მხოლოდ ეკლესიის ეზოში გრძნობდა მშვიდად თავს
მხოლოდ ეკლესიის ეზოში გრძნობდა მშვიდად თავს
როგორ აუხვია ხატებს თვალები
როცა გადასახლებაში ვიყავით და გადასახლებულთა შორის კოლმეურნეობების შექმნა დაიწყეს , ერთ-ერთ ასეთ ახალ დასახლებაში შეკრიბეს მამაკაცები და საჯინიბოს მშენებლობას შეუდგნენ.

მშენებლობის მეზობელი სახლის დიასახლისს ბრიგადირმა უთხრა, - ანა ივანოვნა, საჯინიბოს მშენებლებს საჭმელს მოუმზადებ.

მოუტანეს პროდუქტები - ბოსტნეული, ხორცი და ის მუშებს სადილს უკეთებდა.

დადგა დიდი მარხვა. ჩვეულებისამებრ ხორცი მოუტანეს მოსამზადებლად. ანამ უთხრა: - თქვენ ხომ მორწმუნეები ხართ, მარხვაში ხორცს როგორ შეჭამთ? მომზადებაც კი მეუხერხულებაო. ბრიგადირმა უთხრა: - ეგ შენი საქმე არ არის. მოუხარშე - კაცები მუშაობენ, ჭამა უნდათ. შენ თუ არ გინდა, ნუ შეჭამო.

მოვიდა ათი კაცი სასადილოდ. ანამ ხორციანი კერძი მიართვა მათ და შეწუხებული სამზარეულოში გავიდა.

ანას ოთახში ხატი ეკიდა. კაცები შეცბნენ. ერთმა მათგანმა, ივანემ, "იყოჩაღა", პირსახოცი აიღო, სკამზე შედგა და სიცილით თქვა: - ახლა ჩვენ ღმერთუკას თვალებს ავუხვევთ და ის ვერ დაინახავს, თქვენც ცოდვად არ ჩაგეთვლებათო.

ერთი სიტყვით, ხატს თვალები აუხვია, დიასახლისი ამას არ შესწრებია, სამაგიეროდ, მაშინ წაადგა თავს, როცა ივანე ხატიდან პირსახოცს ხსნიდა და ამბობდა: - ღმერთუკამ ვერაფერი დაინახაო. ანამ უთხრა: "რას შვრები, გაგიჟდი? სასწრაფოდ შენდობა ითხოვე..." გალანძღა, როგორც შეეძლო. ივანე კი იცინოდა, - თუ ღმერთი ხედავს, დაე, დამსაჯოს. ჩვენებს ყველას ქონება წაართვეს, ყველა გადაასახლეს - ღმერთმა კი არავინ დასაჯა. აბა, სად არის ის ღმერთი?.. მე აღარ მწამს, რომ არსებობს.

შინ მისულმა ივანემ ცოლს, ევდოკიას უამბო ყველაფერი.

- ვაი, ეს რა გიქნია! შენდობა ითხოვე! შეინანე! - შეეშინდა ქალს. ივანე კი იმეორებდა, - თუ ღმერთი არსებობს, დაე, დამსაჯოსო.

- რა სისულელეს ამბობ? - ატირდა ცოლი.

- ნუ იტირებ, დავიტანჯები და დავიტანჯო. მეცოდინება მაინც, რომ ღმერთი არსებობს.

აი, სადამდე შეიძლება დაუბნელდეს კაცს გონება - ღმერთს დასჯა სთხოვოს! ივანე დასაძინებლად დაწვა. დილით დიასახლისი ადგა და სამზარეულოში საქმიანობას შეუდგა. წამოდგა ივანეც, შეეცადა ნავთის ლამპის ანთებას, ასანთი გაჰკრა... გაოცებულმა ცოლმა ჰკითხა, - ლამპას რატომ ანთებ? დიდი ხანია, რაც მზე ამოვიდა.

- სად არის სინათლე - ბნელა!

ანთებული ასანთი ივანეს თითებში იწვის, ის კი ვერ ხედავს. მეორე ღერს იღებს. ცოლმა ასანთი გამოართვა, თვალწინ აუნთო და ჰკითხა:

- ახლა თუ ხედავ?

