იატაკზე დავეცი და ვტიროდი, სულში კი სიხარული მედგა
იატაკზე დავეცი და ვტიროდი, სულში კი სიხარული მედგა
თავი მეოთხე
უფლისმიერი აღზრდა
(გაგრძელება)
რამდენიმე დღის შემდეგ მამა იოსებმა მკითხა:

- პატარავ, ფეხებს ძლივს დაათრევ! მითხარი, რას იზამ, თუ ერთხელაც რომელიმე მოთმინებადაკარგული ძმა დაგიყვირებს ანდა ყბაში მოგცხებს?

- ვეტყვი, შემინდე-მეთქი... აბა, სხვა რა უნდა ვუთხრა?

- კარგი, ვნახოთ, - თქვა და გამომიშვა.

გავიდა დრო. ალბათ იფიქრა, რომ ეს საუბარი დამავიწყდა. პარასკევი იყო, შაბათ დილით კი მამა ეფრემი უნდა მოსულიყო ლიტურგიის ჩასატარებლად. მოძღვარმა მითხრა: - ხვალ შენ იგალობებ. მანამდე ცოტათი წაივარჯიშეო.

- მაკურთხე.

საიდან უნდა მცოდნოდა გალობა? ერში მე არ მიგალობია. მხოლოდ ვუსმენდი, როგორ გალობდნენ ეკლესიაში მგალობლები, რაღაც-რაღაცები მახსოვდა.

შევედით მღვიმის ეკლესიაში. აქ თითოეულს თავისი ადგილი ჰქონდა. სტასიდიებზე მარჯვნივ დიდბერი მამა იოსები იჯდა, მარცხნივ მამა არსენი, შუაში - მე, მამა ათანასე უკან იდგა, მამა იოსები (შემდგომში ვათოპედელი, - კ.კ.) კი წიგნს კითხულობდა. დაიწყო საღვთო ლიტურგია. მცირე შესვლის დრო მოვიდა. რადგანაც შაბათი დღე იდგა და კოლიო იყო მომზადებული, ტროპარების დროს "წმინდა თანა განუსვენე" უნდა მეგალობა, მცირე მისამღერით. ბერდიდმა მითხრა, - იგალობეო. მე საცოდავმა მხოლოდ ის მისამღერი ვიცოდი, ერში პანაშვიდების დროს რომ გამეგონა. არ ვიცოდი, თუ როგორ გალობდნენ მოკლედ ამ საგალობელს მთაწმინდაზე და დავიწყე ნელ-ნელა:

- წმიიდაათა-თანააა გაანუსვენეეე...

ვაი, როგორ მომცხო მან ყბაში შუა ტაძარში. თუმცა მამა იოსებს გოგონასავით ჰქონდა ხელი, მაგრამ მტრისას, თუ ალიყურს გაჭმევდა.

- რასა გალობ?! ეს რა გალობაა, სულელო! განა ასე გალობენ, იდიოტო? საკურთხეველში მღვდელი გაშეშდა.

- შემინდე, მამაო.

- განა ახლა პანაშვიდი გვაქვს!

- შემინდე, მამაო.

- მოხიბლულო! ახლა, როგორც კი დამთავრდება ლიტურგია, დადგები იქ, კარებთან თავდადრეკილი და ყველას, ვინც გვერდით ჩაგივლის, შენდობას სთხოვ, როგორც ხიბლში ჩავარდნილი.

დამთავრდა ლიტურგია, ვეზიარე, კარებთან მუხლი მოვიდრიკე:

- შემინდეთ, მამებო, ხიბლში ჩავვარდი. შემინდეთ, მამებო, მე, მოხიბლულს.

- დიახ, შენ ხიბლში ხარ.

- მე ხიბლში ჩავვარდი, შემინდეთ.

ამდენად მკაცრი იყო მამა იოსები, მაგრამ ამასთან ძალზე მადლმოსილი.

ერთხელ წმინდა მოციქულთა დღესასწაული იყო და მამა ეფრემ კატუნაკელი მოვიდა ლიტურგიის ჩასატარებლად. წინა დღეს საჭმელი უნდა მომემზადებინა და მეორე დღეს შემეთბო. ბერდიდი მამა ეფრემზე ზრუნავდა, ვინაიდან მამა ნიკიფორე მას კარგად არ ანაყრებდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე მიდრეკილი იყო ავადმყოფობისაკენ. ჩვენი მოძღვარი მას სათანადოდ უმასპინძლდებოდა, რათა კარგად ეგრძნო თავი ჩვენთან მსახურებისას. ბერდიდი ამბობდა: - მას რომ რამე დაემართოს, ცუდად გვექნება საქმე, მღვდელი აღარ გვეყოლება. კარგად აჭამე, რომ ძალები მოიკრიბოსო.

