შესთხოვე უფალს, რომ კარგი აზრები გიბოძოს
შესთხოვე უფალს, რომ კარგი აზრები გიბოძოს
დეკანოზი ვალენტინ ბირიუკოვი - მოგონებები
მამა პიმენის გაკვეთილები. ვერასოდეს დავივიწყებ მღვდელმონაზონ პიმენთან შეხვედრას , რომელიც კოლიმაში მრავალწლიანი გადასახლების მერე ალტაის მხარეში, ქალაქ ალეისკაში მსახურობდა. მე მასზე მიამბო 1965 წლის დეკემბერში ერთმა ქალბატონმა: "ისეთ მოძღვართან ვიყავი, რომ უდიდესი ცოდვისგან განმათავისუფლა".

ვკითხე ამ მღვდლის მისამართი და მაშინვე მამა პიმენთან წავედი. მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვიყავი მღვდელი, სოფელ ტოგურის საეკლესიო გუნდში ვგალობდი. მივედი. შემეგება მისი მესენაკე, მოხუცი მონაზონი მარიამი.

- მამაო, სტუმარი გვეწვია...

- ვიცი, დედაო, ვიცი, - უპასუხა.

მომიახლოვდა ორმოცდაათი წლის გამხდარი, წვერშეთეთრებული მღვდელი, პალტო გამხადა, იდაყვზე ხელი მომკიდა:

- წავიდეთ, წყლის კურთხევის პარაკლისი გადავიხადოთ. ახლა დედა მოვა, რომლის ვაჟი, ანატოლი, ჯარიდან ჩამოსვლის მერე ორი თვე საავადმყოფოში იწვა, მაგრამ არაფერმა უშველა. ქალს ნაკურთხი წყალი უნდა.

პარაკლისისთვის თვითონ გაამზადა ყველაფერი: მაგიდაზე დადგა წყლის კურთხევის თასი, დადო კურთხევანი, უსუპი, სანთლები, ჩაიცვა ოლარი, აიღო ჯვარი და დაელოდა. ვიფიქრე, ალბათ მოლაპარაკებულია იმ ქალთან-მეთქი. ბოლოს ისიც მოვიდა.

- მამაო, შეიძლება თქვენ გთხოვოთ...

- მოდი, დედი, მოდი, გაიხადე პალტო, ბიდონი აქ მომეცი...

წყალი უკვე ჩასხმულია, ყველაფერი მზად არის.

- კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი, - დაიწყო მამა პიმენმა. მე მას გალობაში ვეხმარებოდი. გადავიხადეთ წყალკურთხევის პარაკლისი. მამა პიმენმა დალია ნაკურთხი წყალი, მეც დამალევინა, მოსულ ქალბატონსაც ჩაუსხა ბიდონში.

- მამაო, კიდევ როდის მოვიდე?

- აღარასოდეს! შენი შვილი სულიერად არის ავად, მაგრამ ახლა უკეთაა. ნაკურთხი წყალი კოვზით ან ნახევარი ჭიქა დალიოს, ყლუპ-ყლუპად, ლოცვები წაიკითხოს და მოკეთდება, იმუშაოს, კარგი სამუშაო ექნება, კარგი შვილი გყავს.

- დიახ, მამაო, კარგი ბიჭია... მამაო, გაცხონოს უფალმა! - თაყვანისცა ქალმა.

მამა პიმენმა თავის ოთახში შეიტანა კურთხევანი. პატარა საძინებელი ოთახი ჰქონდა, იქ ლოცულობდა ღამღამღამობით.

იმ ქალს ვკითხე, - დღეს უკვე იყავით მოძღვართან-მეთქი?

- არა, ადრე არასოდეს ვყოფილვარ, დღეს პირველად მოვედი.

მაშინვე მივხვდი: მართალი უთქვამთ ჩემთვის, მღვდელმონაზონი პიმენი დაფარულმცოდნელი გამოდგა. ქალს მალევე გავცილდი. ვიფიქრე, მოძღვარი დამინახავს და უხერხული იქნება, რომ ასეთი ცნობისმოყვარე ვარ-მეთქი. მაგრამ მამა პიმენი მოვიდა და მითხრა:

- ჰოდა, ასე, ახლა გეცოდინება...

