ღვთისთვის სიბრძნესა შეუდგეს შიში ღვთისა
ღვთისთვის სიბრძნესა შეუდგეს შიში ღვთისა
1836 წელს წმინდა ილარიონ ქართველმა ივერონში დაცული ხელნაწერების კატალოგი შეადგინა და საქართველოში გამოგზავნა. ერთგან მიუწერია: "გავბედავ და ვიტყვი, ვინაიდგან მაიძულებს ნაწლევი სიყვარულისა მშობელისათვის ქვეყნისა. განამრავლეთ სწავლა საღმრთოისა წერილისა და ნუ პითაღორასა და ნურცა პლატონისა... მესმის, სწავლა განმრავლდა საქართველოსა შინაო და უხარის სულსა ჩემსა, უკუეთუ სახარებასა და ცნობას ქრისტესსა. უკეთუ არა - ვაი ჩემდა, უბადრუკისა... ღვთისთვის სიბრძნესა შეუდგეს შიში ღვთისა და შიშსა ღვთისასა - ხსენება სიკვდილისა და სასუფევლისა, და ამათსა ხსენებასა შეუდგეს მოღვაწება და სათნოება და სიყვარული ღვთისა. ხოლო სიბრძნესა ეშმაკისასა შეუდგეს უდებება, ნაყროვანება, შფოთი, მტერობა, სიძულვილი და სხვანი მრავალნი უკეთურებანი და უბადრუკება... ხოლო უკუეთუ პირველ სიბრძნესა იწურთით - სამგზის სანატრელ ხართ და ჩემს ცოდვილისთვისაც - სახარულევან... ხოლო უკუეთუ შემდგომსა, ვაი ჩემდა, უბადრუკისა"...

***
ღვთაებრივი ნათლით იყო განათლებული წმინდა გრიგოლ ხანძთელი და დიდი სიბრძნით აღსავსე. ყოველივე ამას კი საძირკველი მან ყრმობიდანვე ჩაუყარა. მისი სწავლისადმი გულისხმიერება განმაკვირვებელი იყო ფრიად, "რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითი და ხმითა სასწავლელი სწავლა საეკლესიო, სამოძღვრო, ქართულსა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაცა ისწავა მრავალთა ენათა და საღმრთო წიგნნი ზეპირით მოიწვართნა. ხოლო სიბრძნეცა ამის სოფლისა ფილოსოფოსთა ისწავლა კეთილად და რომელი პოვის სიტყვა კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკვალი განაგდის".

ბეჭდვა
1კ1