერს. მაშინ ის ასი წლის იყო და აქედან 83 წელი ათონზე იცხოვრა.

ბეჭდვა
1კ1