იდგა და მწარედ ტიროდა თავის ცოდვებს
იდგა და მწარედ ტიროდა თავის ცოდვებს
ანტიოქიაში ერთი განთქმული მეძავი ცხოვრობდა, რომელსაც პელაგიას ეძახდნენ. ერთხელ, ძვირფასი სამოსლით შემოსილმა და მოკაზმულმა, ამაყად ჩაიარა ეკლესიის წინ და თან ახალგაზრდების ვნებიანი მზერა გაიყოლა. მიდიოდა თმაგაშლილი, შიშველ მხრებს ურცხვად და გამომწვევად მიარხევდა. ამ დროს ტაძარში სხვა ეპისკოპოსებთან ერთად ნონე ედესელიც იყო. მღვდელმთავრებმა მეძავის დანახვაზე თვალებზე ხელები აიფარეს, წმინდა ნონეს კი ამ ქალის სილამაზე და თავმომწონეობა სულიერ მაგალითად ექცა. ცრემლიანი ლოცვა აღავლინა მღვდელმთავარმა მეძავის სულისთვის. მეორე დღეს, როცა ნონე ტაძარში ღვთის სამსჯავროს შესახებ ქადაგებდა, პელაგიამ ჩაიარა. მან ყური მოჰკრა წმინდა მღვდელმთავრის სიტყვებს და გაქვავდა. განა სხვა დროს არ სმენია ღვთის სიტყვა, მაგრამ ამ წმინდა კაცის ქადაგებამ უცნაური განცდით აავსო. გონს მოეგო, იდგა და მწარედ ტიროდა თავის ცოდვებს. წირვის შემდეგ ქალი ღირს ნონეს ეახლა, დაემოწაფა, დაუტევა ცოდვილი ცხოვრება, რაც ებადა, გასცა, ნათელიღო. მერე ფარულად დატოვა ანტიოქია და მამაკაცურად შემოსილი იერუსალიმში ბერად აღიკვეცა. მას მამა პავლეს ეძახდნენ. ცხოვრობდა ერთ უფანჯრო სენაკში, სადაც მზის სინათლესაც ვერ ხედავდა, მაგრამ ჭვრეტდა შუაღამის მზეს - უფალ იესო ქრისტეს. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყვეს იერუსალიმელმა მამებმა, რომ ქალი იყო.

ბეჭდვა
1კ1