კაცი მაგიდაზე ხელებს აცეცებს, ლამპას ეძებს. ვერც ანთებულ ასანთს, ვერც მზეს ვერ ხედავს. მისთვის ბნელი ღამე დადგა.

ცოლი აქვითინდა, - დაბრმავდაო! მაშინ კი მიხვდა ივანე, უფალმა მხედველობა წაართვა. ატირდა. ესე იგი ღმერთი არსებობს!

- წავიდეთ სასწრაფოდ საავადმყოფოში, - შეეხვეწა ცოლი.

- რა მინდა საავადმყოფოში? - უპასუხა ივანემ, - ღმერთმა დამსაჯა, საავადმყოფო ვერ მიშველის...

ევდოკია დაემხო მუხლებზე ხატების წინ და ქმრისთვის ღმერთს შეევედრა.

- რა გატირებს, - უსაყვედურა ქმარმა, - მე თვითონ ვითხოვე სასჯელი და დავისაჯე.

მეორე ღამეს ესიზმრა მაცხოვარი, სწორედ იმ ხატიდან, რომელსაც დასცინა, ეუბნება:

- შენ თვალები ამიხვიე, მეც აგიხვიე... აი ასე... - ორმოცი დღის მერე თვალთ აეხილა.

ეტყობა, ცოლი გულმოდგინედ ლოცულობდა. ივანე კი მართლმადიდებელი სარწმუნოების მქადაგებელი გახდა!

ეს მოხდა 1932 თუ 1933 წელს, ჩრდილოეთ ტომსკის ოლქში, ნარიმის მხარეში, იქ, სადაც ხალხს ასახლებდნენ.

"არ შემიძლია ეკლესიაში შესვლა!"
ვინ იცის, რამდენი მომლოცველი და აღსარების მთქმელი მინახავს, ჩემი ღვთისმსახურების წლებში მთელი რუსეთიდან ჩამოსული. სხვადასხვანაირი ცოდვით მიდიან მღვდელთან ადამიანები, მაგრამ განსაკუთრებით მწარე მოსასმენია ის შედეგები, რაც მოსდევს ხატების შეურაცხყოფასა და მკრეხელობას.

ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა სამარყანდში. შაბათის მწუხრი დასრულდა და ხალხი დაიშალა. ამ დროს ეკლესიის კარებთან გამოჩნდა ავადმყოფური შესახედაობის ახალგაზრდა კაცი. ზაფხული იყო, სიცხე - მას კი ქუდი ეხურა და თავზე ხელი ედო.

დამლაგებელმა უთხრა, - გადით ტაძრიდან, უნდა დავკეტოთო.

ის კი, თითქოს არაფერი ესმისო, კარებს მიეწება. დასვეს დახლთან, ჰკითხეს: - რა გჭირს? ავად ხარო?

- თავი მტკივა, - უპასუხა კაცმა.

- დიდი ხანია ასე ხარ?

ის სამწუხარო ამბავს მოჰყვა:

- ინსტიტუტში ვსწავლობდი და ძალზე მრცხვენოდა, რომ შინ ხატები გვქონდა და დედა ყოველდღიურად მათ წინ ლოცულობდა. მე კი ღმერთის არ მწამდა. სისულელედ მიმაჩნდა დედაჩემის "ჩამორჩენილობა". რამდენჯერ ვთხოვე, - დედა, ხატები მოაშორე-მეთქი.

- რას ამბობ, შვილო, როგორ შეიძლება ასე ლაპარაკიო, - შფოთავდა. ბოლოს გადავწყვიტე, ხატები თავად მომეშორებინა. ისე გადავმალე, რომ ვერავინ იპოვიდა. სამსახურიდან დაბრუნებულმა დედამ ხატები მოიკითხა. ისინი აღარ არსებობს-მეთქი. ვალოდია, მომეცი ხატები, სულზე ცოდვას ნუ დაიდებო. ბევრი მეხვეწა, მაგრამ ვერ შევძელი მეთქვა, თუ რა ვუქენი ხატებს.

