მოთმინება და მოხდეს, რაც მოსახდენია
მოთმინება და მოხდეს, რაც მოსახდენია
თავი 6. "მიეცი სისხლი და მიიღე სული"
გაგრძელება
მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა შეიძლება დამმართვოდა, როცა ორი წლის მერე იგივე კბილი ახალ სკიტში ამტკივდა. მივედი ბერდიდთან: - მაკურთხე, რომ ამოვიძრო-მეთქი. წადი კარიესში, ამოიღე კბილი და დღესვე დაბრუნდიო.

ახალი სკიტიდან კარიესში მისასვლელად დაფნამდე ნავს უნდა გაჰყოლოდი, ეს ორი-სამი საათის სავალი იყო, იქიდან კი კარიესამდეც ამდენივე. ამიტომაც მამები ჩვეულებისამებრ კარიესში ათენებდნენ ღამეს: რომელიმე ნაცნობ კელიაში, ანდა კარიესის გვერდით, ყუთლუმუშის მონასტერში. მაგრამ ბერდიდმა მითხრა, - ღამე კარიესში არ დარჩეო.

კარიესში ძალზე გამოცდილმა ექიმმა, მამა ნიკიტამ ნახა ჩემი კბილი და მითხრა: - ეს კბილი რატომ უნდა ამოგიღო? ნუ განვარისხებთ ღმერთს! მოდი, გიმკურნალებ, თორემ მერე სამი ხელოვნური კბილი დაგჭირდება და საკუთარი აღარ გექნებაო.

- ბერდიდმა მითხრა, უნდა ამოიღოო.

- მოდი, ვუმკურნალოთ. ახალგაზრდა ხარ, ცოდვაა ამის ამოღება და მერე ხელოვნური კბილების გაკეთება.

- მოძღვარმა მითხრა, ამოიღეო, ასე რომ, ამომაძრე!

აბა, რა ექნა, ყველაფერს მიხვდა: სულელი, პატარა მონაზონი მორჩილებას ასრულებდა. მან ნემსი გამიკეთა, ქაჩვა დაუწყო, სუნთქვა შეიკრა - და კბილის ამოძრობა გააგრძელა. მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ რა დამემართებოდა წმინდა ანაში, მარწუხებით თუ ამოვიღებდი. ბოლოს, როგორც იქნა, ამომაძრო და მითხრა:

- აი, შენი კბილი. აქ დავიტოვებ, რადგან ტყუილად ამოგაძრე.

- რამდენი გადაგიხადო? - ვკითხე.

- ამდენი.

ფული გადავუხადე და წასასვლელად მოვემზადე.

- სად მიდიხარ? - მკითხა.

- ახალ სკიტში ვბრუნდები.

- სისხლდენა რომ დაგეწყოს? პასუხს მე ვაგებ!

- შენ პასუხს აგებ თუ არა, დარჩენა არ შემიძლია. დიდბერმა მითხრა, - დაბრუნდიო, ესე იგი, უნდა დავბრუნდე.

- ამ ყმაწვილს ხომ ვერაფერს შეაგნებინებ, გიჟია. მოდი, წამალს ჩაგიდებ, რომ სისხლი შეგიჩერდეს, თორემ გზაში სისხლდენა აგიტყდება და ცუდი ამბავი შეგემთხვევა. როცა დაფნაში მიხვალ, წამლიანი ბამბა კიდევ ერთხელ ჩაიდე, მერე კი პირი მარილიანი წყლით გამოიბანე.

- კარგი.

დაფნაში მივედი, იქ ბამბა ჩამიდეს და გზა გავაგრძელე. პირში ზღვის წყალი კარგად გამოვივლე და მაშინვე მოძღვართან წავედი. ორსაათ-ნახევარი აღმართის ავლას მოვანდომე, ამდენივე - დაღმართს. ასეთი მკაცრი იყო ბერდიდი. არასოდეს ხუმრობდა. ის გეუბნებოდა: "მოთმინება და მოხდეს, რაც მოსახდენია".

არ ვიცი, თუ იყო კიდევ ასეთი წმინდა კაცი მეოცე საუკუნის ათონზე. ის გახლდათ მკაცრი, მამაცი, მბრძანებელი. "ან გავაკეთებ ამას, ან არა - მორჩა!" მას სწამდა ღმერთის: თუ შენ სიკვდილი გელოდა, მოკვდებოდი.

თუმცა სიცოცხლის ბოლოს მან მედიცინასთან გამოასწორა ურთიერთობა. როცა უკანასკნელი დღეები დაუდგა, ავად გავხდი, მაგრამ მოძღვრისადმი მორჩილების გამო ექიმს არ მივმართე. როცა მოძღვართან მივედი და ვკითხე, რა მექნა, მან მიპასუხა: - შენ ავადმყოფი ყმაწვილი ხარ. ექიმებთან სიარული დაგჭირდება ხოლმე. მხოლოდ ახლა, სიცოცხლის ბოლოს მივხვდი, რომ შემწყნარებელი უნდა ვიყო. მოსწავლე ყოველთვის უნდა სწავლობდეს, - ამბობდა ბრძენი სოკრატე. თქვენ ბავშვები ხართ და სამედიცინო დახმარება გჭირდებათ. ამიტომაც მიმართეთ ექიმს, მიიღეთ წამალი და ყველაფერი, რაც აუცილებელია.

ყოველდღე ტვირთს ზურგით ვზიდავდით, რამეთუ იქ არ იყო არა მარტო მანქანა, არამედ სასაპალნე პირუტყვიც კი. ქვიშა, შეშა, საკვები - რაც გვჭირდებოდა, ყველაფერი ზურგით მოგვქონდა. ეს ჩვენთვის დიდი ტანჯვა იყო.

ნაძვის მოსაჭრელად მოძღვარი რამდენიმე საათის სავალზე, ათონის ქედებზე გვგზავნიდა. აღმართ-დაღმართ ტყიან ხეობებში იყო სავალი. მივუყვებოდით აღმართს, იქ კი თოვლი რამდენიმე მეტრის სიღრმისა გახლდათ. ჩამოვკაფავდით ტოტებს, ხეებს თოკით შევკრავდით, თავსა და ბოლოში შევუდგებოდით მხრებით, კლდეებზე გადმოვატარებდით და კალივაში მოგვქონდა, რათა კელიები აგვეშენებინა. დილით გავდიოდით და მზის ჩასვლისას ვბრუნდებოდით. ჩვენი კალივები ჩვენივე სისხლით არის აშენებული.

ჩვენი კალივები... მრავალფეხები, გველები... მაგრამ ჩვენ თითქოს ფოლადისაგან ვიყავით გამოჭედილნი. წმინდა ანას მცირე სკიტში სახუმაროდ არ გვქონდა საქმე. მაგრამ ჩვენ ხომ აქ ამისთვის მოვედით. დიდება შენდა, ღმერთო!

ბერდიდი მეტყოდა: "ზღვასთან ჩაირბინე". ათ წუთში უკვე ქვემოთ ვიყავი, მივხტოდი საფეხურებზე, იქიდან რომ გადავვარდნილიყავი, ცოცხალი აღარ დავრჩებოდი. როცა უკან დატვირთული ვბრუნდებოდი, ოფლში ვცურავდი. ვფიქრობდი: - ეს ოფლი მოწამის სისხლის ტოლია-მეთქი. ეს ნათელი გულისთქმები მეხმარებოდა, სიხარულით მეზიდა ტვირთი.

ბეჭდვა
1კ1