ვინც საკუთარ გულისთქმებს უჯერებს, თუ ერისკაცია, ჭკუიდან გადადის, ხოლო თუ მონაზონია, ხიბლში ვარდება
ვინც საკუთარ გულისთქმებს უჯერებს, თუ ერისკაცია, ჭკუიდან გადადის, ხოლო თუ მონაზონია, ხიბლში ვარდება
თქვა ბერმა, - სოფელი მონაზვნისთვის იგივეა, რაც ნახშირის გამყიდველი (ანუ სოფელი შებილწავს მის სულს, დასვრის ისე, როგორც ნახშირის გამყიდველი).

სხვა მამამ, მხედველობაში ჰქონდა რა ჩვენი დროის მონაზვნობის აყვავება, თქვა:

- ღმერთი მიწაზე რაღაც დიდებულს ამზადებს... სოფელი კრიზისს განიცდის. ხალხს სწყურია...

ერთ ბერი ეუბნებოდა ახალბედა მონაზონს:

- ნუ მოვიტანთ მონასტერში სოფელს, თავისი ჩვეულებებით, კეთილმოწყობით.

თქვა ბერმა: - სულიერი ცხოვრების დასაწყისი მონაზვნისთვის მხოლოო ღმერთის გარდა ყოველივე ხილულისა და უხილავისაგან განშორებაა.

მან კიდევ თქვა: - როცა სოფელში ვცხოვრობდი, ყველა მიყვიროდა: "მონაზონო, მონაზონო". მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს: თუ შენ მონაზონი ხარ, რაღას უცდი, რომ სოფელი დაუტევო?

მამა მიქაელ ლავრელი, რომელსაც მორჩილება საავადმყოფოში მუშაობით ჰქონდა, შრომისმოყვარეობისა და დაუზარელობის მაგალითი გახლდათ. უხაროდა მოყვასის მომსახურება და მზად იყო, ნებისმიერ დროს ყველანაირი სამუშაო შეესრულებინა. მისი ცვილივით სახე ერთგვარ ასკეტურ ნათელს აფრქვევდა.

წმინდა ბასილის სკიტელი მეუდაბნოე მამა დამასკინოსი ჰყვებოდა უდარდელობაში ჩავარდნილ ერთ მორჩილზე, რომელიც მრავალი წლის წინ კავსოკალივაში ცხოვრობდა. მან დაუტევა თავისი მონაზვნური კანონი და უყურადღებოდ ეპყრობოდა თავის სულიერ მოვალეობას. ცხოვრებას სიზარმაცესა და არხეინობაში ატარებდა. ავად გახდა და დიდხანს სიკვდილისწინა ტანჯვას იყო მიცემული, მაგრამ სული სხეულიდან არა და არ გამოდიოდა. ეს მოხდა 1935 თუ 1936 წელს.

ექიმი მოღვაწე და განმსჯელი მონაზონი იყო და მიხვდა, რომ მას წინაღობად თავისი არხეინი ცხოვრება ექცა.

მაშინ მორჩილის მოძღვარი, გრიგოლი, რომელიც მისი სულიერი მოძღვარი იყო, გულშემუსვრილი მუხლებზე დადგა ყველა იქ მყოფის წინაშე და თავისი გატანჯული მორჩილის სიყვარულით აღძრულმა პირობა დადო ღვთისა და კაცთა წინაშე, რომ ის თვითონვე შეასრულებდა სულიერი შვილის მიერ გამოტოვებულ საბერო კანონს.

როგორც კი ეს თქვა, ავადმყოფმა სული უფალს ჩააბარა და განისვენა.

თქვა ბერმა: - რაც მეტს შრომობ, მეტ სიხარულსა და მადლს იგემებ.

ღმერთს შეუძლია ჩვენი გული იმგვარი ნეტარებით და ისეთი ღვთაებრივი სიყვარულით აავსოს, რომ ვერ გავუძლებთ მას და პირქვე დავემხობით. მაშინ ჩვენ დავუტევებდით მონასტერს და მღვიმეში ჩავიკეტებოდით. ერისკაცები დაუტევებდნენ თავიანთ საქმეებს, ოჯახსა და ბავშვებზე ზრუნვას. ამიტომაც ღმერთი, რომელიც თვით არის სიყვარული, არ გვაძლევს ამგვარ სიყვარულსა და ნეტარებას.

თქვა ბერმა: - ადამიანები მუდმივი შიშით ცხოვრობენ. გართობა და დროსტარება მათ ნამდვილ სიხარულს არ აძლევს.

მან ასევე თქვა: - დღეს ჩვენ ძალზე დავშორდით გარდამოცემას. გვმართებდა, რომ საკუთარი თავი უკანასკნელთათვის კი არა, წმინდანთათვის შეგვედარებინა...

