დღეში ერთხელ ჭამა მონაზონთა წესია, ორჯერ-ერისკაცთა, სამგზის - ყრმათა, მრავალგზის კი მხოლოდ პირუტყვნი ჭამენ
დღეში ერთხელ ჭამა მონაზონთა წესია, ორჯერ-ერისკაცთა, სამგზის - ყრმათა, მრავალგზის კი მხოლოდ პირუტყვნი ჭამენ
* ქართველთა მეფე, წმინდა ლუარსაბი, შაჰ-აბასმა თავისთან იხმო.
ერთ დღეს, როცა ურჯულო განმგებელი თანამეინახეებთან ერთად ნადიმობდა, ლუარსაბსაც დაუძახეს.

შაჰი და მისი სტუმრები თავაწყვეტილ მოლხენას მისცემოდნენ. დიდი მარხვის დღეები იყო. სპარსეთის მბრძანებელი ლუარსაბს აიძულებდა, თევზი ეჭამა. წმინდანი სიყრმიდანვე მარხვით იყო აღზრდილი და "განპოხებულ მსგავსად დანიელისა". ამიტომ მიუგო: "არ შეიძლება, მეფეო, წმინდა დიდმარხვის დღეებში თევზის ჭამა, რამეთუ ასე განუწესებიათ წმინდა მამებს. მეც არასოდეს გარდავხდები საზღვარსა მამათასა და არც მათ სჯულისდებას დავარღვევ. შენს ნებას რომ დავყვე და თევზი ვიხმიო, ხორცის ჭამასაც მაიძულებ და ასე ცოტცოტაობით ყველა წესს დავარღვევ. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე სარწმუნოებას ვუღალატოო". მყისვე ადგა, სუფრას გაეცალა და თავის კარავს მიაშურა, დილით კი შაჰის ბრძანებით დააპატიმრეს. ამის შემდეგ ლუარსაბი მარხვასა და ლოცვას მიეცა და ბოლოს მოწამებრივად აღესრულა.

ურჯულო შაჰისგან შეპყრობილმა წმინდა ქეთევანმაც, ვიდრე მოწამებრივად აღესრულებოდა, სული მარხვითა და ლოცვით განიწმინდა. როგორც მამა გრიგოლ დოდორქელი მოგვითხრობს, წმინდანმა "მარხვასა ეგზომსა მისცა თავი თვისი, ვიდრე ხორცთა საზომსა თანა წარხდა".

* წმინდა აბო, მას შემდეგ, რაც ქრისტე შეიყვარა და ნათელიღო, მარხვითა და ლოცვით ცხოვრობდა. ქართლიდან აფხაზეთს ლტოლვილი მგზავრობის დროსაც კი მარხულობდა. კეთილმორწმუნე ქრისტიანთა შემხედვარე არაბი ჭაბუკი საღმრთო შურით აღივსო და ერთხელ, წმინდა ანტონი დიდის ხსენების დღეს, მარხვა დაიწყო. დუმილითა და მარხვით მოაუძლურებდა თავის ახალგაზრდა სხეულს; იყო კაცთა შორის და მათ ერთ სიტყვასაც არ ეტყოდა, ოდენ ღმერთს ეზრახებოდა მარადის. მხოლოდ დიდმარხვის დღეებში, შაბათსა და კვირას, როცა უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარებოდა, მიიღებდა ხოლმე მცირე საზრდელს. ასე მარხვითა და მდუმარებით გაატარა სამი თვე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზეღა შეწყვიტა მარხვა და "განხსნა ენაცა თავისი უტყვებისაგან" და ადიდებდა ღმერთს.

* წმინდა გრიგოლ ხანძთელი, უფლის წინამორბედის დარად, სიყრმიდანვე მარხვით იზრდებოდა. რაკი ქრისტესთვის განეკუთვნებინა სული თვისი, ჩვილობიდანვე არ შეხებია მის ბაგეს ღვინო და ხორცი. მთელ დიდ მარხვას უმ ყვავილოვან კომბოსტოზე გადაივლიდა ხოლმე, სხვა დროს კი დღეში ერთხელ იხმევდა მცირეოდენ პურსა და წყალს. მისი დანარჩენი სათნოებანი მხოლოდ ღმერთმა უწყის.

წმინდა მამა "გარდარეულად დაბერდა" - ას ორი წლისა გახდა, მაგრამ არც სახის ფერი შესცვლია და არც თვალთ დაჰკლებია, ხორცითაც ძლიერი იყო და სიკვდილამდე არც დაუძლურებულა, რადგან ძალი ქრისტესი იყო განმაძლიერებელი მისი.

