რამდენჯერაც შეგვემუსრება ლოცვისას გული, იმდენჯერ ვემთხვევით ღმერთს
რამდენჯერაც შეგვემუსრება ლოცვისას გული, იმდენჯერ ვემთხვევით ღმერთს
სიტყვა გულისთქმების განრჩევის სათნოებაზე
* ცოტა ხნის წინ მთაწმინდის ერთ-ერთ სკიტში ვესაუბრე ერთ კეთილკრძალულ მონაზონს ჯორის მოთმინება-მორჩილებაზე. ჯორებით მამებს ქვიან და ციცაბო ბილიკებზე გადააქვთ ტვირთი. "ჩემო მამა და ძმაო, ეს ჯორები ჩვენი მასწავლებლები არიან. არასოდეს აღშფოთდებიან, ყოველთვის გველიან, ითმენენ და ბრმად გვემოჩილებიან", - მეუბნებოდა ის.

ჯორების მწყემსი მოხუცი მონაზონი ლაზარე ამბობდა: "ისინი უდრტვინველად ასრულებენ ყველა სამუშაოს, ზამთარში მთიდან ჩამოაქვთ შეშა, წვიმაში, ყინვაში გადააქვთ მძიმე ტვირთი. თუ საჭმელს მისცემ, შეჭამენ, თუ არადა, არ ითხოვენ, არ გეწინააღმდეგებიან. როცა აცრემლებულს მათთვის საჭმელი მიმქონდა, ვფიქრობდი მათ კეთილზნეობასა და საკუთარ უმაქინისობაზე, მათ მორჩილებასა და საკუთარ სიჯიუტეზე.

* 1968 წელს ჩემს თანააღკვეცილ ძმასთან, მამა დანიელთან ერთად, კარულს (მთაწმინდის ყველაზე მკაცრი უდაბნო) ვეწვიე. იქ ცხოვრობდა საკვირველი რუსი მოსაგრე მამა ზოსიმე, რომელიც კალათებს წნავდა. მას ჰყავდა მორჩილი მამა სერაფიმე, რომელმაც ცოტათი იცოდა ბერძნული ენა. მან წმინდა გიორგის ეკლესიაში შეგვიყვანა და შემოგვთავაზა უდაბნოს სამი სულიერი ნუგეშისცემა (ევლოგია), სამი ადგილი წმინდა წერილიდან.

"მე მათთვის გკითხავ, არათუ სოფლისთვის გკითხავ, არამედ მათთვის, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან" (იოანე 17,9).

"ხოლო რაოდენთა იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფებაი შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი" (იოანე 1,12).

"აჰა, ესერა მე თქვენ თანა ვარ, ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათე 28,20).

- ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, - თქვა მან, - ანტიქრისტე მოდის, მის მოსვლას ებრაელები ამზადებენ.

* ვეწვიეთ მეუდაბნოე მამა ანდრიასაც, უაღრესად ღარიბს, უძლურს, რომელიც თავბრუსხვევით იტანჯებოდა, მაგრამ ითმენდა. აი, მისი ზოგიერთი რჩევა:

- სახარება ცხოვრებაში გამოყენებას მოითხოვს და არა თეორიულ ცოდნას. ლოცვა სიტყვის, გულისა და გონების ერთობით უნდა წარმოითქვას. ის რომ წმინდა გახდეს, ამისთვის აუცილებელია თავშეკავება და სიწმინდე, არანაირი მიზეზით მოყვასი არ განვიკითხოთ. უმცროსსაც კი დაემორჩილე. თუნდაც მიაღწიო ოთხმოცდაათი წლის ასაკს, მორჩილება გამოიჩინე რომელიმე თვრამეტი წლის ყმაწვილის მიმართ.

* გამხდარმა, ხალისიანმა და კეთილად მოსაუბრე მამა ბართლომემ კარი გულითადი სტუმართმოყვარეობით გაგვიღო.

