თავმდაბლობით და თავშეკავებით
თავმდაბლობით და თავშეკავებით
მამა გრიგოლი (დიდასკალი). მამა გრიგოლი გვასწავლიდა: - თუ უდაბნოში მცხოვრები მონაზონი საღმრთო ღვაწლში ატარებს დროს , თან მატერიალურად შეჭირვებულია, მაგრამ იპოვის ისეთ კეთილისმყოფელს, რომელიც დაეხმარება, არ დაუშვებს, რომ ნივთების შეძენის გამო იგი მოსწყდეს ღმერთზე ფიქრს და ღვაწლს, მაშინ უფალი იმ მუდაბნოის ღვაწლის ნახევარს კეთილისმყოფელს უბოძებს. ვინც მოწყალებას გასცემს და იმგვარად ბრძნობს, რომ იგი ღვთის ნაჩუქარს გასცემს, მეტ სიკეთეს მიიღებს ამით, ვიდრე ის, ვისაც მან კეთილი უყო.

სხვა დროს კი ბერმა თქვა: - თავმდაბლობა ისე საჭიროა სხვა სათნოებების აღსრულებისას, როგორც კირი სახლის აგებისას: ერთმანეთზე დაწყობილი ქვები დაინგრევა, კირით კი მტკიცედ დგას. ქვები - სათნოებებია, კირი - თავმდაბლობა, ხოლო სახურავი - სიყვარულია. უფალი ჩვენ ჩვენი მარხვის, მუხლთადრეკის, მღვიძარების და სხვა რამის გამო კი არა, თავისი მადლით გვაცხოვნებს.

კელიაში დაყუდებისას საჭიროა მცირე ხელსაქმე გვქონდეს, რადგანაც ხელსაქმობისას ახალდამწყების გონება მოიკრიბება; მაგრამ ეს ხელსაქმე დაიშვება მხოლოდ უძლურებისა და განუმტკიცებლობის გამო. წმინდა მამათა უმეტესობა არ იწონებს ამას და უარყოფს, უკეთესი და აღმატებულია ხელსაქმისა და ყოველგვარი საზრუნავის გარეშე ყოფნა. ერთმა ამბამ თქვა: - არ ვიცი, როგორ ხელსაქმობს დღედაღამ ზოგიერთი დაყუდებული. მე მხოლოდ წყალზე ჩავდივარ ხოლმე კოკით, თანაც ახლოს და თანაც იმ დროს, როცა ირგვლივ არავინაა, მაგრამ ესეც კი აამღვრევს ჩემს გონებას და კელიაში დაბრუნებულს, არ შემიძლია ღვთის წინაშე ისევ ისე წარვდგე, როგორც მანამდე ვლოცულობდი. ღირსი დავით თესალონიკელი ამბობდა, - მეუდაბნოემ თავი ორი სათნოებით უნდა შემოიზღუდოს - თავმდაბლობით და თავშეკავებით. ეს უკანასკნელი იმაში მდგომარეობს, რომ არ გაძღე, ვინაიდან გაძღომისას დაბნელდება გონება, აღარც კითხვა შეგიძლია, აღარც ლოცვა, აღარც სულიერი გულისხმისყოფის დატევა. ჯობია, ერთი ულუფა გაანაწილო და დღეში ორჯერ ჭამო განუძღომლად.

