ვერც მრევლმა შეიკავა ცრემლი
ვერც მრევლმა შეიკავა ცრემლი
ქერიმ-ხანმა ფერეიდნელების დამორჩილება გადაწყვიტა. გარშემო სოფლების მკვიდრთ ფერეიდნიდან სამი კილომეტრით მოშორებულ ციხეს შეაფარეს თავი. ამ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ქერიმ-ხანმა ბევრი ტყვე დახვრიტა, ხოლო მთავარსარდალი უჩა ონიკაშვილი ზარბაზანს მიაკრა. ქერიმ-ხანმა მას ჰკითხა, - უკანასკნელი სურვილი რა გაქვსო. რა სურვილი უნდა ჰქონოდა დამარცხებულ და ზარბაზნის ლულაზე მიკრულ მრავალნაიარევ ვაჟკაცს? მან - ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიაბრუნეო. ქერიმ-ხანმაც შეუსრულა თხოვნა და ზარბაზანმაც იგრიალა. სამშობლოს მონატრებული ქართველის სული კი ზეციური საქართველოსკენ გაფრინდა.

* პატრიარქი ეფრემი 1937 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს... ექვსი წელი ტაიგაში უმძიმეს სამუშაოს ასრულებდა. 1944 წლის 21 ივნისს გაათავისუფლეს. საცხოვრებლად ციმბირი მიუჩინეს. უთხრეს: საქართველოში, თუ გაგიწვიეს, მხოლოდ მაშინ შეგიძლია წასვლაო. შეატყობინა უწმინდესს და მანაც გამოითხოვა ციმბირიდან ეპისკოპოსი ეფრემი. თბილისში რომ ჩამოვიდა, პირდაპირ წმინდა ბარბარეს ტაძარს მიადგა, ჩამოჯდა კიბეზე და ატირდა. ხმაზე ტაძრიდან მღვდელი გამოვიდა, დაინახა ეპისკოპოსი და თავადაც აქვითინდა. ვერც მრევლმა შეიკავა ცრემლი ავადმყოფი და დაქანცული ეპისკოპოსის დანახვაზე...

უწინარეს ყოვლისა, ორი აღთქმა შეასრულა მღვდელმთავარმა - უთქვამს, ღმერთო, ოღონდ შინ მშვიდობით დამაბრუნე და მცხეთიდან შიომღვიმემდე და სიონიდან წმინდა ბარბარეს ტაძრამდე ფეხშიშველი ავალო...

ბეჭდვა
1კ1