- რამდენჯერაც შეგვემუსრება ლოცვისას გული, იმდენჯერ ვემთხვევით ღმერთს, - თქვა მან, - სათნოებებით უფალს ვემსგავსებით. გონებისმიერი ლოცვისას მას ვუერთდებით. აი, რაშია საქმე, ძმაო. ვაი მე, რამეთუ დავკარგე კურთხევა კინოვიური ძმობისა. მორჩილებას მივყავართ სიმდაბლისკენ, ტირილისკენ, ცრემლებისკენ, განწმენდისა და განბრწყინებისკენ...

გაგვიმასპინძლდა ასკეტური საკვებით (ლეღვის ჩირით და წვიმის წყლით) და მოგვიყვა სახელგანთქმულ მამა ისააკ დიონისიატელის სათნოებებზე.

* დიდებულმა კატუნაკელმა მეუდაბნოემ, დანიელმა, ერთხელ ასე ანუგეშა ახალდამწყები მონაზონი, რომელიც სასოწარკვეთილი იყო კინოვიურ მონასტერში საცთურების გამო, მან უთხრა: "შვილო, თუ კაცს მოაშორე საცთურები, ვერავინ მიაღწევს სიწმინდეს".

* ერთი ძალზე კეთილმოკრძალებული მონაზონი მეუბნებოდა:

- განა ვკითხეთ ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, სურს მას, რომ მთაწმინდაზე გზები გავიყვანოთ, მოსწონს მანქანები, სიამოვნებს მექანიზმები და ხმაური, სათნოა მისთვის, მონაზვნური სახელმწიფოს, რომლის პატრონი და უფალიც იგია, მონაზონთა რეგისტრაცია როგორც საბერძნეთის ქვეშევრდომებისა? შესაძლოა, ამის გამო ვივიწყებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მის აღთქმას მთაწმინდის მიმართ!

* - როცა ხელს დამასხამენ, რას უნდა მივაქციო განსაკუთრებული ყურადღება? - ჰკითხა ერთხელ ერთმა მონაზონმა, მადლმოსილმა ბერმა მამა ავქსენტი გრიგორიატელს, რომელიც მთელი სიცოცხლე განუწყვეტლად იმეორებდა იესოს ლოცვას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აკათისტოს.

- გქონდეს ღრმა სიმდაბლე და გაექეცი საცდურებს, - უპასუხა მან.

* ერთხელ მოსაგრე მონაზონს, ნიკანდრო კოსტამონიტელს ჰკითხეს:

- რატომ არის, რომ მიუხედავად იმისა, ყოველდღიურად წმინდანთა და სათნო მონაზონთა ცხოვრებას ვკითხულობთ, ღვთისმსახურებას ვატარებთ და ბევრს ვლოცულობთ, მაინც ვერ ვემსგავსებით ღირს მამებს?

- ვიდრე მკალავი კალის ფენით დაჰფარავდეს სპლენძის ნაკეთობას, იგი ჯერ გაფხეკს მას და მერე ცეცხლში შედებს. თუ ჟანგის მოცილებას ვერ შეძლებს, მაშინ კალა ვერ მიმაგრდება. ასევე ვართ ჩვენც. მივდივართ მონასტერში სოფელში ჟანგმოდებულნი. ამიტომაც ღვთის მადლს არ შეუძლია მოგვიახლოვდეს, რათა განგვანათლოს და განგვაბრწყინოს.

* მამა მოდესტი კოსტამონიტელი გვეუბნებოდა:

- ნებაყოფლობით დაბრმავდით. ნუ შეამჩნევთ სხვების შეცდომებს.

* - მამა გაბრიელ, ძალიან მინდა, მთაწმინდაზე ვიცხოვრო, - უთხრა ერთხელ ღირსსახსოვარ კარულელ მოსაგრეს შემდგომში პატივცემულმა ბერდიდმა მამა კირილემ, მოძღვარმა წმინდა ნიკოლოზის კელიის "ბურეზარისა".