სხვა მამამ თქვა: - მიდი მოძღვართან თავგანწირულად და მიიღე ის, რასაც გეტყვის. თუ ყოყმანით მოხვალ, მაშინ შენზე არ ეუწყება ღვთისაგან და შესაძლოა მცდარი რამ გითხრას. "თუ წინასწარმეტყველს გონება დაუბნელდა, ესე იგი, მე დავუბნელე, რამეთუ შენი გული მცდარია", - ამბობს უფალი.

თქვა ბერმა: - არ შემიძლია აღგიწერო ის ნეტარება, ჩემო შვილო, რომელსაც ჩემი გული განიცდიდა ყოველდღე, როცა ადამიანები უსამართლოდ მექცეოდნენ. მე თითქოს შეურაცხყოფილი ქრისტეს სამოსით ვიმოსებოდი.

ერთი კინოვიური მონასტრის მამას უდარდელად თვლიდნენ. მიუხედავად ამისა, იღუმენი უთმენდა მას და მისი ცხოვნება სურდა. იგი ამბობდა, რომ ღვისმშობელი აცხონებს ამ მამას, რადგანაც ის მის ბაღს არ ტოვებდა. ჩანს, იგი იხსენებდა იმ თავდაპირველ მოშურნეობას, კეთილმოკრძალებას, რომელიც ამ მონაზონს ჰქონდა.

მამა ეგნატე დიონისიატელის შრომისმოყვარეობის წყალობით, უდაბური მთის ფერდობი ნამდვილ ბაღად, მსხმოიარე ზეთისხილის ტევრად გადაიქცა. ქამარზე ნაჯახჩამოკიდებული, გუდაში ბაღის ინვენტარით, მოშურნედ მიისწრაფოდა ამ ნარგავების ასაკაფად. მან გარეული ზეთისხილის ხეები დაამყნო და მსხმოიარე გახადა.

მოშურნეობით და სწრაფვით მონასტრის ინტერესთა აღმასრულებელი მამა ეგნატე სავანის ისტორიას შემორჩა. მის შრომისმოყვარეობას ყოველთვის ერწყმოდა ნეტარი სიმდაბლე და უდიდესი გულმოწყალება.

- არხეინობა ქვე დასცემს წმინდანებს, ეს საშინელი ბოროტებაა, - თქვა ერთმა სულიერ ღვაწლში გამოცდილმა ბერმა.

წმინდა პავლეს მონასტერში ჩვენ ვიცნობდით გამორჩეულ რუმინელ მღვდელმონაზონსა და მოძღვარს, მაკარის.

- წმინდა ლოცვის პირობები აქვს იმას, ვინც იღვწის და ეზიარება უწმინდეს საიდუმლოებას, - ამბობდა ის.

ვიცნობდი ერთ მონაზონს, რომელიც ხელიდან არასოდეს უშვებდა სკვნილს, მოუკლებლად ლოცულობდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო. აი, როგორი გაუმაძღარი სიყვარული ჰქონდა ღვთისა.

აი, რას მიყვებოდა თეთრწვერა კინოვიელი მონაზონი ს-ი:

- ოდესღაც მთაწმინდაზე 8000 მონაზონი ვიყავით და მიუხედავად ყველანაირი ტანჯვისა, სირთულისა, მძიმე შრომისა და დაუცხრომელი ღვაწლისა, ყველაფრით კმაყოფილნი ვიყავით. ახლა კი შეხედე დღევანდელ მონაზვნებს: ეს მიეცი, ის მიეცი... წინ და უკან სხდებიან მანქანებში. შფოთი, საზრუნავი, მოარულ სნებად ქცეულა მატერიალურ სიკეთეებზე გამოდევნება. და ისინი რაც უფრო მეტია, მით მეტია საზრუნავი. ეს დაწყევლილი წრეა...

მომხდარი ხანძრის (ალბათ 1990 წლის აგვისტოში ათონზე მომხდარ გამანადგურებელ ხანძარს გულისხმობს) მიზეზი ცოდვა იყო. ცოდვის სტიქია დამანგრეველია სულისა და სხეულისა.

სხვა მოსაგრე მამა ამბობდა: - ბოროტება ყველგან გავრცელდა. ყველგან სიშავეა, როგორც გადახნულ მინდორზე. მაგრამ თუ ამ მინდორზე დათესავ, ის აჯეჯილდება და თავის დროზე ნაყოფს გამოიღებს.

მამა იოსებ ისიქასტი ამბობდა: - ეშმაკის მთავარი მიზანი რწმენის შემუსვრაა, რომ ამგვარი სახით ადამიანი მოღალატედ და განდგომილად გამოაჩინოს.

