როცა ღმერთი კაცის გულს სურვილისაგან თავისუფალს იხილავს, მაშინ მოდის მადლი
როცა ღმერთი კაცის გულს სურვილისაგან თავისუფალს იხილავს, მაშინ მოდის მადლი
სიტყვა სხვადასხვა სათნო მონაზონზე. პატივცემული სტუმართმოყვარე მამა იოსები კარეესში, იოსებიანელთა საძმოდან, დახელოვნებული ოსტატი ბიზანტიური ხატწერისა, გვიყვებოდა: - ვიცნობდი ბევრ მამას, რომლებიც მუდმივად იბრძოდნენ თავიანთი შინაგანი კაცის განსაწმენდად, უკვდავი სულის ცხონებისთვის. ესენი იყვნენ: მამა ხარლამპე, დიდებული მუშაკი მარხვისა, ცხოველმყოფელი წყაროს კელიიელი, წმინდა ნიკოლოზის კელიელი მამა მეთოდე, რომელმაც დიდ სიმაღლეს მიაღწია თავის მიმომწირობაში;

მამა სიმეონი, არაჩვეულებრივად მგალობელი საეკლესიო ჰიმნებისა; სასიამოვნო ხასიათის მამა დიონისე, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების კელიიდან; მამა ხარლამპე, უპოვართა შორის უპოვარი და ძალზე უბრალო; მამა ფილარეტ კოსტამონიკელი, მეფონარე, რომელსაც არასოდეს დაუტოვებია მთაწმინდა, მამა არსენ ხეზე მთლელი, მშვიდი და ძალზე მდუმარე; რუსი მამა ლავრენტი, უკიდურესად მომთმენი და თავმდაბალი; მამა დომენტი მმარხველი; მამა ნეოფიტე, ყველას მიმართ მოწყალე, დღე და ღამ მოუკლებლად მლოცველი; მამა ნიკოდიმოსი უმშვიდესი მოძღვარი, მწყემსი კეთილი; რუმინელი მოსაგრე, რომელიც გარეულ ფრინველებს საკუთარი ხელით აჭმევდა; მამა პახუმი, პახუმელთა ხატწერის სახელოსნოდან, კოლივადებისა და საეკლესიო ტრადიციების მომხრე; ჯერაც ცოცხალი მონაზვნები და მოწყალე მამები ამბერკი და ხარლამპე; არაჩვეულებრივი მეხსიერების მქონე მამა იოანე (რომელსაც ჯერ კიდევ ცოცხალს მივუსწარი და ბევრს მიყვებოდა ძველ ათონელ მამებზე); მამა კოზმა უპოვარი და მდუმარე...

წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში ცხოვრობდნენ ნამდვილი მონაზვნები, რომლებიც საკუთარ თავს არ ენდობოდნენ სულის საცხონებლად. მაგალითად, სახელგანთქმული მამა სერაპიონი, რომელიც მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა;

მამა საბიანეს მთელი შვიდი წელი საწოლზე არ დაუძინია.

მამა დოსითეოსი, რომელიც სათნოებებით ყველასთვის სამაგალითო იყო. მამა ანატოლის სინანულის მადლმოსილი ნიჭი ჰქონდა. მამა საბიანე და სერაფიმე თვით სერაფიმე საროველს იცნობდნენ. ქსენეფონტეს მონასტრის სკიტში ცხოვრობდნენ პატიოსანი მამები, მაგალითად, ღირსსახსოვარი მამა აკაკი, რომელიც როგორც სახელით (აკაკი, "უბოროტოს", "უმწიკვლოს" ნიშნავს), ისე საქმით უბოროტო და უმწიკვლო იყო. ერში ის მცირედნასწავლი გახლდათ, თუმცა როცა მას ესტუმრებოდნენ მომლოცველები, ის "ევერგეტინოსს" გადაშლიდა და სულისმარგებელ თავებს კითხულობდა და ამით გაურბოდა უქმსა და ფუჭ მეტყველებას. ის 1927 წელს გარდაიცვალა.

მკაცრი მონაზონი გახლდათ მამა ქსიროგონე, რომელიც 1943 წელს მიიცვალა. სკიტის ერთ ქოხში ე.წ. ასკეტირონში ცხოვრობდა მოსაგრე მამა ექვთიმე. ოთახის შუაგულში მას ჩამოკიდებული ჰქონდა ორცხობილებიანი ტომარა, რომელიც მისი ყოველდღიური საკვები გახლდათ.

