"ღვთის ძალა უძლურებაში აღესრულება"
"ღვთის ძალა უძლურებაში აღესრულება"
აი, ასეთია რუსული რწმენა. ერთხელ მამა სერაფიმეს ერთმა უზბეკმა თვისი თხუთმეტი წლის ვაჟი მიუყვანა და ფეხებში ჩაუვარდა.

- რუსო მამაო! ილოცეთ ჩემი ვაჟისთვის, კრუნჩხვები ემართება ხოლმე!

- შენ გწამს, რომ ღმერთს დახმარება შეუძლია? - ჰკითხა მამა სერაფიმემ.

- მწამს, - უპასუხა მან, - ყველგან ვიყავი: ტაშკენტელ მოლებთან, ბუხარელ მოლებთან, სამარყანდში. ვერავინ მიშველა. დამეხმარე!

- აბა, კარგი, მოდი, ერთად ვილოცოთ, - უთხრა მოძღვარმა.

სამივემ მუხლი მოიყარა. მამა სერაფიმემ მას ლოცვა და კანონი წაუკითხა "სნეულსა ზედა" და ზეთი სცხო, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო მონათლული და მუსლიმანური წესით წინდაცვეთილი გახლდათ და უთხრა:

- შაბათსა და კვირას დრო არ მექნება, - ღვთისმსახურებაზე ბევრი ხალხი იქნება. ორშაბათს მოდი ჩემთან.

როცა ეს კაცი ორშაბათს წმინდა გიორგის ტაძრის ღობეს მიუახლოვდა, კარის ზღურბლზე ფეხსაცმელები გაიხადა და დაჩოქილმა 36 მეტრი გაიარა მამა სერაფიმეს სახლამდე! აი, გაკვეთილი ყველას. რუსებო, რომელი ჩვენგანი მივა მუხლისჩოქით კეთილისმყოფელთან? მე არც მსმენია, არც მინახავს ამგვარი რამ. გახარებულმა უზბეკმა კი მთელი ეკლესიის ეზო ასე გაიარა.

ის ტირილით მიხოხდა მამა სერაფიმესთან, ფეხებში ჩაუვარდა, მადლობა გადაუხადა და ათასი მანეთი მისცა. სამოციან წლებში ეს ცოტა ფული არ იყო.

- მე მონაზონი ვარ, - უთხრა მამა სერაფიმემ, - ფული არ მჭირდება! წაიღე ნებისმიერ მეჩეთში, ნებისმიერ მოლას მიეცი.

- არა, მოლა მე ვერ დამეხმარა, მეჩეთი ვერ დამეხმარა. მამაო, შენ აიღე! - და ფული მაგიდაზე დაუდო.

მაგრამ მამა სერაფიმემ ჯილდო მაინც არ აიღო.

- არ მინდა, მე ფულისთვის არ მილოცია, არამედ უფლის გამო ვილოცე - ვინაიდან შენ მთხოვე, - მერე უთხრა: - ჰო, კარგი, წაუღე ჩვენს ბუღალტერს, ის აიღებს როგორც წმინდა გიორგის ტაძრისადმი შენაწირს, - ძღვნად მოტანლი შავი ქსოვილი კი აიღო მამა სერაფიმემ. დამშვიდობებისას უზბეკი დაჰპირდა:

- წავალ, ყველას მოლას ვეტყვი, თუ როგორია რუსული რწმენა!

მოგვიანებით მან ექვსი მოლა მოიწვია, მოვიდნენ ორი მანქანით მამა სერაფიმეს სანახავად. გაოცდნენ.

ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ მამა-შვილი ერთად მოდიოდა ტაძარში და ამბობდა: - თქვენი რწმენა მზეა, ჩვენი კი პატარა მთვარეო.

"ღვთის ძალა უძლურებაში აღესრულება". რაც ადამიანებს დიდად მიაჩნიათ, ღვთის წინაშე არაფერია. სწორად უთქვამთ, რომ ღვთის ძალა უძლურებაში აღესრულება.

ჩემს სამშობლოში, სოფელ კოლივანსკოეში, ცხოვრობდა უჩვეულო ღვთის კაცი - მიშა დრიანოვი. ის დაბადებიდანვე უძლური იყო სხეულით, თან მსუბუქი, მხოლოდ ხმელი თხელი ძვლები და ზედ გადაკრული ცელოფანივით გაჭირვალე კანი ჰქონდა. დაბადებიდანვე მოხრილი ხელ-ფეხი არ სწორდებოდა. ასეთ მდგომარეობაში გაატარა მან თავისი ხანმოკლე ცხოვრება - 36 წელიწადი... ძალზე ცოტას ჭამდა, ბლინის მეოთხედს და ორ კოვზ რძეს.

