ეს ლოცვა ყურადღებით წაიკითხე
ეს ლოცვა ყურადღებით წაიკითხე
ერთი ახალგაზრდა განშვენებული ცხოვრებით ცხოვრობდა, ვერ შველოდა დედის შეგონებები. საცოდავმა ქალმა საშველად მამა მაკარს მიმართა. ყმაწვილი არც მის შეგონებას უსმენდა, მერე კი, თითქოს თავის დასაძვრენად, დედაზე თქვა: დიდხანს ლოცვას რად მაიძულებსო. მამა მაკარმა უთხრა: "დიდხანს ბერები ლოცულობენ, ეგ შენ არ გეხება. მაგრამ ულოცველად დარჩენა იგივეა, რაც კაცი შიმშილით სიკვდილისთვის გაიმეტო. წაიკითხე ერთხელ "მამაო ჩვენო" და მასში იხილავ ყველაფერს: ღვთის შემეცნების ნათელს, ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, ნუგეშს, სულისთვის ძალას. ეს ლოცვა ყურადღებით წაიკითხე, ვფიქრობ, არ გაგიძნელდება". ვაჟი დაჰყვა ბერის რჩევას, ლოცვა დაიწყო. ერთხელ წაიკითხა, მოეწონა, მეორედ და მესამედაც წაიკითხა. ლოცვა შეუყვარდა, ისწავლა კეთილი საქმის ქმნა. დაიწყო შრომა, შეიცვალა ცხოვრება და დედის ნუგეში იყო კუბოს კარამდე.

* * *
მავანმა ჰკითხა ბრძენს: "ღვთაებრივ მოძღვრებასა და ადამიანის მოვალეობაზე წიგნები არაერთხელ წაგიკითხავს და ისევ რატომ კითხულობ?" ბრძენმა უთხრა: "დღეს რატომ ითხოვ საჭმელს, გუშინ ხომ ჭამე?" "ამას იმიტომ ვაკეთებ, რათა ვიცოცხლო". "მეც იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიცოცხლო", - უპასუხა ბრძენმა.

* * *
რამდენიმე მონაზონი კელიიდან გამოდიოდა, იკრიბებოდნენ და რწმენაზე, მონაზვნურ მოსაგრეობასა და ღვთის სათნოყოფის საშუალებებზე საუბრობდნენ. მოსაუბრეთაგან ორმა მამამ ანგელოზები იხილა, რომლებიც ღვთის რწმენაზე მოსაუბრეებს აქებდნენ. ერთხელ ბერები შეიკრიბნენ და ცოდვაში ჩავარდნილ ძმაზე საუბარი დაიწყეს. მაშინ წმინდა მამებმა არაწმინდა, მყრალი თხა იხილეს, მიხვდნენ თავიანთ ცოდვას, ხილვების შესახებ სხვებსაც გაუმხილეს.
ბეჭდვა
1კ1