თუ აქ დავრჩი, მიზეზი არ დამელევა
თუ აქ დავრჩი, მიზეზი არ დამელევა
ქრისტიანობის ისტორიაში ბევრი უძღები შვილი დაბრუნებულა შინ, დაბრუნებია ზეციურ მამას. მამა ეფრემ ათონელზე ჰყვებიან: ეს ღირსი მამა მეტისმეტად ახალგაზრდა დასახლდა ათონზე. ეშმაკმა მას ხორციელი ბრძოლები აღუძრა და ერში დააბრუნა. წასვლის წინ მუხლი მოუდრეკია ღვთისმშობლის ხატის წინ და შევედრებია: ღვთისმშობელო, ვხედავ, რომ ბერობა ძნელია, ამიტომ ასეთი რამ ვიფიქრე - წავალ ერში, დავქორწინდები, რათა ბრძოლები არ მქონდეს; გპირდები, უკან აუცილებლად დავბრუნდებიო. ერში ერთი გოგონა გაიცნო, მოეწონათ ერთმანეთი. საქმე ქორწინებამდე რომ მივიდა, ვაჟმა ქალიშვილს ჰკითხა: გადავწყვიტე, მცირე ხნით დავქორწინდე, მერე კი ბერად შევდგე, თანახმა ხარ? გოგონამ იფიქრა, ხუმრობსო და დათანხმდა. დაქორწინდნენ, ერთი წლის შემდეგ ბავშვი შეეძინათ, მონათლეს, ხალხი მიიწვიეს... წვეულება რომ დასრულდა, ახალგაზრდა ჩაფიქრდა - თუ აქ დავრჩი, მიზეზი არ დამელევა და მონასტერს თვალით ვეღარ ვნახავო. მოიხმო ცოლი და აუწყა, შეთანხმებისამებრ, მონასტერში უნდა წავიდეო. ქალი ატირდა, შვილს რაღას უშვრებიო? - ჰკითხა. თუ ბავშვის ბედი გაღელვებს, ცოტა ხანს მოიცადე და ნახავ, რაც მოხდებაო, - უპასუხა ქმარმა, მიეახლა ღვთისმშობლის ხატს და უთხრა: - დედავ ღვთისაო, უარს კი არ ვამბობ ბერობაზე, მაგრამ ბავშვი მიშლის ხელსო. იმავე ღამეს პატარა ღვთისმშობელმა წაიყვანა. ბავშვის დაკრძალვის შემდეგ კაცმა უთხრა ცოლს: აი, შვილი აღარ გვყავს, დროა, აღთქმა აღვასრულოო. კი მაგრამ, მე რაღა ვქნაო? - ჰკითხა ცოლმა. შენთვისაც შევევედრები ღვთისმშობელსო. ცოლი შეაძრწუნა ქმრის სიტყვებმა, მუხლებში ჩაუვარდა და სთხოვა: საყვარელო, ნება მომეცი, ვიცოცხლო, შენ კი სადაც გინდა, წადიო. ახალგაზრდა კაცი დაბრუნდა ათონზე, კატუნაკის უდაბნოში დასახლდა და სახელგანთქმული ღირსი მამა გახდა.
ბეჭდვა
1კ1