არ ვიცი, რატომ, იმ დღეს საჭმელი ადრე უნდა მომემზადებინა. ავდექი და დავიწყე მამა ეფრემისთვის საჭმლის კეთება, მამა იოსები მოვიდა და მითხრა:

- არ იცი მომზადება, შენ დაგკბინეს კოღოებმა. ასე ერისკაცები ამზადებენ. გინდა, რომ ეს მღვდლებმა ჭამონ?

საიდან უნდა მცოდნოდა მომზადება? წესიერად ჭამაც კი არ ვიცოდი. შინ საჭმელს დედა გვიმზადებდა. მე კვერცხის შეწვაც კი არ ვიცოდი. შემდგომში ყველაფერი მოძღვრისგან ვისწავლე.

როგორც კი მოვამზადე საჭმელი, მოძღვარმა მითხრა:

- მოიტანე, აბუეტო, სასწრაფოდ მოიტანე.

საჭმელი მოძღვარს დავუდგი.

- მომწყდი თავიდან, არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა! სასწრაფოდ შენს კელიაში წაეთრიე.

- მაკურთხეთ.

კურთხევა ავიღე და ჩემს კელიაში შევედი, რომელიც გვერდით იყო. როგორც კი იქ ფეხი შევდგი, მაშინვე ჩემი მამის ლოცვით, ჩემზე მოიწია ღვთის კურთხევა. ღირსი შევიქენი საღვთო მოხილვისა! თვალთაგან ცრემლი მდიოდა. იმიტომ კი არა, რომ მოძღვარმა გამლანძღა, არამედ იმიტომ, რომ ვეღარ ვაკავებდი სიხარულსა და მხიარულებას, რომელსაც მოციქულები ქრისტესთვის შეურაცხყოფას დაითმენდნენ, რამდენადაც მათ დასცინოდნენ, სცემდნენ, შოლტავდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი, თვით ქრისტემ დაინახა ჩემი უმცირესი ღვაწლი და მოიღო ჩემზე თავისი კურთხევა. არ ვიცოდი, სად ვიყავი, ცრემლი მდინარესავით მდიოდა. იატაკზე დავეცი და ვტიროდი, სულში კი სიხარული მედგა. ჩემთვის ვამბობდი, - როგორი დიდი სიკეთე გამიკეთა მოძღვარმა-მეთქი. მხოლოდ მოგვიანებით გავიგე სხვებისაგან, რომ როგორც კი წავედი, მოძღვარი მაკურთხებდა, ჯვარსა მსახავდა, თუმცა პირისპირ ყოველთვის მტუქსავდა.

ერთხელ, როცა ახალდამწყები ვიყავი, მამა ეფრემ კატუნაკელი მოვიდა. მამა იოსებმა მომიხმო.

- ბაბულის, ყავა მოგვიდუღე.

- მაკურთხე.

როგორც კი გავშორდი, ბერმა ჩუმად თქვა: "მუდამ კურთხეული იყავი!" - და რამდენჯერმე ჯვარი გამომსახა.

გულისთქმების აღსარებისას არასოდეს მკვეთრად არ მესაუბრებოდა. ამიხსნიდა ხოლმე თუ რის გამო დავუშვი ესა თუ ის შეცდომა, რა მიზეზებმა გამოიწვიეს, თითოეულს უმცირესი წვრილმანით დამანახებდა - გულისთქმების პირველი მიღებიდან მათი საქმით აღსრულებამდე. ისე სიცხადით მიჩვენებდა ის ყველაფერს, რომ ჩემთვის ვამბობდი: "ის უკეთ მიცნობს, ვიდრე მე ვიცნობ საკუთარ თავს".

თავი მეხუთე.
რთული პირობები
ასე რომ, მოძღვარმა მორჩილება განმიწესა - საძმოს მზარეული უნდა ვყოფილიყავი. აი, ეს როგორ მოხდა:

- პატარავ!

- მაკურთხეთ.

- საჭმელს გაამზადებ.

- სად გავამზადებ?

- ეზოში.

დავფიქრდი: ეზოში სად? თითქოს იქ სამზარეულო გვქონდეს მოწყობილი. ვთქვათ, შეშას მოვაგროვებ, ქურას გავახურებ, მაგრამ როგორ მოვამზადებ საჭმელს, როცა ამის არაფერი გამეგება? გულისთქმები შემომერტყნენ:

"საჭმელს სად მოამზადებ? ეზოში ჭურჭელს სად დარეცხავ?" მამები შრომობენ, დაიღლებიან, მოშივდებათ - და რას ჭამენ? მამა იოსები კი თავის კელიაში ხელსაქმობდა...

