ამიერიდან ქრისტიანულად ვიცხოვრებ
ამიერიდან ქრისტიანულად ვიცხოვრებ
XX საუკუნის დასაწყისში საბერძნეთში, კალამატში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა მუსიკოსი ილია, მაგრამ ვერ ამართლებდა სახელს. 30 წლამდე განშვებულად ცხოვრობდა. არავის და არაფრის ეშინოდა. სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა და ყველასთვის სასურველი იყო. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სიახლოვეს ტავერნა ჰქონდა, სადაც მთელი ქალაქის უსაქმურები იყრიდნენ თავს. უახლოესი მეგობარი გარდაეცვალა. დაკრძალვაზე წავიდა და დიდი ყურადღებით მოუსმინა წესის აგების ლოცვებს. სახარების სიტყვებმა - "გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან" (იოანე 5,24) - ძალზე ააღელვა და მოკრძალებით ჰკითხა ღვთისმსახურს, სიკვდილის შემდეგ სხვა ცხოვრება თუ არსებობსო. მღვდელმა მას მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებანი გააცნო. განაცვიფრა ილია ღვთის მოწყალებამ, შეაძრწუნა თავისმა წარსულმა. წავიდა მღვდელთან, მოინანია ცოდვები და აღთქმა დადო, ამიერიდან ქრისტიანულად ვიცხოვრებო. მალევე მთელი ქონება დაარიგა, თავის ოთახში შავი ფარდები ჩამოაფარა, მოიარა ყველა, ვინც მასზე იყო ნაწყენი და მუხლის მოდრეკით შენდობა სთხოვა. გამოასწორა ყველა ის საქმე, რის გამოსწორებაც შეიძლებოდა. საბოლოოდ, ერთ კელიაში დაეყუდა, სადაც 15 წელი განუწყვეტლივ მოღვაწეობაში განლია. სრულიად აიკვეთა ხორცის, თევზის, კვერცხისა და რძის პროდუქტის ჭამა. ზეთს მხოლოდ შაბათ-კვირას იღებდა. ოთხშაბათ-პარასკევს არაფერს ეკარებოდა. მცირე ხანს ეძინა, ისიც - მიწაზე დადებულ დაფაზე. მისმა ცხოვრების წესმა მრავალი ახალგაზრდა მიიზიდა. შაბათ-კვირაობით იკრიბებოდნენ ილიას სენაკში და მის ბრძნულ დარიგებებს ისმენდნენ. 45 წლისაც არ იყო, ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1