"ვერ შეძლებ, შვილო, აქ ცხოვრებას"
"ვერ შეძლებ, შვილო, აქ ცხოვრებას"
ჩვეულებრივი ქრისტიანი ერისკაცის ცხოვრებით ცხოვრობდა ცნობილი სარდალი, ციხედიდის მთავარი ევაგრე, ჰყავდა ცოლ-შვილი და, ვითარცა დიდებულს, მრავალი მონა ემსახურებოდა. ერთხელ შვილსა და მონებთან ერთად მტკვარგაღმა, სარკინეთის მთებში წავიდა სანადიროდ. ნადირობისას მტრედი დაინახა, ნისკარტით საჭმელი რომ მიჰქონდა სადღაც. თვალი გაადევნა და დაიმახსოვრა, სად მიიტანა ფრინველმა "ნობათი". მეორე დღესაც დაინახა მტრედი და ამჯერად უკან გაჰყვა. ფრინველმა ერთ გამოქვაბულთან მიიყვანა, სადაც წმინდა შიო ცხოვრობდა. განაცვიფრა უცხო სახილველმა ევაგრე, შიშითა და კრძალვით მიუახლოვდა წმინდა მამას და ვინაობა ჰკითხა. წმინდა შიომ მიუგო: "კაცი ვარ უცხო და ქრისტესმოსავი, განშორებული სოფლის ამბოხს. მინდა, აქ მშვიდად აღვესრულო უფლის სათნომყოფელიო". ევაგრემ თქვა: "ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი, ამიერიდან ერთი ნაბიჯითაც არ მოგშორდები". "ვერ შეძლებ, შვილო, აქ ცხოვრებას, - უთხრა წმინდა შიომ, - გეტყობა, ფუფუნებაში ხარ გაზრდილიო", - მაგრამ ევაგრემ უკან აღარ დაიხია და ღირს მამას დაემოწაფა. როცა წმინდა შიო გარდაიცვლა, ღირსმა ევაგრემაც მოძებნა სხვა მღვიმე, იქ დასახლდა და იქვე აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1