მაგრამ ამ კაცს სული არაჩვეულებრივი ჰქონდა. არც კითხვა შეეძლო, არც წერა, ასოებიც კი არ იცოდა, მხოლოდ ლოცვები, რომელიც დედამ ასწავლა. ამგვარ უძლურებაში მყოფმა ადამიანის ფიქრები იცოდა. ის, რომ ომი იქნებოდა, წინასწარ იცოდა. ყველას ყველაფერს ეუბნებოდა, თანაც სიმართლეს. მასზე არავინ ბრაზობდა, როგორც ქრისტესთვის სულელს, ისე მიაგებდნენ პატივს. წმინდა წერილს ვერ კითხულობდა, არ შეეძლო, მაგრამ მასში ყველაფერს იგებდა. მიშამ მექანიკოს მამას ასწავლა, საზიდარი უკეთ როგორ გაეკეთებინა! თვითონ იჯდა უძრავად ზურგსუკან ბალიშამოდებული - არასოდეს უნახავს არც ბორბალი, არც საჭე, მამას კი ასწავლა...

ძრწოლა გიპყრობს, როცა დაფიქრდები, თუ რა შეუძლია უფალს.

კოლივანსკოეში ომის მერე ჩავედი ნათესავების სანახავად. მიშასაც ორჯერ შევხვდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ის რენტგენივით გამჭოლად მხედავდა. ყველაფერს, რასაც ფიქრობდი, გეუბნებოდა და იღიმებოდა.

ის ყვებოდა საკუთარ თავზე, ვბრაზობდი საკუთარ მშობლებზე, ასეთი უძლური რატომ გამაჩინესო. უფალმა განმიცხადა: სწორედ ასეთი მჭირდები ადამიანების სამხილებლად, რათა დაეხმარო და განკურნო ისინიო.

მასთან ისე დადიოდნენ, როგორც სულიერ მკურნალთან. ჩამოდიოდნენ ქალაქიდანაც. დაემხობოდნენ მუხლებზე და ეკითხებოდნენ, თუ რატომ იყო შფოთი მათ სახლში.

მიშა ასეთ ხალხს პირდაპირ ეუბნებოდა: ჯვარს არ ატარებთ, ლოცვა არ იცით, არ მადლობთ ღმერთს, დღესასწაულებზე მუშაობთ, მარხვას არ იცავთ... იცხოვრეთ ქრისტიანულად, ღვთის მცნებებით და დაგილაგდებათ ცხოვრებაო. რაიმე განსაკუთრებულს მიშა არ ამბობდა, მხოლოდ შეახსენებდა, რაც ცნობილია სახარებიდან, ღვთის მცნებებიდან, ეკლესიის მოძღვრებიდან. ვინც მიშას ნათქვამს გულით იღებდა, ყველა იკურნებოდა, ცხოვრება უწესრიგდებოდა.

როგორ გვჭირდება ასეთი ადამიანები, სულიერი აღმზრდელები ცოდვების სამხილებლად, სულიერ განკურნებაში დასახმარებლად. სალოსი მიშა სულიერი იარაღი იყო ღვთის ხელში.

კურნება.
ხდება ხოლმე, როცა უფალი განსაკუთრებულ წყალობას მოიღებს, ასე ვთქვათ, უფსკრულის პირას მდგარ ადამიანებზე. მაგალითად, როცა საავადმყოფოდან გამოწერენ კიბოს უკანასკნელი სტადიით სნეულს, ანდა როცა სხვა უკურნებელი სნეულებით ავადდებიან, მაშინ ისინი ხავსს ეჭიდებიან - მიდიან ეკლესიაში, რადგან მეტი ვერავინ დაეხმარებათ. ბევრჯერ ვყოფილვარ მოწმე, რომ ასეთი ადამიანები აღსარების, ზიარების და ლოცვების დაწყების მერე (ანუ სრულიად შეცვალეს თავიანთი ადრინდელი უღმერთო ცხოვრება) სავსებით გამოჯანმრთელებულან ხოლმე.

ეს მოხდა ბერდსკში 1987 წელს. ტაძარში ახლგაზრდა ქალი მოვიდა:

- მამაო, დედაჩემი ონკოლოგიური საავადმყოფოდან გამოწერეს, რათა შინ მოკვდეს. წამლები აღარ შველის, იმედიც აღარ არის. დედა ითხოვს, აღსარებითა და ზიარებით მოემზადოს სიკვდილისთვის.

მივედით ამ ქალთან - უკვე საწოლიდან ვეღარ დგება. სამი ბალიში უდევს წელს ქვემოთ - წევს ერთიანად დასივებული, გალურჯებული, უკვე გვამის სუნი იგრძნობოდა. ძლივს საუბრობდა. აღსარება ვათქმევინე, ვაზიარე, ვკითხე:

- ლოცვები იცი?

- სამი ლოცვა ვიცი, - მიპასუხა მან.