- კარგი იქნება, რომ აქ მოხვიდე, მაგრამ რამდენადაც შენ ერში ცხოვრობ, წადი შინ, ჩაიკეტე. ჩამოუშვი ფარდები, იმარხულე, ილოცე სკვნილზე და ეს იქნება შენი მთაწმინდა!

* - როცა ის საუბრობდა, ბაგეები გავარვარებულ ღუმელს უგავდა, სახე ცვილისა ჰქონდა და სინათლეს ასხივებდა, - ჰყვებოდა მისი თანამედროვე ბრმა მამა ნიკიფორეზე, რომელიც მრავალი წლის წინ სიმონ-პეტრაში მოღვაწეობდა.

მამა ნიკიფორე მოუკლებელ გონებისმიერ ლოცვას ასრულებდა, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ და მხოლოდ მორჩილებით მიიღო ხელდასხმა, ცრემლით ითხოვდა აეხსნათ მისთვის მღვდლობის ტვირთი, რაც შესრულდა კიდეც, როცა დაბრმავდა.

* წმინდა ანას სკიტის მოძღვარი მამა გ-ი იყო ვითარცა აღლესული ცული სიზარმაცისა და უსაქმურობის წინააღმდეგ. ის ურჩევდა მამებსა და ძმებს, ემუშავათ და მიებაძათ ძველი მოსაგრეებისთვის, რომლებიც ბევრს შრომობდნენ. ერთი კალათებს ქსოვდა, სხვა მდელოზე ჯადვარის ბოლქვებს თხრიდა, მესამე დაფნის თესლს აგროვებდა, მეოთხე კი ათონის მწვერვალზე ადიოდა ჩაისა და უკვდავას მოსაკრეფად. მათ ისინი ყიდდნენ არსობის პურის მოსაპოვებლად.

* თქვა ბერდიდმა:

- ჩვენი ცხონება შემთხვევისა და ბედნიერი თანხვედრის საქმე კი არ არის, არამედ შედეგია ძალისხმევისა და შრომისა. სასუფეველი ცათაი იიძულების და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი.

* ჩემს ღირსსახსოვარ მამას, როცა ის მორჩილი იყო წმინდა ანას სკიტში, კურთხევა არ ჰქონდა, ვინმეს გასაუბრებოდა. ეს განსაკუთრებული ზრუნვა გახლდათ მისი ნორჩი და გამოუცდელი სულისთვის, ერთგვარი საშუალება შემოეზღუდათ იგი ხიფათისგან. ნებას აძლევდნენ, ურთიერთობა ჰქონოდა მხოლოდ ერთ მოსაგრესთან, რომელიც თავმდაბლობით და ჭეშმარიტი სიყვარულით იყო ავსებული. ეს სათნო მონაზონი ყოველდღიურად მოიკიდებდა ზურგზე თავის მოძღვარს და აუყვებოდა კალივის საფეხურებს. მას ათანასეს ეძახდნენ, ის კატუნაკში მოღვაწეობდა და "აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი, რამეთუ სათნო იყო უფლისა სული მისი. ამისთვის ისწრაფვა განსვლა შორის უკეთურებისა" (სიბრძნე სოლომონისა 4.13-14).

* თქვა ბერმა: - ეჭვიანობა ერთგვარი ცრუ და თავნება ფოტოგრაფია, რომელიც ფოტოგრაფირებისას შერყვნის გამოსახულებას ისე, რომ ვეღარ იცნობ...

* ერთხელ ერთი მოხუცი მონაზვნის ქოხში აღმოვჩნდი, რომლის უბრალოებამ და სისადავემ არანაკლებ მანუგეშა, ვიდრე თვითონ ბერის უშუალობამ და კეთილმა ხასიათმა.

შიგნით, კედლის ფოსოში, ძველი სარკმლის გვერდით, ბუდე მოეწყოთ ზეციურ ფრინველებს. დედა ჩიტი მიმოფრენდა, რათა აუწერელი სინაზით ეჭმია ბარტყებისთვის და ეზრუნა მათზე.