ყურებამდე გავწითლდი. როგორ შეიტყო, რომ ცნობისმოყვარეობით ვესაუბრებოდი ამ ქალს?

- არა უშავს, წავიდეთ.

ოთახში შევედით, პარაკლისი გადავიხადეთ.

- მამაო, სადილი მზადაა, - თქვა დედა მარიამმა.

- მოიპატიჟე სტუმარი.

ვილოცეთ, მივუსხედით სუფრას. თუმცა ჭამა არ მინდოდა, მაგრამ მაინც შევხვრიპე სუპი - უგემრიელესი იყო! დავიწყე სწრაფად, ჯარისკაცულად ჭამა და ვფიქრობ, - რა გემრიელია-მეთქი.

მოძღვარმა ყურში მიჩურჩულა:

- იმიტომაც არის გემრიელი, რომ დედა მარიამი ამზადებს. ის მონაზონია, ყველა სამონაზვნო კანონს კითხულობს და ყველაფერს ლოცვით აკეთებს - ცეცხლს კანდელიდან იღებს, კანდელის ცეცხლითვე ანთებს ღუმელს. კარტოფილს თლის, სტაფილოს დებს ქვაბში, კომბოსტოს თუ წყალს ასხამს, ჯვარს სახავს და ლოცულობს, ამიტომაც არის გემრიელი სუპი.

მე მას მხოლოდ შევხედე და გავიფიქრე: "ნეტავ, როგორ იცხოვრა, რომ ჩემი ფიქრები იცის?" მაშინვე მიპასუხა: - ვჭამოთ და მერე მოგიყვები, როგორ ვიცხოვრეო.

მივხვდი, რომ მართლაც დაფარულმცოდნეა. ყველაფერს ხედავს. რამხელა სულიერი ძალა უნდა ამას! გონებით შევთხოვე უფალს, - ღმერთო, კეთილი აზრები მომეცი-მეთქი და ჭამას ვაგრძელებ.

- ჰო, შესთხოვე უფალს, რომ კარგი აზრები გიბოძოს, - მითხრა.

ღმერთო ჩემო! შემეშინდა. მეუხერხულა მოძღვრისთვის შეხედვა. წიწიბურას ფაფა გადმოვიღე, მას ვეღარ ვუცქერ, მხოლოდ ამას ვფიქრობ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!" და ისევ ყურთან მიჩურჩულა.

- ყოველთვის იესოს ლოცვა იკითხე, მონაზვნები არაფერზე საუბრობენ, მხოლოდ იესოს ლოცვას კითხულობენ. ასე მოიქეცი შენც და მტერი სულში აღარ ჩაგიძვრება, ვინაიდან იქ ღმერთი იმოქმედებს თავისი სულით.

ტრაპეზი დასრულდა. სამზარეულოდან ოთახში გავედით, კედელზე დაკიდებულ საათს მოვკარი თვალი. "ნეტავ, რა დრო დარჩა მატარებლის გასვლამდე?" - გავიფიქრე. მამა პიმენს არც მოუხედავს, ისე უპასუხა ჩემს ფიქრებს: "ორი საათი დარჩა. მოვასწრებთ, საუბრისთვის დრო გვეყოფა". გავქვავდი. ის ჩემს ზურგს უკან იყო, მაგრამ აზრებს ხვდებოდა. მრცხვენია მის გვერდით დაჯდომისა, მე ხომ ასეთი ცოდვილი ვარ. რაო, შეგეშინდა? ვისი? მე ხომ შენი მტერი არა ვარ. ხოლო რომ შეგეშინდა, სასარგებლოა შენთვის. პატივს მიაგებ ღმერთს. დაჯექი, დაჯექი, ნუ გეშინია.

დავჯექი, მან კი თავისი ცხოვრების ამბები მომიყვა.