ასიდან ოთხმოცი წელი მთაწმინდაზე იცხოვრა უბრალო მონაზონმა, მამა გრიგოლიმ, რომელიც ცოტა ხნის წინ უფლისმიერ მშვიდობით აღესრულა. ის დაიბადა 1890 წელს და 18 წლისა მოვიდა სკიტში. მამა გრიგოლი იცნობდა მორაიტიდისს (ცნობილი ბერძენი მწერალი, დანიელ კატუნაკელის სულიერი შვილი, სიცოცხლის ბოლოს ის ანდრონიკეს სახელით ბერად აღიკვეცა), მეგობრობდა მეუდაბნოე აბიმელექთან და დანიელ კატუნაკელთან. მისი სულიერი მოძღვარი გახდა მამა აკაკი. ხშირად ვტკბებოდით მის ბავშვურად უშუალო და მშვიდ გარემოში ყოფნით. ერთხელ მან ილია მინიატოსის წიგნი მოიტანა, რათა ჩემთვის წაეკითხა პატიოსანი ჯვრის ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილი შესხმის სიტყვა. ასი წლის მოხუცი კითხულობდა და ტიროდა. ეს გახლდათ განმაცვიფრებელი და დაუვიწყარი სანახაობა. ის თავს უფლის ჯვრის წინაშე წარდგომილად გრძნობდა.

კავსოკალივაში არაჩვეულებრივი პიროვნებები ცხოვრობდნენ. ერთნი გამოირჩეოდნენ თავიანთი განსწავლულობით, მეორენი - სათნოებებით, მესამენი - ერთსაც და მეორესაც შეურწყმიდნენ თავიანთ სულიერ ღირსებას. ასეთნი იყვნენ: იონა, მოწაფე ღირსი აკაკი კავსოკალიველისა, რომელიც 1665 წელს მიიცვალა. პელაგია, მორჩილი იონასი, გარდაიცვალა 1754 წელს; რაფაელი, ნეოფიტე, წარმოშობით ებრაელი, ბრძენი მასწავლებელი ევგენი ბულგარისი - ათონიადის დირექტორი; თეოკლიტე ბიზანტიელი (კარატძასი), გარდაიცვალა 1777 წელს; გრძელწვერიანი მეთოდი ბანტიელი, რომელიც უფლის მიერ მიიცვალა 1811 წელს; ფილოთეოს სმირნელი, გარდაიცვალა 1789 წელს; პეტრე მონაზონი, რომელიც ღვთისმშობლის შობის კალივაში მოღვაწეობდა და 1865 წელს გარდაიცვალა; სახელგანთქმული მოძღვარი ნიკოდიმოსი, მორჩილი მამა არსენისა, ხეზე კვეთის დიდებული ოსტატისა, რომელმაც ისტორიას დაუტოვა თავისი ორი ნაწარმოები "ჯვარცმა" და "მეორედ მოსვლა" - თითოეული მათგანის ამოკვეთას კი თხუთმეტი წელი მოანდომეს(!). მოძღვრები: პავლე და პანტელეიმონი, გონიერი და მადლმოსილი ნიჭებით დაჯილდოებული ხალხი, სერიოზულნი, მდუმარენი, სასიამოვნოდ მოსაუბრენი და ბრძენი ხელმძღვანელნი.

მამა გერმანე ხაირელი ჰყვებოდა კავსოკალივის სკიტის მამებზე:

- ისინი იყვნენ პატივცემული მამები, რომელთა სიახლოვესაც დიდი კრძალვითა და შიშით დავდიოდით. ღამისთევის ლოცვებზე შეურყვნელი სვეტებივით იდგნენ საღამოდან დილამდე, თავდადრეკილნი, მდუმარედ უმზერდნენ ეკლესიის იატაკის ფილებს. მთელი ეკლესია სავსე იყო ასეთი მამებით. მკაცრად იცავდნენ სულიერი ცხოვრების ყველა კანონს; მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისი ნათლმოსილი ცხოვრებით მამა ავქსენტი, რომელიც ვარსკვლავივით ბრწყინავდა. ის დიდმოწამე გიორგის კელიაში ცხოვრობდა. ჰქონდა თიხის ჭურჭელი, რომელშიც უდაბნოში მოგროვილ ბალახებს ხარშავდა - ეს იყო საზრდო. ზოგჯერ პურსაც ჭამდა. ბერმა სკიტში იცხოვრა დაახლოებით სამოცი წელი.

წმინდა ბასილის სახელობის ძალზე განმარტოებულ სკიტში ცხოვრობდნენ დიდებული მოსაგრენი, რომლებიც საკვირველ ღვაწლს ასრულებდნენ და დაძაბული სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ესენი იყვნენ: ლოცვითი მღვიძარების და გონებისმიერი ლოცვის მასწავლებელი მამა ბარნაბა და რუმინელი მარტინიანე, იონა და თეოფილაქტე. თითქმის ყველა მამა ხეზე კვეთდა: აკეთებდნენ სავარცხლებს, კოვზებს, ქაღალდის საჭრელ დანებს. მამა მარტიანე კი მხოლოდ სხვა მამების მიცემული მოწყალებით ცხოვრობდა. როცა მას აძლევდნენ "ევლოგიას" ან მცირეოდ საჭმელს, დამტვრეული ბერძნულით პასუხობდა:

- ჰოი, ღმერთმა გაცხონოს!@რა გქვია? შენს მშობლებს რა ჰქვიათ? (სახელებს კი მათი ლოცვებში მოხსენიებისთვის კითხულობდა).