- შეხედეთ დედის ამ თავგანწირვას, - თქვა ბერმა, - ამის მერე კი დაფიქრდით თანამედროვე ბავშვების უმადურობაზე, რომლებიც დაუტევებენ მშობლებს და არ აინტერესებთ, როგორ იცხოვრებენ ისინი, ვინ შეინახავს, ანუგეშებს მათ სიბერეში.

* ერთმა თანამედროვემ შესჩივლა მოსაგრე მამას: - რა ვქნა, მამაო, დისკოთეკაზე წასვლის სურვილი მაცთუნებსო.

- რა არის, შვილო, ეს დისკოთეკა?

- როცა...

- ჰოო, გამახსენდა. ერთხელ ასეთი ადგილი ვნახე. მას გარედან "ფერმა" ეწერა. მგონი, ეს დაწესებულება ცხოველებისთვისაა! - კეთილმა ბერმა ეს თავისი უბრალოებით თქვა, ვინაიდან არ იცოდა, რა იყო დისკოთეკა.

* - რის სანახავად მოხვედით მთაწმინდაზე? ფარდების, ავეჯის და მარმარილოსი? სიმდიდრისა და კეთილმოწყობის? მაშინ შემცდარხართ. ნახავთ კონსერვის ქილებს, თუნუქის სახურავს, ძველსა და დაკერებულ სამოსს, ფეხშიშველა ასკეტებს ჭუჭყიანი ფეხებით, დაუვარცხნელი თმით, რომლებიც შინაგანი ცხოვრებისა და კეთილსურნელოვანი სათნოებებისკენ ისწრაფვიან.

ასე ესაუბრებოდა ერთი მეუდაბნოე ზოგიერთ მომლოცველს, რომლებიც ჩამოვიდნენ კომფორტისა და კეთილდღეობის სამყაროდან და განცვიფრებული უსმენდნენ მას.

* - მამა დ., შენ ღარიბი ხარ და ფული არ გაქვს, - ვუთხარით ერთხელ მართლაც ღატაკ სკიტელ მონაზონს.

- მხოლოდ ეშმაკია ნამდვილად ღარიბი, - გვიპასუხა მან.

* ერთმა პროფესიონალმა პედაგოგმა, პროფესორმა, მთაწმინდა თავის ვაჟებთან ერთად მოინახულა. უცაბედად ისინი მეუდაბნოე გ-ს შეხვდნენ და ზოგიერთ სულიერ საკითხზე დაიწყეს მასთან მსჯელობა. მეუდაბნოემ ერთ ვაჟს მომავალ პროფესიაზე ჰკითხა. მან - მათემატიკოსობას ვაპირებო.

- არა, - უთხრა მას ბერმა, - შენ აგრონომი იქნები.

მამა-შვილნი გაოცნდნენ: სულ ცოტა ხნის წინ მსჯელობდნენ ოჯახში ამ საკითხებზე და მამამ აგრონომობა ურჩია შვილს. მეუდაბნოემ ამის შესახებ არაფერი იცოდა და ეს ყოველივე სულიწმინდით განბრძნობილმა თქვა.

* ერთი მოხუცი მონაზონი, რომელიც სიცოცხლის ბოლოს დაბრმავდა, ამბობდა: - ეშმაკი მენარდე გახდა. მან მოახერხა თანამედროვე მონაზვნების ლოცვისაგან განყენება, რომელიც მათი ერთადერთი და მთავარი საქმიანობაა, რათა აიძულოს მათ სხვადასხვანაირი სამუშაო და დაამძიმოს ცხოვრებისეული ზრუნვით.

* ერთ-ერთი სკიტის მკვიდრი მოხუცი მამა მეუბნებოდა, სიახლე და მოდა მონაზვნის ცხოვრებაში კოზაკსა ჰგავს, რომელიც შეუმჩნევლად შეიპარა მეხრის კარავში და იქიდან ვერასგზით ვეღარ გამოაგდებო.
ბეჭდვა
1კ1