იყავი წყნარი და მშვიდი, როგორც მტრედი
იყავი წყნარი და მშვიდი, როგორც მტრედი
1878 წელს დედასაქართველოს დაუბრუნდა 300 წელს მოწყვეტილი შვილი, მრავალჭირნახული, გამუსლიმანებული აჭარა. მთავარი საზრუნავი იმდროინდელი ქართველობისა იყო ის, რომ ეს მხარე სულიერადაც დაბრუნებოდა ივერიას. როცა 1891 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმის ქართულ სკოლაში განსვენებული გიორგი ნათიძის სანაცვლოდ მასწავლებლად მიხაკო შარაშიძე დაამტკიცა, წმინდა ილია მართალმა დაიბარა და დაარიგა: "იყავი წყნარი და მშვიდი, როგორც მტრედი. დიდი სიფრთხილით და მორიდებით არის საჭირო ქართველ მუსლიმებს შორის მუშაობა. გახსოვდეს, რომ ქართველი მუსლიმანები, ჩვენი და-ძმები, მეტად ნიჭიერი, დინჯი, დაკვირვებული და ზრდილობიანი ხალხია. ერთი უადგილოდ და ნაჩქარევად ნათქვამი სიტყვა მთელი წლობით დასწევს უკან ჩვენს საერთო საქმეს. იხმარე ღონე, რომ მათი ნდობა და სიყვარული დაიმსახურო. დიდი მიღწევა იქნება ჩვენი მხრივ, წერა-კითხვასთან ერთად თუ მათ შეაგნებინებთ, რომ ქართველები არიან, რომლებიც ჩვენგან განირჩევიან მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოებით".

ჰაიდარ აბაშიძეც ამ სკოლაში მიაბარა მამამ. აქ "თათარს" ეძახდნენ მაჰმადიან ქართველებს. ერთი წლის მერე მამამ თურქეთში გაგზავნა ოსმალური ენის შესასწავლად. იქ "გურჯი" უწოდეს. ძალიან გაუკვირდა და ჩაფიქრდა: "ეს რა ამბავია - ხან "თათარი" ვარ, ხან "თურქი" და ხან კი "გურჯიო". "მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, თუ მეც მქონდა სამშობლო და დედაენა", - იგონებდა შემდგომში. ერთხელ ერთმა კარგმა ნაცნობმა ქრისტიანმა ქართველმა თეატრში წაიყვანა "ღალატის" წარმოდგენაზე. სპექტაკლმა მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჰაიდარზე - თათრებს ქართველებმა ხომ "უგინებელი არაფერი დაუტოვეს". ქრისტიანმა ქართველმა, გვარად კეჭაყმაძემ, მეორე დღეს ქართული წიგნები მიუტანა ჰაიდარს. მათ შორის ზაქარია ჭიჭინაძისაც. ამ წიგნებმა, განსაკუთრებით ჭიჭინაძის ნაწერებმა, ერთიანად შეძრა მუსლიმანი ქართველი, სამშობლო აპოვნინა - მაშინ გაიგო, რომ ქართველია და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა თავის ქვეყანას.
ბეჭდვა
1კ1