არც ზეცაში და არც მიწაზე არ არის იესოს ლოცვაზე საიმედო იარაღი
არც ზეცაში და არც მიწაზე არ არის იესოს ლოცვაზე საიმედო იარაღი
მამა ათანასე მოლდაველი (1873)
მოლდავური სკიტის იქით, ვიგლაში, ერთ ქოხში ცხოვრობდა მამა ათანასე მოლდაველი, სულიერ მუშაკობაში საღად მოაზროვნე კაცი. XIX-XX სს-თა მიჯნაზე ამ ადგილას მოსაგრეობდა მოლდაველი ბერდიდი მამა გიორგი, კაცი განსწავლული და ტიპოგრაფი. ბერძენთა აჯანყების დროს მამა გიორგი მორეაში წავიდა. იქ მიტროპოლიტმა შეიტყო რა მისი დიდსულიერი ცხოვრება, აიძულა ხელდასხმა მიეღო.

იქ მამა გიორგიმ სამი წელი დაჰყო და ვლახეთში წავიდა და ჩერნიკას მონასტერთან ახლოს ერთ განმარტოებულ ადგილას შეჩერდა. იქ გარდაიცვალა იგი, მუდმივად ათონზე დაბრუნებას ფიქრობდა, მაგრამ ვერ შეძლო თავისი სურვილის აღსრულება, რადგან მთაწმინდა თურქებით გაივსო.

ჩერნიკაში ჩასვლისას მამა გიორგისთან მივიდა ახალგაზრდა ათანასე, რომელმაც მისი მაღალსულიერი ცხოვრება შეიტყო და დარჩა მასთან, სურდა რა მოღვაწებაში გასჯიბრებოდა. აქამდე ათანასე ნისმეცის მონასტერში ცხოვრობდა, სადაც ის ჯერ კიდევ ბავშვი მივიდა. მამა გიორგისთან მან რვა წელი იცხოვრა და მოძღვრის სიკვდილის მერე თავისი ღვილი ძმის, მონაზვნობაში ნექტარიოსის საძებნელად წავიდა. იპოვა და მასთან ერთად მთაწმინდაზე მოვიდა 1840 წელს. აქ მათ ნექტარიოსის სიყმაწვილის გამო მხოლოდ ერთი წელი იცხოვრეს ქსენოფონტეს სკიტში. ერთი წლის მერე გაემგზავრნენ იერუსალიმში, იქიდან კი მოლდავეთში. როგორც კი მის ძმას ნექტარიოსს წვერი ამოუვიდა, ისინი ორივენი კვლავ მთაწმინდაზე მივიდნენ. მამა ათანასე ვიგლაზე დასახლდა, სადაც ადრე მისი აწ გარდაცვლილი მოძღვარი მამა გიორგი ცხოვრობდა.

მამა გიორგი გონებისმიერ მუშაკობაში დამოძღვრა მამა პაისი ველიჩკოვსკის უახლოესმა მოწაფემ, თანამოსახელე გიორგიმ, რომლის ხელმძღვანელობით ისე წარემატებოდა, რომ მისგან, ვითარცა წყაროსგან, აღივსებოდა ყველა, ვინც გონებისმიერად მუშაკობდა. მამა ათანასე ყვებოდა თავის მოძღვარზე:

- ბევრი ტირილით წამწამები დასცვივდა. მისი გარდაცვალების ჟამს ბევრს ვტიროდი, რომ ასეთ მოძღვარს განვეშორებოდი, მაგრამ მან მანუგეშა, - მხოლოდ ერთი წელი იქნები მარტოო. ასეც მოხდა: ერთი წლის მერე ვიპოვე ჩემი ძმა ნექტარიოსი და ერთად წავედით ათონზე!