მე და წმინდა ანას სკიტში ჩემთან ერთად აღკვეცილი მამა დანიელი შევხვდით მეორე პავლე ყოვლადუბრალოს, სახელად ამბერკის, რომელიც წმინდა ნათლისმცემლის კალივაში ცხოვრობდა. მას არასოდეს დაუტოვებია მთაწინდა, მას მერე, რაც იქ ჯერ კიდევ თურქების ბატონობის დროს მალულად აიყვანეს, სულ მთლად ბავშვი, დიდი კალათით, ზემოდან ხახვი ეყარა. ჩვეული უბრალოებით ამ მამამ შემოგვთავაზა, - მისი მორჩილები გამხდარიყავით: - მე მოვკვდები, - თქვა მან, - და ვიღა აუნთებს კანდელს წმინდა იოანე ნათლისმცემელს?

- ყოვლადწმინდა გამოგიგზავნის ხალხს, - ვუპასუხეთ ჩვენ. მერე ხუმრობით დავუმატეთ: - ჩვენ თვითნება ხალხი ვართ, შენ კი მკაცრი ხარ (ის ყველაზე უწყინარი, ბატკანზე მშვიდი იყო).

- მე ერთ ფურცელზე სათნოებები მექნება ჩამოწერილი, მეორეზე კი მანკიერებები და სიტყვის დაუძვრელად მხოლოდ მიგითითებთ.

მრავალი წლის წინ ჩემთვის ფრიად პატივცემულმა მონაზონმა გერასიმე ჰიმნოგრაფმა მითხრა: - წმინდა გრიგოლ პალამა წერს, რომ ყოვლადძლიერ ღმერთს მხოლოდ უწმინდურ ადამიანთან შეერთება არ შეუძლია.

ერთი ბერძენი ასკეტი ხელსაქმის სახით ამზადებდა ცოცხებს, მიჰქონდა წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში, ყიდდა და თავისთვის ორცხობილას ყიდულობდა. უნდოდა, არსობის პური თავისი ხელითა და ოფლით მოეპოვებინა.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში გავიცანით მადლმოსილი მამა სიმეონი, სახელგანთქმული მოძღვრის, მამა საბას მოწაფე. ბევრს ჰყვებოდნენ ამ დიდებული კაცის სათნოებებსა და განსჯის უნარზე. სიკვდილის წინ მან ერთი შთამაგონებელი რჩევა მოგვცა: - ცოდვის გეშინოდეთ. საცთურების ნუ გეშინიათ, მათ ძალა არ აქვთ.

ისიქასტმა მამამ თქვა: - თავიდან მორჩილი კეთილმოკრძალებით და განუსჯელად ისმენს. მერე შეურევს ის ლოგიკას, რომელიც ღუპავს მორჩილებას. ის უკვე ყველას ლოგიკის თვალებით უცქერს.

მეუდაბნოე მამა ქრისტოდულოს მოწაფე იყო დიდებული მუშაკი ლოცვითი მღვიძარებისა, მამა კალინიკე, ხშირად, როცა მას სტუმართმოყვარე კალივაში ვსტუმრობდით, გვეუბნებოდა:

- ჩვენს დროში განსაკუთრებით აუცილებელია მოთმინების ღვაწლი. ძველი წმინდანები უდიდეს ღვაწლს აღასრულებენ, რომელთა ქმნაც ჩვენ არ ძალგვიძს. მაგრამ უნდა გვქონდეს მოთმინება და მორჩილებაში თავმდაბლობა.

- როცა მთაწმინდაზე მივედი, ვფიქრობდი, რომ ღმერთს მივუახლოვდი, მაგრამ როცა მამა დანიელი დავინახე, მივხვდი, თუ რამდენად შორს იყო ღმერთი ჩემგან, - ამბობდა დიდებული მამა დანიელ კატუნაკელის მორჩილი, მწერალი ალექსანდრე მოსაიტიდისი, რომელიც შემდგომში მონაზონი ანდრონიკე გახდა.

ერთი თანამედროვე მოსაგრე ამბობდა: - დღეს ბევრი ნივთიერებაა, მაგრამ არ არის საფუარიო.

მთაწმინდელებს ასეთი გამოთქმა აქვთ: - სხვისი კატა და სხვისი მონაზონი შენს საძმოში არ მიიღოო.

თქვა ბერმა: - ამ ცხოვრებაში ათ განსაცდელზე ერთი სიხარული მოდისო.

ძველ ხატმწერებზე მამები ამბობდნენ: - ის დალოცვილები მარხვითა და თავშეკავებით ხატავდნენ წმინდა ხატებს, ამიტომაც ხდებოდა მათ მიერ სასწაულებიო.

მთაწმინდელი მამები ამბობენ: - მონაზვნის ორი თვალია - კანონი და ღვთისმსახურება.

თქვა ბერმა: - ვინც საკუთარ გულისთქმებს უჯერებს, თუ ერისკაცია, ჭკუიდან გადადის, ხოლო თუ მონაზონია, ხიბლში ვარდება.

თქვა ბერმა: - რატომ არის დღეს ცოტა წმინდანი? იმიტომ, რომ დავკარგეთ ლოცვა და დაყუდება.
ბეჭდვა
1კ1