"ბალღი დაგვიდგინა მასწავლებლად"
"ბალღი დაგვიდგინა მასწავლებლად"
ღირს თეოდორე განწმენდილს წმინდა წერილის ღრმა ცოდნა ჰქონდა. სულ ოცი წლის იყო, როცა თავისმა მოძღვარმა, ღირსმა პახუმიმ უბრძანა, რომ ძმები დაემოძღვრა. მანაც მორჩილებით დაიწყო წმინდა წერილზე საუბარი. მონასტრის ზოგიერთმა უხუცესმა მკვიდრმა ეს იუკადრისა: "ბალღი დაგვიდგინა მასწავლებლადო" და ერთმანეთის მიყოლებით გარეთ გამოვიდნენ. მამა პახუმი ყურადღებით უსმენდა თეოდორეს და როცა იგი ქადაგებას მორჩა, გარეთ გასულ მამებს მოუხმო და გარეთ გასვლის მიზეზი ჰკითხა: "ბავშვი რატომ დაგვიდგინე მასწავლებლა იმათ, ვინც მრავალი წელია მონასტერში ვცხოვრობთო". ეს რომ გაიგონა ღირსმა პახუმიმ, ღრმად ამოიოხრა და თქვა: "ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეშმაკმა გამოგიჭირათ? მთელი თქვენი სათნოება სიამაყით დაღუპეთ. როცა გახვედით, თეოდორე კი არ მიატოვეთ, არამედ ღვთის სიტყვის მოსმენას გაექეცით და სულიწმინდის მადლსაც მოაკლდით. მე თქვენი ასაკისა ვარ, მაგრამ ყურადღებით ვუსმენდი მას და ბევრი რამ შევიძინეო". ამგვარად დაამდაბლა მამები წმინდა პახუმიმ და ისინი შემდგომში გულმოდგინედ უსმენდნენ მას.

* მიტროპოლიტმა ტიხონმა 1918 წელს წმინდა სერგის ლავრის ბერებს თავის შესახებ მოუთხრო: "ჩემი ერისკაცული სახელი ივანე მეშერსკია. ადრე სპეციალობით ექიმი ვიყავი და დედასთან და დეიდასთან ერთად ვოლგაზე ერთ-ერთ გუბერნიაში ვცხოვრობდი. მსოფლმხედველობით სრულიად ურწმუნო ვიყავი და ჩემს აზრს თამამად გამოვთქვამდი მორწმუნე დედისა და დეიდის წინაშე, რომლებიც ძალზე წუხდნენ და ბუნებრივია, ლოცულობდნენ კიდეც ჩემი სულის ცხონებისთვის. აშკარაა, უფალმა შეისმინა მათი ლოცვები და გულისხმისსაყოფელი სიზმრით მომიხილა. ერთხელ თეატრიდან დაბრუნებული დედას და დეიდას რელიგიის თემაზე ვესაუბრე და მათ რწმენას დავცინე. ისინი განაწყენდნენ, შეწუხდნენ, მუხლებზე დაემხნენ და ჩემს გონზე მოყვანისთვის ღმერთს დაუწყეს ვედრება. მე ვივახშმე და დავწექი. საშინელი სიზმარი ვნახე, - თუ რა ელოდათ ცოდვილებს სიკვდილის შემდგომ. სიზმარი იმდენად ცხადი იყო და საშინელი, რომ კინაღამ ჩემი სული სხეულს გაშორდა. ამ სიზმარეულმა ჩვენებამ ისე იმოქმედა ჩემზე, რომ გავჭაღარავდი. მანამდე ერთი თეთრი თმა არ მქონია... ვიწამე. მაგრამ ჩვენი ცხოვნების მტერი დიდხანს არ მანებებდა თავს. ძილში მეცხადებოდნენ ბოროტი სულები, გრძელცხვირა, რაღაც მყრალი სითხით გაწუწულები და ჩემს კოცნას ცდილობდნენ. ამ ხილვებმა განამტკიცა ჩემში ღვთისადმი სასოება და რწმენა, რომლისკენაც ლოცვით მივილტვოდი და ამ საშინელი ხილვებისგან განთავისუფლებას ვთხოვდი. მალე მონაზვნად აღვიკვეცე, შემდგომში უფალმა მღვდლობისა და მღვდელმთავრობის მადლით მომიხილა"...
ბეჭდვა
1კ1