ნუ მომიძაგებ, მამაო, თუმცა დიდად ცოდვილი ვარ
ნუ მომიძაგებ, მამაო, თუმცა დიდად ცოდვილი ვარ
უდაბნოდან ქალაქ ტარსუში მიმავალი ორი ბერი ღამის გასათევად სასტუმროში ჩამოხდა. იქ სამ ყმაწვილს შეხვდნენ, რომელთაც მეძავი დედაკაცი ახლდათ. დაბნეული ბერები ჩამოსხდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა სახარება ამოიღო და კითხვა დაიწყო. კითხვა რომ მოესმა, დედაკაცმა ყმაწვილებს თავი ანება და ბერებთან მივიდა, ჩამოჯდა და ყურადღებით უსმენდა. ბერმა კითხვა შეწყვიტა და გაბრაზებულმა ჰკითხა: როგორ არ შეგრცხვა ჩემი, აქ რომ ჩამომიჯექიო. "ნუ მომიძაგებ, მამაო, თუმცა დიდად ცოდვილი ვარ, მაგრამ მწამს, რომ უფალი ხელს არ მკრავს, ისევე, როგორც არ ჰკრა ხელი ცოდვილ დედაკაცს". "მაგრამ ის დედაკაცი ქრისტესთან შეხვედრის მერე აღარ დაბრუნებია ცოდვას..." "მწამს, რომ ღვთის ძის შეწევნით, ამიერიდან აღარც მე დავუბრუნდები, ოღონდ მასწავლეთ, როგორ მოვიქცე". ბერებმა დედაკაცი დედათა მონასტერში მიიყვანეს, აღკვეცეს მონაზვნად, მარიამი უწოდეს, იღუმენიას ჩააბარეს და თვითონ წავიდნენ. მარიამმა კი დანარჩენი ცხოვრება ლოცვასა და სინანულში გაატარა.

აი, ასეთი სულიერი ფერისცვალება მოახდინა ცოდვილი დედაკაცისა წმინდა სახარების ერთხელ მოსმენილმა სიტყვებმა.

ბეჭდვა
1კ1