"მე ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანად მოვკვდები"
"მე ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანად მოვკვდები"
ბალკანეთში აღესრულა წმინდა გიორგი ზორზისი ("ზორზის" - ასე წარმოითქმის ბალკანურ დიალექტზე გიორგი). ის წარმოშობით ქართველი იყო. ბავშვობაში ერთმა მუსლიმმა იყიდა და ისლამის რჯულზე მოაქცია. შემდეგ მისი პატრონი მოკვდა, გიორგი კი 80 წლამდე მუჰამედის რჯულის აღმსარებლად დარჩა. მშვიდობიანად ცხოვრობდა, ვაჭრობდა და მხოლოდ თურქულად ლაპარაკობდა. უკვე ღრმად მოხუცებული, ერთ დღეს ადგილობრივ ყადის ეახლა, მოიხსნა ჩალმა და უთხრა: "მე ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანად მოვკვდები". "რას ამბობ, - წამოიძახა ყადიმ, როცა მის ჭაღარა წვერს შეხედა, - გაგიჟდი?!" "მსურს, ქრისტიანად მოვკვდე!" - გაიმეორა გიორგიმ. სამი დღე აცადეს, ეგებ "გონს მოვიდესო". უდრეკი იყო სიკვდილის წინ ფერნაცვალი ქართველი... მრავალი დამცირებისა და წამების შემდეგ იგი ღვთის წინაშე განმართლებული წარდგა.

* 1751 წლის 28 მარტს, 85 წლისა, გარდაიცვალა წმინდა იოანე მანგლელი და ყიზლარში, თავისსავე დაარსებულ ჯვართამაღლების მონასტერში დაკრძალეს. საქართველოში ნეშტის წამოსვენება გზის სიძნელის გამო ვერ მოუხერხებიათ. ერთი წლის შემდეგ, გადმოცემის თანახმად, წმინდა მღვდელმთავარი დედოფალ ელისაბედს გამოსცხადებია და უთხოვია, სამშობლოში გაეგზავნათ. მაშინ წმინდანის ძმას, ჰუსართა პოლკის გადამდგარ პორუჩიკს, თავად ნიკოლოზ სააკაძეს, ნება დართეს, წმინდანის ნეშტი საქართველოში გადმოესვენებინა. სინოდის კურთხევითა და თეიმურაზ მეორის ბრძანებით, ცხედარი სიონის ტაძარში დაკრძალეს, "მრავლითა ლამპრებითა და ლიტანიობითა პატივ-სცეს. ირგვლივ ღმრთისმშობლის სალხინებელისა აღუშენეს ლუსკუმა კეთილი".
ბეჭდვა
1კ1