ისე კარგად გავხდი, სიხარულს ვეღარ ვიტევდი
ისე კარგად გავხდი, სიხარულს ვეღარ ვიტევდი
გაგრძელება
ვაგრძელებთ იმ ამბის მოთხრობას, რომელიც მკვდრეთით აღმდგარმა ბარნაულელმა კლავდიამ მოუყვა მამა ვალენტინს - თუ რა დაემართა და რა იხილა მან გარდაცვალების მერე: "ზეციურმა დედოფალმა კვლავ ხელი შეარხია მცირედ და ხილვა დასრულდა, ჰაერი გაიწმინდა სიმყრალისგან". როცა ამის შესახებ მიყვებოდა კლავდია, მისივე სიტყვები გამახსენდა: "უფალს ეს რომ დედაჩემისთვის მოეხდინა, არასოდეს დავიჯერებდი". მართლაც, როგორ შეიძლება დაიჯერო ის, რაც თვითონვე არ განგიცდია?..

როცა ზეციურმა დედოფალმა ხელი დაბლა დაიქნია - ქალაქი ბარნაული გამოჩნდა, როგორც გამადიდებელ შუშაში. კლავდიამ თავისი მაღაზია დაინახა და თქვა: - აი, იმ მაღაზიაში ვმუშაობ.

ღვთისმშობელმა კი მდაბლად შენიშნა:

- ვიცი.

კლავდია სირცხვილით კინაღამ ატირდა: "ვის ვეუბნები? მან ხომ ყველაფერი იცის!" ზეციურმა დედოფალმა მიუთითა:

- შეხედე ტაძარს!

იმავე წამს კლავდიამ ქვემოთ ცისფერი გუმბათი და ჯვარი დაინახა.

- შეხედე, იქ როგორ ლოცულობენ!

გუმბათი თითქოს ბროლად თუ მინად გადაიქცა.

შეხედა კლავდიამ ყველას, ვინც ტაძარში იყო - იქ თავისი ნაცნობი ვერავინ დაინახა... მხოლოდ მომსახურე მღვდელი იცნო, მამა ნიკოლოზ ვოიტოვიჩი. დაინახა - მოხუცი კაცი და ქალი ჯვარს ისახავდნენ, ხატებს კოცნიდნენ, მუხლს იდრეკდნენ, გაახსენდა, რომ ორჯერ შევიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარში, როცა ცოცხალი და ჯანმრთელი იყო და ყველა განიკითხა, დასცინა, სულელები უძახა. ახლა კი, როცა ეს ადამიანები ზემოდან დაინახა, აცრემლებულმა დაიყვირა:

- უფალო, რა ჭკვიანები არიან - სწამთ, რომ ღმერთი არსებობს, მის ხატს ეთაყვანებიან!

ამ ყველაფერმა შეძრა, იგი ტიროდა. ღვთისმშობელმა გულის მოოხების საშუალება მისცა. შემდეგ კი თითები აამოძრავა და ყველაფერი გაქრა...

ამ დროს ბრწყინვალე კარებიდან მისკენ თავისით გამოცურა თორმეტმა ფირფიტამ - გამჭვირვალემ, თითქოს მინისა, რომელიც ოქროს ჯაჭვით გადაბმულ ვაგონებს მოგაგონებდათ. ზეციურმა დედოფალმა კლავდიას უთხრა:

- დადექი მათზე, ჯერ მარჯვენა ფეხი დაადგი ფირფიტაზე, მერე მარცხენა. ასე სათითაოდ დაადგა. როცა მეთორმეტე ფირფიტამდე მივიდა, ხედავს, რომ მხოლოდ ჩარჩოა და ძირი არა აქვს.

- წავიქცევი! - თქვა კლავდიამ.

- ნუ გეშინია, - ანუგეშა ღვთისმშობელმა და ნაწნავი მისცა, თითქოს ის მისი თმა იყო. კლავდიამ ნაწნავს მარჯვენა ხელი მოჰკიდა. დაინახა მატარებლის მიერ ფეხებწაჭრილი კაცი, მოასწრო თავისი სხეულის დანახვა. მერე უკვე აღარაფერი ახსოვდა.

"უნდა მოვყვე, რაც ვნახე და გავიგონე". კლავდიასთან მორიგეობა დააწესეს - ექიმები და ექთნები რამდენიმე საათში ერთხელ იცვლებოდნენ. არავინ იცოდა, რა დაემართებოდა, თუ იცოცხლებდა.