- წაიკითხე ლოცვები, - ვუთხარი ავადმყოფს, - ხვალინდელ დღეზე ნუ იფიქრებ, არავისზე და არაფერზე არ იფიქრო - შენზე შენი ახლობლები იზრუნებენ, ახლა კი მხოლოდ ლოცვები იკითხე მოუკლებლად. თუ შეძლებ, დღეში ერთხელ გამოისახე ჯვარი - ესეც საკმარისია. უფალი კი, თუ მისი წმინდა ნება იქნება, განგკურნავს.

მისი რძალი და ქალიშვილი კი დავარიგე: - ნუ შეაწუხებთ, მისი მოვლისას ყველაფერი მშვიდად, შეუმჩნევლად გააკეთეთ, ნურაფერს შეეკითხებით. დაე, შეუფერხებლად ილოცოს...

ორი თვის შემდეგ იმ ქალის ქალიშვილი და რძალი კვლავ მოვიდნენ ჩემთან. გავიფიქრე - რაღაც მოხდა-მეთქი.

- სასწაული მოხდა, - მითხრა ქალიშვილმა, - დედამ ყველაფერი გააკეთა, რაც უთხარით, - ლოცვებს განუწყვეტლივ კითხულობდა. ახლა გამოკეთდა და თქვენთან სამადლობლად გამოგვგზავნა.

- მე კი არა, ღმერთს უთხარი მადლობა, - ვუპაუხე.

მართლაც, მხოლოდ უფალს შეეძლო იმის აღსრულება, რაც ამ ქალს შეემთხვა. ის ონკოლოგიურ საავადმყოფოში იყო აღრიცხვაზე, ყოველდღე მიდიოდნენ მასთან ტკივილგამაყუჩებელი ნემსის გასაკეთებლად. ხედავდნენ - სიმსივნე დაცხრა, გვამის სუნიც გაქრა. ავადმყოფმა დაიწყო განკურნება: ჭამა, საუბარი და სიარული. საავადმყოფოში ანალიზი აიღეს და კიბო ვეღარ აღმოაჩინეს. გაოცებულნი კითხულობდნენ: - ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს! რით მკურნალობდითო?

ქალმა ყველაფერი უამბო.

- დედა უკვე ფეხზე მდგარი ლოცულობს, - გამიზიარეს თავიანთი სიხარული ქალიშვილმა და რძალმა, - კანდელი იყიდა, ახლა უკვე შინ ხატები გვიკიდია.

აი, ფაქტი იმისა, თუ როგორ მოქმედებს აღსარება, ზიარება და ლოცვა. მაგრამ არა თავისთავად, ღვთის ნებით, ჩვენი რწმენისდა მიხედვით. რა საოცარი წამალი მოგვცა ჩვენ უფალმა.

1977 წელს სამარყანდში მოწმე გავხდი ლოცვის მერე კიდევ ერთი სასწულებრივი კურნებისა.

ერთხელ დედამ თავისი ორი ქალიშვილი მომიყვანა, ერთი მათგანი კრუნჩხვებით იტანჯებოდა.

- მამაო, შესაძლოა იცოდეთ, როგორ განვკურნო ოლია? გატანჯა კრუნჩხვებმა - დღეში ორჯერ უვლის ბნედა.

- ქალიშვილი მონათლულია? - ვეკითხები.

- როგორ არა, მონათლულია...

- ჯვარს თუ ატარებს?

დედას ენა დაება.

- მამაო... აბა, რა გითხრათ... ორი კვირაა, რაც ჯვარი ჩამოვკიდეთ.

თავი გადავაქნიე: ქრისტიანი ჯვრის გარეშე უიარაღო მეომარია, სრულიად დაუცველი. გავესაუბრე მათ. ვურჩიე აღსარება ეთქვათ, ზიარებულიყვნენ, დღეში ორმოცჯერ 90-ე ფსალმუნი წაეკითხა.

სამი დღის შემდეგ ისევ მოვიდნენ, აღსარება თქვეს, ეზიარნენ და ყოველდღიურად ორმოცჯერ 90-ე ფსალმუნის კითხვა დაიწყეს (ეს ლოცვითი კანონი მშობლებმა მასწავლეს). მოხდა სასწაული, მხოლოდ ორი დღე ლოცულობდა მთელი ოჯახი 90-ე ფსალმუნს და ოლიასაც კრუნჩხვები აღარ მოსვლია. გაშორდა ეს სნეულება. შეძრული დედა ჩემთან მოვიდა და მეკითხება, ამ "საქმისთვის" ფული რამდენი მოგცეო.

- რას ამბობ, დედა, - ვეუბნები, - ეს მე კი არა, უფალმა გააკეთა. თქვენ თვითონ ნახეთ - რაც ვერ შეძლეს ექიმებმა, ის ღმერთმა მოიმოქმედა, როგორც კი მას რწმენითა და სინანულით მიმართე.
ბეჭდვა
1კ1