მამა პაისი ველიჩკოვსკის მამა ათანასე ასე იხსენებდა: - მე ცოცხალს მივუსწარი მოხუცებულ მამას, პაისის მოწაფეს. თუ ვინ იყო ეს დიდებული პაისი, თქვენ შეგიძლიათ მიხვდეთ მისი მოწაფის თავს გადამხდარი ამბიდან: იგი გონიერი კაცი იყო; იჯდა ერთხელ საწოლში სულიერ საფიქრალში ჩაფლული და თვალწინ წარმოუდგა უამრავი ეშმაკით გარემოცული საყდარი (ტახტრევანი). სხვა ეშმაკებმა დიდი ზეიმით მოიყვანეს სატანა, რომელიც ავიდა ტახტზე. მას რიგრიგობით ეახლებოდნენ ეშმაკები მოხსენებებით. ის მათ ეკითხებოდა, - სად იყავიო. პირველად მისულმა ეშმაკმა უთხრა: - მონასტრის (ნიამეცის) გარეთ დაყუდებულ ამა და ამ მონაზონთან ვიყავი და ვერ შევძელი მიახლოება. როგორც კი მისვლას დავაპირებ, ის მიწაზე დაემხობა, მისგან ცეცხლი გამოვარდება, რომელიც მწვავსო. სატანამ ბრძანა ცემა მისი და სხვა ეშმაკებისა, რომელთაც ბოროტის ქმნაში წარმატებას ვერ მიაღწიეს. ასე სცემეს ხუთი თუ ექვსი ეშმაკი. მერე ამოიოხრა სატანამ, - ხელს მიშლიან ეს ჯვრიანები (ანუ მამა პაისის მიერ სულიერ მუშაკობაზე გადათარგმნილი წიგნები), მაგრამ დადგება დრო, როცა ისინი აღარ იქნებიან და ყველაფერი ჩემი ნებით შესრულდებაო. აი, დაუმატა მამა ათანასემ, - ნიამეცის სახელგანთქმული ბიბლიოთეკა მთლიანად დაიწვა, სულიერ მუშაკობაზე დაწერილ და გადარჩენილ წიგნებს კი ახლა აღარავინ კითხულობს.

მამა პანტელეიმონის ჩანაწერი ბერთან სტუმრობაზე:

- პირველად მამა ათანასესთან სკიტელმა მამამ მიგვიყვანა. შორიდან მოვკარით თვალი - ბერდიდი ვენახში მუშაობდა. დაგვინახა, საქმე მიატოვა და სასწრაფოდ თავისი ქოხისკენ გაეშურა. ჩვენი მეგზური ბერს იცნობდა და დაუძახა. მან უკანმოუხედავად განაგრძო გზა. ბილიკიდან გადავუხვიეთ და ქოხისკენ წავედით, მეგზურს ვთხოვეთ, ბერდიდს დასწეოდა და ეკითხა, მიგვიღებდა თუ არა. ის დაედევნა ბერდიდს, ეძახდა, მაგრამ ის არ გაუჩერდა. დიდხანს ვაკაკუნეთ მისი ქოხის კარებზე, ბოლოს ვთხოვე მეგზურს, თავი დაენებებინა კაკუნისთვის, მან იცოდა ბერდიდის ხასიათი, უფრო და უფრო ძლიერ აკაკუნებდა. ბოლოს ბერმა კარი გააღო, გამოვიდა და სიყვარულით მიგვიღო. მოგვიბოდიშა, - ყრუ ვარ, არ მესმოდა კაკუნიო.

გაიხსენა ადგილი, სადაც დასახლდა და თქვა: თქვენ სტუმრობთ მეუდაბნოეებს და იმ ადგილებს, სადაც ძველი მამები ცხოვრობდნენ და ჩვენზე, აქ მცხოვრებებზე, მეტ საზღაურს მიიღებთ: ჩვენ კი, წყეულნი, აქ დღეებს სიზარმაცესა და არხეინობაში ვატარებთ და ორმაგ სასჯელს ვიმსახურებთო!

განსაცდელების ჟამს უნდა ილოცოთ, რათა უფალი მათ დათმენაში დაგეხმაროთ!

წმინდა მამები წერენ, რომ სჯობია ყველაფერი ჭამო და სვა და საკუთარი თავი განიკითხო, ვიდრე არ ჭამო და სიამაყით აივსო. წმინდა ბასილი დიდი უწონებს საქციელს მათ, ვინც თავისი სხეული ზომიერებით მოთოკა. ეს საჭიროა სულის დასახმარებლად, მოღვაწებისთვის, ამის გარეშე იგი დაუძლურდება. მხოლოდ განსჯაა საჭირო!