როცა თავის პალატაში გონზე მოვიდა, ტკივილი ვერ იგრძნო და დიდხანს ვერ ხვდებოდა, სად იმყოფებოდა. დაინახა სარკმელი, ნათურა, თეთრებში ჩაცმული ადამიანი, გაახსენდა, რომ ეს ექიმი იყო, - მეხსიერება თანდათანობით დაუბრუნდა. მოაგონდა, რომ მიწაზე ცხოვრობდა, მძიმე ოპერაცია გადაიტანა, გაახსენდა ყველაფერი, რაც დაემართა სიკვდილის მერე... უეცრად მისი სამი თითი თავისით შეერთდა (მან ხომ აქამდე ჯვრის გამოსახვა საერთოდ არ იცოდა)... გაახილა თვალები. მორიგე ექთანი უცქერდა.

- დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა, უფალო! - უეცრად წამოიძახა კლავდიამ, თუმცა აქამდე არანაირი ლოცვა არ იცოდა.

მორიგე ექთანი კარებთან მივარდა, ისე, რომ ავადმყოფისთვის თვალი არ მოუცილებია, ვიღაცას დაუყვირა:

- ჩქარა, აქ მოდი!

მოირბინა თეთრხალათიანმა ქალმა.

კლავდიამ მათ უთხრა:

- ხალხი შეკრიბეთ, მე მათ უნდა მოვუყვე, თუ რა ვნახე და მოვისმინე ზეცაში.

"გონს მოსული ვჩქარობდი, მათ ვაჩქარებდი, არ ვიცოდი, რამდენ ხანს ვიცოცხლებდი, რა ვადა დამიდგინა უფალმა - საათი, ორი საათი, უფრო მეტი. მაგრამ აბსოლუტურად არანაირ ტკივილს არ ვგრძნობდი - თითქოს სრულიად ჯანმრთელი ვიყავი".

რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ სუსტად იყო - დიდხანს ვერ შეძლო ჭამა და სმა, როცა შინ გაწერეს, ყოველდღიურად ნემსებს უკეთებდნენ. ბევრი ადამიანი დადიოდა მასთან ქრისტეს გულისთვის და უვლიდა.

მას სულიერი დახმარება სჭირდებოდა. რკინიგზის საავადმყოფოს მიერ გაცემულ გაწერის ცნობაში ხომ განაჩენი იყო გამოტანილი - ავთვისებიანი კიბო, მეტასტაზებით - უმძიმესი ფორმით. სასოწარკვეთამ შეიპყრო კლავდია:

- შემდგომში როგორ ვიცხოვრებ?..

მაშინ ქრისტინამ, მისმა მომვლელმა, გადაწყვიტა:

- ხვალ წავალ, ტაძარში შევუკვეთ წყალკურთხევის პარაკლისს, მოვიტან წყალს, ყველაფერს ვასხურებ - შვებას იგრძნობ.

მეორე დღეს ძალზე დამწუხრებული კლავდია მარტო დარჩა.

"დავწექი საწოლზე. კარები გასაღებით იყო დაკეტილი. უეცრად მესმის - ვიღაც მიახლოვდება. შემეშინდა. არადა კარები დაკეტილია! ვხედავ, ჩემს წინ თეთრწვერიანი ბერდიდი დგას, კაბით მოსილი, ხელი მკერდთან აქვს მიდებული და ალერსიანად მიყურებს: "ნუ ტირი, კლავდიუშკა, არანაირი კიბო შენ არ გაქვს". მობრუნდა და წავიდა. მე მას გავყევი: "მამა, მოიცადე, გამესაუბრე". ის არ გაჩერდა - სამზარეულოში გავიდა. გამიხარდა - შევალ სამზარეულოში და გავესაუბრები-მეთქი, იქ კი არავინაა... ვიფიქრე, ვერ ვარ კარგად-მეთქი. მწუხარებისა და წყენისგან ყვირილი მინდოდა: ეს როგორ დამემართა, - ვხედავდი, მესმოდა, ახლა კი არავინაა... როცა ჩავისუნთქე, უჩვეულო არომატი ვიგრძენი: საკმევლის სუნი ტრიალებდა... მაშინ კი დავიწყე პირჯვრის წერა: ვაი, ეს ვინ იყო?! ღვთის რომელი წმინდანი იყო? ვინ იყო, არ ვიცი. ისე კარგად გავხდი, სიხარულს ვეღარ ვიტევდი. შევედი საძინებელში - იქაც საკმევლის უჩვეულო სურნელი იდგა. ჩავჯექი სავარძელში, ჯვარს ვისახავდი და დაუსრულებლად ვლოცულობდი. შევხედე საათს. დილის შვიდი საათი იყო. ვერ შევამჩნიე, დრო როგორ გაფრინდა".

როცა კლავდიას განმეორებითი ოპერაცია დაუნიშნეს ქალაქის საავადმყოფოში, ექიმმა ვალენტინა ალიაბევამ, ვისაც ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, სთხოვა, ელოცა წარმატებული დასასრულისთვის.

- ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, - ლოცულობდა კლავდია, - მაკურთხე, რომ ოპერაცია უმტკივნეულო იყოს, ვალენტინა ვასილის ასული აკურთხე, რომ ჩამიტაროს.

ამ ოპერაციამ, რომელიც პირველი ოპერაციიდან რამდენიმე თვის მერე ჩატარდა, აჩვენა ის, რაც თანამედროვე ექიმებს ვერ აუხსნიათ: კიბოსგან სრული განკურნება, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მეტასტაზები იყო მოდებული...

"მე ეშმაკი მცემს"... როცა ყველაფერი გააანალიზა, რაც შეემთხვა, კლავდიამ კიდევ ერთი სასწაული იხილა: სრულიად ურწმუნო ადამიანი მორწმუნედ გადაიქცა. ეს კი უბრალო ამბავი არ იყო.

როცა კლავდია შინ დაბრუნდა საავადმყოფოდან, თავიდან მასთან ბევრი ადამიანი მიდიოდა. ის კი განცდილით ატანილი, მათ ყველაფერს უყვებოდა და ეუბნებოდა: - რაც ჩემთან გაიგონეთ, ყველაფერი თქვენს ახლობლებს მოუთხრეთ, წერილი მისწერეთ ნაცნობებსო. ბევრი ცნობისმოყვარეც მოდიოდა. ურწმუნო ხალხი ეუბნებოდა: - ეტყობა, დაგესიზმრათო. მოდიოდნენ "ჩამშვებებიც" - როცა დაინახეს, ურწმუნო კლავდია როგორ ლაპარაკობდა ღმერთზე, ხელისუფლებამ ხმა გაუვრცელა - არანორმალურიაო.

მალე დაიწყო ბოროტის თავდასხმაც ბოროტი ხალხის მიერ.

მისი მეზობლები ჯადოქრობას მისდევდნენ, მათთან შესვლისას დავრწმუნდი, რომ ისინი მართლაც "შავი მაგიის მუშაკები" იყვნენ. ისინი ძალზე ცუდად შემხვდნენ: სალამზე არ მიპასუხეს, მოხუცმა ჩხუბი დამიწყო, ხელი მომიქნია, კლავდიას ლანძღავდა. ფსალმუნის კითხვა დავიწყე: "რომელი დამკვიდრებულ არს" - და ისინი ცუდად გახდნენ. დედაბერი პირდაპირ ჩემს წინ დაეცა და დაიკრუნჩხა. ეს გასაგებიცაა, ბოროტს არ უყვარს, როცა ღმერთს ადიდებენ. ეს ადამიანები კი ბოროტს ემსახურებოდნენ.

როცა კლავდიასთან პირველად მივედი, თავიდან დიდხანს არ სურდა ჩემი მიღება. შესაძლოა იმიტომ, რომ ამდენი ტკივილი ნახა. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა - მე ხომ მისი უსიტყვოდ მჯეროდა. ამასთან, მას ეხმარებოდა ისიც, რომ მის სახლში ვლოცულობდი და ეშმაკების თავდასხმები უფრო შემცირდა.

მაგრამ ეშმაკები კიდევ დიდხანს ესხმოდნენ თავს და ტანჯავდნენ. ერთხელ მასთან მივედი. ყვიროდა: - ჩქარა! ეშმაკი მცემს! ჩქარა, ბეჭებზე ჯვარი გადამსახე... ჰოი, როგორ მაწამებს.

ტკივილისგან მოკრუნჩხული კლავდია ღუმელს იყო მიყრდნობილი და ფეხზე დგომა არ შეეძლო, მე ლოცვა დავიწყე: "აღსდეგინ ღმერთი!.." და ჯვარს ვსახავდი. უეცრად ხელზე საშინელი სიმძიმე დამაწვა! ვგრძნობდი, ხელი მიშეშდებოდა, მაგრამ გულმოდგინე ლოცვა არ შევწყვიტე და მალევე ორივემ შვება ვიგრძენით.

- ჰოი, დიდება ღმერთს! - ამოიოხრა კლავდიამ და გასწორდა...

შესაძლოა ეშმაკის მოქმედებით, ერთხელ კლავდია ისე გახდა ავად, რომ სიარული არ შეეძლო. კუნთები ისე სტკიოდა, რომ გვერდზე გადაბრუნებაც კი არ შეეძლო. მას გადააბრუნებდა ხოლმე მოხუცი ქალი ქრისტინე, რომელმაც თავს იდო მისი მოვლა. ის ღუმელს ათბობდა, ჭამით კი კლავდია ვერაფერს ჭამდა - მადა აღარ ჰქონდა!..
ბეჭდვა
1კ1