ეზოში ისეთი ქარი ქროდა, ლამის გადამჩეხა უფსკრულში. საშველად ჩემს მოთმინებას მოვიკრებდი, რამეთუ ქართან ერთად თავს ღმერთზე დრტვინვა და გმობა მატყდებოდა. მოთმინება მომაკლდებოდა და იქვე იყო გმობის სულიც, რომელიც მეუბნებოდა: "ეს რა ღმერთია, რომელიც ასე გიბერავს, რომელიც ასე გაწამებს? - მე კი ვეწინააღმდეგებოდი: "გაჩუმდი! ნურაფერს მეტყვი!"

ხის ტოტებისაგან ჩარდახი გავაკეთეთ, მაგრამ მას ქარი ანგრევდა. ორ ქვას ვაწყობდი კერიისათვის, ზედ ზედადგარს ვდებდი, მაგრამ ქარი დაუბერავდა თუ არა, სახურავები მიფრინავდა, გაფრინდა ცხრილიც. ყველაფერი ფერდობზე დააგორა. მოძღვარმა დამიყვირა: "ჰეი, ბრიყვო! ვერ ხედავ, ნივთები გაგიფრინდა! გაიქეცი და მოიტანე!" სად უნდა მეპოვა? გავიქეცი ქვემოთ, სახურავისა და კომფორის ამოსატანად. ზამთარშიც კი ეზოში ვამზადებდით საჭმელს მოძღვრის კალივასთან და მის კალივაში ვტრაპეზობდით.

ტრაპეზის მერე ჭურჭელი უნდა გამერეცხა. თეფშები ლითონის იყო და მას ეზოში ვრეცხავდით. ზამთარში ვიყინებოდით, მაგრამ ჭურჭელი უნდა გარეცხილიყო. ავად იყავი, გრიპი გქონდა - კლდესთან უნდა გასულიყავი, ჩვენ ჩვენი ავზი გვქონდა, სადაც კლდიდან მომდინარე წყალი წვეთ-წვეთობით გროვდებოდა. ავზის ხვრელში მილს ვდგამდით და იქიდან გამოსული წყლით, სიცივესა და ქარში ჭურჭელს ვრეცხავდით. გაყინული წყალი ხელებს გვიწითლებდა. პირველყოფილი ადამიანებივით ვცხოვრობდით, თუმცა ღმერთი მოთმინებას გვაძლევდა. ღმერთი გვიფარავდა და სირთულეებს ვერ ვამჩნევდით.

როგორ გავმთბარიყავი? ჰოი, დედაო ღვთისავ! ისე მციოდა, რომ მთელი სიცოცხლე ამ მოყინვებისგან წელის ტკივილი მტანჯავდა. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ვიტანჯები ამით, ჩვენ ხომ სრულიად არ ვზრუნავდით საკუთარ ჯანმრთელობაზე.

დაფებზე მეძინა. საშინელება იყო მასზე წოლა, გასათბობად ვიფარებდი რაც ხელთ მომხვდებოდა - საბანს, კაბას, ძველ ანაფორებს. მხარს თუ შევინაცვლებდი, ყველაფერი ძირს ცვიოდა. სანამ ყველაფერს მოვაწესრიგებდი, ადგომის დრო დგებოდა. რამდენად ვახერხებდით ძილს? ერთი ღმერთმა იცის. მაგრამ ღამისთევის ლოცვა უნდა შეგვესრულებინა. თუ ბერდიდი ფეხზე ვერ გნახავდა, დამთარებული იყო შენი საქმე, მაგრამ ეს არასოდეს მომხდარა.

ძლიერი ყინვებისგან მოხუცებს დავემსგავსეთ. ყელსა და თავზე შემოხვეული გვქონდა მატყლის სამოსი. კელიების გათბობა შეუძლებელი იყო. ღუმელები კი გვედგა, მაგრამ იშვიათად ვანთებდით, რადგან სითბოსგან ძილი გვერეოდა. თან ბევრი შეშა სჭირდებოდა. მოძღვარს ღუმელი დღე და ღამ ენთო, რადგან სხვანაირად არ შეეძლო. მაგრამ ჩვენ სიცივეს ვარჩევდით, რომ არ დაგვეძინა. ამიტომაც გაცივება მთელი სიცოცხლე დამრჩა.

იმავე მიზეზით, რომ არ დაგვძინებოდა, ღამისთევის ლოცვას ეზოში, ღია ცის ქვეშ ვასრულებდით. წვიმასა თუ თოვლში ეზოში უნდა მდგარიყავი. რა უნდა გვექნა? ეზოში ვიჯექით, ეზოშივე ვიყინებოდით, მუხლებს ქვემოთ ფეხები მოყინული გვქონდა, გაშეშებული და ვერაფერს ვგრძნობდით. მთელი ღამე - ყინვაში, თოვლში, წვიმაში, თუნდა გაციებული ყოფილიყავი. ადამიანებს რკინის სახურავი მაინც იფარავდა, ჩვენ ისიც არ გვქონდა. მაგრამ ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით, ყველაფერს დავითმენდით, ამდენ სნეულებასა და გაჭირვებას!
ბეჭდვა
1კ1