ჭამა უბედურება არაა, მაგრამ განსჯაა საჭირო. ზომიერების გარეშე გონება დაბნელდება, მაგრამ თუ შეჭამ, მაგრამ საკუთარ თავს უსაყვედურებ, პირუტყვივით ვჭამო და ინანიებ ღვთის წინაშე - ეს სათანოა ღვთისთვის. მაგრამ ვინმე უდაბნოში რომც ცხოვრობდეს, ლოცულობდეს, მარხულობდეს და ამასთან ოცნებობდეს, რომ კარგად იქცევა (გულში მას ეშმაკი აქებს), მას მხოლოდ მედიდურობა შერჩება; ხოლო ვინც განაქიქებს და საყვედურობს საკუთარ თავს, იგი ღმერთს გრძნობით უახლოვდება!

წმინდა მამები ახალბედას კინოვიაში ცხოვრებას უბრძანებენ. მათ იქ უნდა სძლიონ ვნებებს და შემდეგ დასახლდნენ განმარტოებით. სიკვდილის ხსოვნა, ლოცვა და განსჯა განაბრწყინვებს კაცს; გონიერება გაუნათლდება და უვნებლად დაითმენს განსაცდელს. ეს ნათელი მას გზას უჩვენებს!

კელიაში ცხოვრება კარგია, მაგრამ აუცილებელია, რომ ლოცვაც გეპყრათ, რამეთუ არც ზეცაში და არც მიწაზე არ არის იესოს ლოცვაზე საიმედო იარაღი. მას მუდამ უნდა ვასრულებდეთ, ვიდრე ის ადგილს არ მოძებნის - ადგილს კი მაშინ მოძებნის, როცა ვნებებისგან განწმენდილს ნახავს გულს, სადაც ის დაივანებს. გული კი ლოცვით განიწმინდება! მუდმივად მოქმედი ლოცვა აღავსებს ნაკლულოვანებას, შეუსრულებელ კანონსა და სხვა ქმედით ღვაწლს!

- თუ მოისურვებთ, დაყუდებას პოვებთ იმ ადგილას, სადაც ცხოვრობთ. თქვენი საიდუმლო მხოლოდ სულიერად გამოცდილს უნდა გაუმხილო, რომელსაც ეს საქმე ესმის. ზოგიერთნი განიკითხავენ და ლანძღავენ დაყუდებულებს. აი, მაგალითად, ქსიროპოტამის მონასტერში მოეწყო ვინმე, შენაწირი შეიტანა; ის ჩარიცხეს პროესტოსებში და რამდენიმე წელი იცხოვრა; სემდეგ შეიტყო მეუდაბნოეთა შესახებ, ისიც ნახა, თუ როგორ ცხოვრობდნენ შტატიან მონასტერში, მოისურვა მყუდრო ადგილას განმარტოებულიყო და კავსოკალივის სკიტში მივიდა მამა იეროთეოსთან, მაგრამ გაუჭირდა უდაბნოში ცხოვრება და ერთ წელიწადში ქსიროპოტამში დაბრუნდა, სადაც უფროსმა პროესტოსმა უთხრა: - უდაბნოში მხოლოდ მოლდაველები და რუსები ეძებენ რაღაც გონებისმიერ ლოცვას და ჭკუიდან გადადიან. იქ მხოლოდ გზაარეული და უმაქნისი ადამიანები მიდიანო. აი, როგორი შეხედულება აქვს მეუდაბნოეებსა და საერთოდ სულიერ ცხოვრებაზე ზოგიერთს, - დაუმატა ბერდიდმა, - არ შეიძლება ყველას გაუმხილო შენი საიდუმლო. წმინდა ისააკ ასური წერს: ყველას ნუ მიანდობ შენს საიდუმლოს, მხოლოდ თანამოაზრესა და სულიერად მუშაკს გაანდე!