პატერიკში ნათქვამია, - ზოგი წმინდა მამა დღეში ერთხელ ჭამდა, ზოგი - ორ დღეში ერთხელ. მამები ასე ურჩევდნენ: ზოგი ორი-სამი დღე მარხულობს და ჭამს დღეგამოშვებით, ზოგიც - ყოველდღიურად, მაგრამ თითოეული მათგანი იმდენს მიირთმევს, რომ არ გაძღეს. ბერს ვკითხე: როგორ წარვდგეთ წმინდა გულით ღვთის წინაშე-მეთქი. ბერს სურდა, კანონზე ეთქვა, მაგრამ იკითხა: - შენთან რამდენი კაცი ცხოვრობსო. ოთხი-მეთქი. ბერმა მიპასუხა, ბევრთან ეს შეუძლებელია. მარტომ უნდა იცხოვრო და იღვაწო. მაშინაც კი წლების მერე მიაღწევ. შეგიძლია იცხოვრო მოწაფეებთან, მაგრამ კვირაში ერთი ან ორი დღე უნდა გამოხვიდე მათთან სასაუბროდ, დანარჩენი დრო დაყუდებული უნდა იყო და ტრაპეზზეც კი არ გამოხვიდე. ამგვარად კიდევ შეიძლება წარემატოო. მნახველების მიღებასთან დაკავშირებით კი თქვა: - ამბა ისააკ ასურს ჰყავდა სულიერი ძმა, რომელთანაც ის დადიოდა. მას კარები მუდმივად ჩაკეტილი ჰქონდა და მხოლოდ იმათ იღებდა, ვინც მასთან ორ თვეში ერთხელ, ანდა უფრო ხშირად, მაგრამ დარიგებისთვის დადიოდა. თუ ვინმე დროის მოსაკლავად მიდიოდა, ახლოს არ უშვებდა. რამეთუ მოსაგრეს არა აქვს თავისუფალი დრო - ან კითხულობს, ან ლოცულობს, ან ხელსაქმობს, ანდა ისვენებს - ერთი სიტყვით, უქმად არასდროს არის.

განსაცდელსა და შიშთან დაკავშირებით ბერი ამბობდა: - დიახ, ეშმაკები ხშირად მოდიან, ხმაურობენ, ყვირიან, რაღას არ აკეთებენ. კარებზეც კი აკაკუნებენ, ამბობენ: - დიევხონ (ლოცვითა), მთლიან ლოცვას კი არ ამბობენ. მაშინაც კი არაფერს ვაქცევ ყურადღებას.

ვკითხე, - მე კაცთაგან განსაცდელების დათმენა არ მინდა და აქამდე უდაბნოში წასვლას ვფიქრობდი, აქ კი ეშმაკის რამხელა განსაცდელებია-მეთქი.

ამაზე ბერმა თქვა: - უდაბნოში რომ იცხოვრო, უნდა გქონდეს ღრმა სიმდაბლე და თავშეკავება. ეს სათნოებები არ ჩაადენინებენ ეშმაკებს სისაძაგლეს. თანაც თუ რამე მოხდება, უფალი იმაზე მეტს არ დაუშვებს, რისი დათმენაც ძალგიძს. მოკლედ, ეშმაკმა რაც არ უნდა გააკეთოს, მას არანაირი ყურადღება არ მიაქციო.

მაწყინარებთან დაკავშირებით ბერი ამბობდა: - უნდა გიყვარდეს შენი მტრები, შეურაცხმყოფელნი, ცილისმწამებელნი და ბოროტისმყოფელნი; დავითმინოთ მათგან ყველაფერი და კიდევ გვიყვარდეს ისინი. ვინაიდან მოყვასის სიყვარულის მცნება გვაძევს. ლოცვისას ვთხოვთ უფალს: და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა! - ამასთან, ბერმა სამაგალითოდ საკუთარ თავზე მოჰყვა: - ერთი მრისხანე ერისკაცი ჩემთან იმ იმედით დასახლდა, რომ ზნეს მოითოკავდა და ღმერთს მონაზვნობაში ემსახურებოდა. ორი თვე ცხოვრობდა, მაგრამ ერთი დღეც ვერ შეძლო მრისხანებისგან თავის შეკავება, ასეთი რამ არსად მენახა. ვარწმუნებდი, შევაგონებდი, მაგრამ ჩემი თანამოძმე ყოველდღე მლანძღავდა, პირუტყვს, ვირს, ჯორს მეძახდა, ვპასუხობდი: - ეგრეა, ძმაო, ასეთი ვარ! მაგრამ უფრო ილანძღებოდა და გაფიცხებული მეუბნებოდა: - შენს წვერს მარტო ლოცვა სჭირდებაო! ასე გრძელდებოდა ორი თვე. როცა მივხვდი, არაფერი შველოდა, ვუთხარი: - ძმაო, შენ ჩემთან ცხოვრება არ შეგიძლია-მეთქი. რატომო. იმიტომ, რომ ამ ორი თვის მანძილზე ერთხელ ვერ შეიკავე თავი მრისხანებისგან. რამდენჯერ გირჩიე, როგორ მოქცეულიყავი, მაგრამ არ მიჯერებ-მეთქი. ერისკაცი განრისხდა, მოკრიბა ყველაფერი, რაც კი მქონდა ქოხში და წასვლა დააპირა. რატომ გინდა მაწყენინო? შენ ხომ არაფერი მოგიტანია და ეს შენი არ არის-მეთქი. ყური არ მათხოვა და წავიდა. რა თქმა უნდა, შემეძლო, შემეჩერებინა, ლავრაში მეთქვა და დაიჭერდნენ, მაგრამ მახსოვდა სახარების სიტყვები: თუ ვინმე გთხოვდეს სამოსელს, მიეცი პერანგი, და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, - და მივუტევე მას სულით, ოღონდ თვალი მივადევნე, საით წავიდა. შემებრალა. საცოდავი შორს ვერ წავიდა, გზაში წაიქცა და ეშმაკეული შეიქმნა. სამი თვე ტანჯავდა ეშმაკი. რომელიღაც მონასტერში თავს ზემოთ სახარება წაუკითხეს და განიკურნა. შემდეგ მოვიდა შენდობის სათხოვნელად და 10 ლევი მომიტანა. ამის გარეშეც გაპატიე, მაგრამ დაფიქრდი, ღვთის წინაშე როგორ განმართლდები-მეთქი. მერე ის წავიდა!