დედა დიდხანს ტიროდა და მევედრებოდა, - მომეცი ხატებიო!

მე ვდუმდი. ბოლოს გაბრაზებულმა დედამ მითხრა: - სულელი ხარ და სულელად დარჩები!

ეს არის სულ. ამ სიტყვებმა ცოტათი შემაწუხა, მაგრამ თავი გავიმხნევე და თითქოს არაფერი მომხდარიყოს, დასაძინებლად დავწექი. შუაღამისას საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა - გულამოსკვნილი ვტიროდი. დედამ "სასწრაფო დახმარება" გამოიძახა, წამიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რა ნემსს არ მიკეთებდნენ, თავის ტკივილმა არ გამიარა. თითქმის გავგიჟდი. დედა ტიროდა და საკუთარ თავზე ბრაზობდა, - ჩემს შვილს ასე რატომ ვუთხარიო. ტაძრიდან ტაძარში დარბის, ინანიებს, შენდობას ითხოვს. მაგრამ რას ითხოვს, თუ ხატები აღარ არის...

ბოლოს საავადმყოფოში ხელი მოაწერა გამოწერის ფურცელს და შინ წამომიყვანა. თვე-ნახევარზე მეტი არ მძინებია. არანაირი წამლობა არ მშველის. ბოლოს ვიღაცამ გამახსენა: - წადი ეკლესიაშიო. აი, მეც მოვედი ტაძარში. აქ თავს მსუბუქად ვგრძნობ - დავმშვიდდი. შეიძლება ღამე თქვენთან დავრჩე?

საცოდავმა ბიჭმა ქუდი მოიხადა, თავით კარის ანჯამებს მიეყრდნო. ტაძრიდან ყველა გამოვიდა, ის არ იძვრის, თითქოს ჩაეძინა. შეახსენეს: - ტაძარი უნდა დავკეტოთო...

მან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კვლავ ითხოვა:

- შეიძლება თქვენთან ღამე გავათენო?

ვივახშმეთ. დასაძინებლად დავიტოვეთ. მერე მეორე ღამეც დავტოვეთ. მან ეკლესიის გვერდით ერთი თვე იცხოვრა - შინ წასვლაც არ უფიქრია. გარაჟში საწოლი მოვუწყვეთ, კარადა, სკამი დავუდგით. წიგნები აჩუქეს და ბევრს კითხულობდა. დედა კი დაეძებდა, მილიციას მიაკითხა, საავადმყოფოსაც. მეზობელ ეკლესიაში უთხრეს, შენი ვაჟი წმინდა გიორგის ტაძარშიაო. მოვარდა ატირებული.

- ვალოდია, ცოცხალი ხარ! მადლობა ღმერთს! მე კი ვიფიქრე, დაგკარგე. შვილო, მაპატიე.

- დედიკო, ყველაფრისთვის დიდება უფალს.

- წავიდეთ შინ, შვილო.

- არა, დედიკო, აქ კარგად ვარ.

ერთად იტირეს. მერე დედამ ჰკითხა, - შვილო, მაინც რა უყავი ხატებსო. ოჰ, დედიკო, ისინი აღარ არსებობს, ამას მეტად ნუღარ შემეკითხებიო, - მიუგო.

ჩვენთან მან სამი წელი იცხოვრა, მაგრამ ტაძარში ვერ შემოდიოდა, ვერ ბედავდა. ერთხელ ვთხოვე, - წამოდი, მოსახსენებლების კითხვაში დამეხმარე-მეთქი, მაგრამ ეკლესიის ზღურბლზე ფეხი დადგა თუ არა, შეკრთა, თითქოს დაარტყესო, თავზე ხელები იტაცა - ვაი! მამაო, არ შემიძლია ეკლესიაში შესვლაო და გარეთ გამოვარდა. მხოლოდ ეკლესიის ეზოში გრძნობდა მშვიდად თავს. ხედავთ, რას ნიშნავს ხატი? საშინელებაა მასზე მკრეხელობა - უკრძალველად მასთან შეხება.

ბეჭდვა
1კ1