წმინდა მამებიც კითხულობდნენ, ვიდრე ლოცვისას მადლს მიიღებდნენ, ხოლო მიღების მერე დაუტევეს კითხვა. კარგია, დროდადრო იარო იმ ადგილებში, სადაც წმინდანები ცხოვრობდნენ: ღირსი ათანასე, ღირსი მაქსიმე, ღირსი ნილოსი და მრავალი სხვა; ამან შეიძლება დიდად დამოძღვროს და განამტკიცოს სული. ამგვარ ადგილებში უნებურად იბადება აზრები, - აი, აქ ასეთი მამა ცხოვრობდა და მე წყეულიც აქ ვცხოვრობ? ამგვარი თავის განკითხვითა და ლოცვით წმინდათა მიმართ სული შეიმუსრება და გაძლიერდება. სიკვდილისა და ღვთის სასჯელის ხსოვნა მუდმივად უნდა გვქონდეს, განსაკუთრებით ლოცვის შესრულებისას.

საჭირო რომ ყოფილიყო, მოწაფეს ალბათ სკიტიდან გამომიგზავნიდნენ, მაგრამ მარტო ყოფნას ვარჩევ. როცა სნეულების გამო მიჭირს, მოდის მამა ნექტაროსი და მეხმარება. ადრინდელი მამები სხვებთან ერთად ცხოვრობდნენ. ახლაც ძლიერ ადამიანებს მოწაფეები ჰყავთ და ხელმძღვანელობენ მათ; ჩვენ, უძლურებს კი ამის დათმენა არ შეგვიძლია. მარტონი ვცხოვრობთ, რამეთუ მარტოს უფრო ადვილად შეუძლია თავისი ცოდვების გახსენება. ძლიერებს შეუძლიათ სხვებიც დაარიგონ; ისინი უფრო მეტ საზღაურსაც მიიღებენ. აი, მაგალითად, კიევში წმინდა მამათა ბევრი მღვიმეა, მაგრამ ანტონსა და თეოდოსის უფრო მეტი სახელი აქვთ - ისინი უდიდესნი არიან!

ღირსი ნილოს სორელი კარგად გამოხატავს მყუდროებას!

ნუ წუხხართ, როცა ძმები სიმშვიდეს გირღვევენ. თუ ისინი რჩევას გვკითხავენ და ვუპასუხებთ, ამით მყუდროება არ დაირღვევა. ძმათა სიყვარული მყუდროებად ჩაითვლება. ის ხომ მრავალგვარია: ზოგი მთელი დღე ლაპარაკობს და სიკეთე მოაქვს, ზოგი კი ერთ სიტყვას იტყვის და ამით შეურაცხყოფს ძმას!

დამშვიდობებისას ვკითხეთ ბერს, თუ შეიძლება, სხვა დროსაც გეახლოთ, ხომ არ შეგაწუხებთო. გვიპასუხა, - ჩვენ მივეჩვიეთ არა გარეგნული კარის ჩაკეტვას, არამედ ვნებებს დავუხშოთ კარი! ჩვენ გადმოცემით ვიცოდით, რომ ბერს წვერი მიწამდე სწვდებოდა, გვინდოდა, გვეთხოვა, ეჩვენებინა, მაგრამ ამით გული რომ არ გვეტკინა მისთვის, წინასწარ ვთხოვეთ, შეენდო ჩვენი კადნიერება - გაოცებული ბერი პატიებას დაგვპირდა. მაშინ წვერის გახსნა და ჩვენება ვთხოვეთ, ბერმა შეიხსნა კაბა, გახსნა წვერი, ამოუშვა და გვაჩვენა. წვერი ფეხის თითებამდე სწვდებოდა. ბერმა შენიშნა, რომ ჩვენი ასეთი ცნობისმოყვარეობა უქმია და უაზრო: წვერი არაფერს ნიშნავს, დიდია თუ მცირე, ცხონებას არაფერს შემატებს, ბერს სჭირდება ღვთივსათნო საქმეები.

1873 წლის ოქტომბერში მამა ათანასემ ძალების მოკლება იგრძნო, დაუტევა ქოხი, მივიდა სკიტში და საავადმყოფოში დაწვა. რამდენიმე დღის მერე, 23 ოქტომბერს, მშვიდად წარდგა ღვთის წინაშე.
ბეჭდვა
1კ1