მამა იონა განსწავლული მონაზონი იყო, პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული და მთარგმნელობით ღვაწლს ეწეოდა, წმინდა ბასილის სკიტის, წყნარ, ისიქასტურ ატმოსფეროში ის რუმინულ ენაზე თარგმნიდა ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელის წიგნებს და წმინდა მამათა თხზულებებს.

სიტყვა ღვთის მადლის მოქმედებაზე. ერთ მამას ვკითხეთ:

- როგორ შესძლებს ადამიანი ღვთაებრივი მადლის მიღებას?

- თუ არ დაითმენს თავს მოწეულ ყველანაირ უბედურებას და ყველაფერს, რაც შეიძლება შეემთხვას, ვერ მიიღებს ღვთაებრივ მადლს, - გვითხრა მან. მერე კი დაუმატა: - ყველაზე დიდი წინაღობა იმისათვის, რომ ღვთაებრივი მადლი გეწვიოს, არის კაცთმოთნეობა. როცა ღმერთი კაცის გულს სურვილისაგან თავისუფალს იხილავს, მაშინ მოდის მადლი. ღვთაებრივი მადლი ენით აღუწერელია. ის აღიქმება სულის განსაკუთრებული მდგომაროებისას. ერთი ალმაცერი მზერისთვის ადამიანი მადლს კარგავს.

როცა მეუდაბნოე პეტრე, ღირსი პეტრე ათონელის მღვიმეში ცხოვრებისას, გრძნობდა, რომ მის გულში ღვთაებრივი მადლი იწყებდა მოქმედებას, წამოიძახებდა:

- განმგმირე ქრისტე ჩემო, შენი კეთილმოწლეობის მახვილით!

თქვა ბერმა: არ არის ღვთის მადლი თანამედროვე ადამიანებზე, ვინაიდან განდევნიან იმ პატარა მადლსაც, რომელიც ჰქონდათ. და როცა მადლი მიდის, ადამიანისკენ ისწრაფვის ყველა დემონი. ცუდი გულისთქმა ეწინააღმდეგება ღვთაებრივ მადლს. კარგ გულისთქმას ისეთი ძალა აქვს, რომელსაც ვერანაირი ღვაწლი ვერ მოგცემს. კარგი გულისთქმები კი მაშინ გვექნება, თუ ყველას წმინდანად ჩავთვლით.

ერთმა ჯერაც ცოცხალმა პატივცემულმა და მადლმოსილმა ისიქასტმა თქვა: - ადამიანი ყოველთვის არ არის მადლში. ხშირად ის დატოვებს მას და მაშინ თავს დაატყდება ნაღველი, მწუხარება. მაგრამ მერე მადლი ბრუნდება.

თქვა ბერმა: - "თვითონვე ვეწინააღმდეგებით იმას, რომ შენი ლოცვა შესმენილ იქნეს, თუმც შესაძლოა, სხვა მიზეზიც იყოს. მაგალითად, ვიღაცამ მითხრა: - ილოცე ერთი სნეულისთვისო. მეც ვლოცულობ. დავუშვათ, მე ამისთვის საკმარისი სარწმუნოება მაქვს და ჩემში ეგოიზმი არ არის. ღმერთმა, შესაძლოა, სათხოვარი არ აასრულოს, თუ სხვაში აუცილებელი თავმდაბლობა არ არის. მას შესაძლოა ჰქონდეს რწმენა, სჯეროდეს, რომ ღმერთი შეეწევა, მაგრამ წინააღმდეგობა წარმოიშვება, თუ ამ რწმენის შესაბამისი თავმდაბლობა არა აქვს. ჩვენ უნდა მივენდოთ ღმერთს, თავისუფლად მოქმედების საშუალება მივცეთ. თუმცა, თუ გულმოდგინედ ვლოცულობთ, მაშინ ვგრძნობთ, რომ განსაცდელის (საცდურის) მოქმედება წყდება და ყველაფერი წესრიგდება. თუმცა, ზოგჯერ, თუ ღმერთი ჩვენი სიკეთისთვის რაიმეს, განსაცდელის მსგავსს, დაუშვებს, შესაძლოა შევთხოვოთ, მაგრამ უფალი არ დაგვეხმაროს. თუ განსაცდელი საცთურისგანაა, ღმერთი მაშინვე გვეხმარება. ამგვარად, ღვთის ნება ბევრ შემთხვევაში ჩვენთვის ცნობილია.

ბეჭდვა
1კ1