* წმინდა ექვთიმე მთაწმინდელს ასეთი ჩვევა ჰქონდა: კვირაში სამ დღეს, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს (თუ ამ დღეებს დღესასწაული არ დაემთხვეოდა), საზრდელს მხოლოდ თითოჯერ იხმევდა მზის ჩასვლის შემდგომ, ისიც - მხოლოდ მცირეოდენ პურსა და წყალს. ნეტარი მამა არც ღვინოს ეკარებოდა, წმინდა ზიარებისას სარღვნელი ღვინის გარდა. მიუხედავად ამგვარი ღვაწლისა, ყოველთვის უმოწმებდა მეტრაპეზეს ძმათათვის გამზადებულ საჭმელ-სასმელს, რომ სათანადოდ ყოფილიყო შემზადებული.

* დიდად მოღვაწე მამა იყო ილარიონ გარეჯელი, უყვარდა მდუმარება, მარხვა და ლოცვა. ერთხელ შეიტყო, დღეში ერთხელ ჭამა მონაზონთა წესია, ორჯერ - ერისკაცთა, სამგზის - ყრმათა, მრავალგზის კი მხოლოდ პირუტყვნი ჭამენო და მას შემდეგ მარხვის დღეებში დღეგამოშვებით იხმევდა, ხოლო ხსნილში დღეში ერთხელ იღებდა საზრდელს, ისიც - ღვინის გარეშე და მწუხრის ჟამს. მამა ილარიონი რომ გარდაიცვალა, მის სენაკში კეთილსურნელება დატრიალდა.

* პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს, რომ 1721 წელს გარეჯის მონასტერში გარდაიცვალა 140 წლის ბერი გენადი თულაშვილი, სახლთუხუცესყოფილი დავით ერისთავისა. ღირსი მამა დიდად მოღვაწე ყოფილა, კვირიდან კვირამდე მმარხველი. 60 წელი იყო, სოფელი არ ენახა და არც მონასტერში მისულს ეჩვენებოდა ვინმეს, გარდა მეფეთა და ეპისკოპოსთა.

* უდაბნოში წმინდა ილარიონ ქართველის (ძველის) საზრდო პური, დამბალი ოსპი და ველური მხალი იყო - მხოლოდ ეს მოიპოვებოდა გარეჯის უდაბნოში. "ესრეთ ნაკლულევან იყო ხორცთა სახმარითა და უნუგეშინისცემო". არანაკლებ მოღვაწე გახლდათ მისი უმცროსი სეხნია წმინდა ილარიონ ყანჩაიშვილი. ის ერთხანს კატუნაკის უდაბნოში მოღვაწეობდა, სადაც მღვიმეში სამი წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში არც პური უჭამია და არც რაიმე მოხარშული. მხოლოდ ბალახის ფესვებითა და წაბლით საზრდოობდა. ხორცის დათრგუნვით იგი უხილავ მტერს ებრძოდა, რომელიც ათასი სახით ესხმოდა თავს და მისი რწმენის შერყევას ცდილობდა. ამ დროს, მდუმარებაში მყოფი, არავის ნახულობდა. თუ შემთხვევით ვინმე მეუდაბნოეს გადაეყრებოდა, თავს არიდებდა, რათა მდუმარება არ დაერღვია. ერთხელ, უხილავი მტრის შემოტევისას, ორმოცი დღე უჭმელ-უსმელმა და ჯვარზე გაკრულმა გაატარა, ცრემლით მორწყო წმინდა ანასა და წმინდა ბასილის სავანეებს შორის ყოველი ბუჩქი და ქვა. მოგვიანებით, წმინდა პავლეს მონასტერში მოღვაწეობისას, ცხოვრების წესი კიდევ უფრო გაამკაცრა: დღეში ერთხელ იღებდა საზრდოს, პარასკეობით კი მარხულობდა; ღირსი მაკარის მსგავსად, წვრილყელიან ხაპში დანამცეცებულ ორცხობილას ჩაყრიდა, იქიდან მხოლოდ იმდენს ამოიღებდა, რამდენიც პეშვს ამოჰყვებოდა და მთელ დღეს ამით საზრდოობდა. შემდეგ, როცა გოდოლში დაეყუდა, ერთ ძმას თხუთმეტ დღეში ერთხელ მიჰქონდა მისთვის საჭმელი.

ეშმაკებმა ვეღარ აიტანეს წმინდანის ღვაწლი, თავს დაესხნენ და ისე სცემეს, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ცოცხალ-მკვდარი წმინდა ილარიონი ძმებმა მონასტერში გადაიყვანეს. ორი თვე იწვა, ხორციელადაც იტანჯებოდა და სულიერადაც საფრთხეში იყო. მოსაგრეობაში გამოცდილმა მამამ ბენედიქტე ქიოტიშვილმა მკაცრად იწყო ილარიონის ნების დათრგუნვა და ასე მკაცრად მომარხულე აიძულა, ყველაფერი ეჭამა: კარაქი, ყველი, თევზი. წმინდა ილარიონი დაემორჩილა სულიერ ძმას და აწ ორივე ერთად განადიდებს ყოვლადწმინდა სამებას მისი ზეციური საყდრის წინაშე.
ბეჭდვა
1კ1