როცა ჩემი მეგობრის განსაცდელებზე მოვუყევი, ბერმა მითხრა, -P უძლურების გამო შეუძლია ექიმებს მიმართოს და დაუჯეროს მათ; მაგრამ აჯობებს, თუ მთლიანად ღმერთს მიენდობა - და როგორც მისი ნება იქნება; ამავე დროს მოწყალების გაცემითა და სხვადასხვა სათნოებით ემსახუროს მას. თუ ცოლი მოუკვდება, არ დამწუხრდეს, ვინაიდან სიკვდილი მაინც გარდაუვალია, მაგრამ მისთვის უფალმა სწორედ ეს დრო შეამზადა. შესაძლოა უფალმა იგი ისეთ მდგომარეობაში იხილა, რომ თუ ახლა მოკვდება, ცხონდება. წმინდა მამები წერენ: სიკვდილს ჩვენთვის დროდადრო სიკეთე მოაქვს: ოღონდ არ დავნაღვლიანდეთ და ღვთის ნებას მივენდოთ!

მამა გრიგოლის მშობლები ძალზე მდიდრები იყვნენ. მათთან დარჩენილი მისი ღვიძლი ძმა ერთხელ უფალმა ანგარების და მევახშეობის ცოდვის გამო დასაჯა. ბერმა ერთხელ ძმას მისწერა, - ჩემი მემკვიდროებიდან მცირე წილი გამომიგზავნეო - არანაირი ხელსაქმე არ ჰქონდა და ძალზე უჭირდა. მაგრამ ძმის თხოვნას ყური არ უგდო, თუმცა ის შეაგონებდა, რომ ვერცხლისმოყვარეობა დაეტევებინა. მაშინ უფალმა მას სასჯელი მოუვლინა: ქურდებმა მაღაზია გაუძარცვეს. თანაც ცოლი დაუინვალიდდა. როცა ძმამ ეს მისწერა გრიგოლს, ბერმა გააფრთხილა: - უფალმა ეს შენს გონს მოსაყვანად გააკეთა, თუ არ დაუტევებ ვნებას, საერთოდ შეწყვეტს შენს სიცოცხლესო!

ხანდაზმულობამ და მუდმივმა მოსაგრეობამ ის ბოლოს სარეცელს მიაჯაჭვა. მის გვერდით არავინ ცხოვრობდა, არც მორჩილი ჰყავდა, და ვერ მოახერხა თავისი სნეულების შესახებ მოლდავური სკიტისთვის შეეტყობინებინა. შემთხვევით შევიდა მასთან მეუდაბნოე მამა კალისტე, რომელიც შორიახლოს ცხოვრობდა, როცა მისი მდგომარეობა შეიტყო, შემდგომში ხშირად ნახულობდა. ბერი ბოლოს მთლად დაუძლურდა და მარტოობაში ჩააბარა სული უფალს. დაკრძალეს თავისი ქოხის ახლოს. მამა გრიგოლი 1873 წელს გარდაიცვალა.
ბეჭდვა
1კ1