მამა პიმენის მონათხრობი. მამა პიმენი ბავშვობისას მნათეობდა. ღვთისმსახურება კარგად იცოდა. როცა მოიზარდა, სისუსტის გამო ჯარში არ წაიყვანეს, ერთხელ გაცივდა და ლოგინად ჩავარდა. მოძღვარი მოუყვანეს, ზეთი სცხეს. "ყველაფერი ღვთის ნებააო", - თქვა მღვდელმა. რამდენიმე თვე იწვა. დედის ლოცვა უფალმა შეისმინა. მიშა (ასე ერქვა ერისკაცობაში) განიკურნა. ამის მერე მას დაოჯახებაზე აღარც უფიქრია, თავი უფალს მიუძღვნა.

ჯერ მნათეობდა ალეისკაში, მერე დიაკვნად დაასხეს ხელი, ორ თვეში მღვდლად აკურთხეს. მღვდელმონაზონმა პიმენმა ორი წელი იმსახურა. ერთხელაც სიზმარი ნახა, სოფლის ეკლესიას ანგრევდნენ მისი თანასოფლელები. ორი წლის მერე სიზმარი ზედმიწევნით აუცხადდა. ტაძარი დახურეს, მამა პიმენი წვერით წაათრიეს კოლიმაზე, სადაც სხვა ათასობით პატიმართან ერთად ამუშავებდნენ, ძაღლებზე უარესად ეპყრობოდნენ. ერთხელაც დასჯის მერე ციხის საავადმყოფოში მოხვდა. ტკივილით გაწამებული მშობლებს ეძახდა: "დედა, მამა! წამიყვანეთ!" კოლიმაში ახალი პატიმრები მოიყვანეს და უკან მიმავალ ბადრაგს გაატანეს: "წაიყვანეთ აქედან ეს ბავშვი, სულ დედას ყვირისო". შინ დაბრუნებულს საშინელი ტკივილები აწუხებდა. ლოცვას დაიწყებდა, ტკივილი შესუსტდებოდა. კითხულობდა ფსალმუნს, ვიდრე შეეძლო, დაღლილი დაეცემოდა, მაგრამ მაინც განაგრძობდა ლოცვას, ვიდრე არ ჩაეძინებოდა. გაღვიძებული ისევ ლოცვას იწყებდა.

ერთხელ გაზეთში დაბეჭდილი სტალინის ბრძანება მიუტანეს, დევნა უნდა შემწყდარიყო, ეკლესიები გაეხსნათ. მალე ალეისკის აღმასკომის თავმჯდომარე ეწვია: "მამაო, სტალინის ბრძანება გამოვიდა, ეკლესია (რომელიც ბეღლად ჰქონდათ გადაქცეული) გავათავისუფლეთ, გავწმინდეთ, დავასუფთავეთ. ხალხი გელოდებათ. როგორ ხართ, შეძლებთ მსახურებას?" მამა პიმენი ძლივს დადიოდა, თავი საშინლად სტკიოდა. "მამაო, ნახეთ, ეკლესია გახსნილია, მაგრამ მღვდელი, თქვენს გარდა, არავინ არის, ყველა დახვრიტეს". მამა პიმენმა თითი აღმოსავლეთისკენ გაიშვირა: "იქ, უკან აღარ წამიყვანთ?" "არა, ყველაფერმა გადაიარა. ახლა სტალინის ბრძანება გამოსულა". ჩააცვეს და ტაძარში მარხილით წაიყვანეს. ეკლესიაში შესული დაემხო და ცრემლები ნაკადულად წამოუვიდა, სიარული აღარ შეეძლო, მუხლებით მიხოხდა საკურთხევლამდე. ტრაპეზზე გადასაფარებლები იყო დაკრული. გადახსნეს - დარბევას გადარჩენილი სახარება და ჯვარი აღმოჩნდა. ფეხზე ვერ ჩერდებოდა. კაცები შემოუდგნენ მხრებში და ხელები ააწევინეს. "მამაო, ასამაღლებელი თქვი". ცრემლები ახრჩობდა, ძალა მოიკრიბა და წართქვა: "კურთხეულ არს ღმერთი, აწ და მარადის..." "ამინ!" და დაიწყო ღვთისმსახურება. სამი დღე და ღამე ტაძრიდან არ გამოსულა, არც უჭამია, არც წყალი დაულევია. მცირეს წათვლემდა და კვლავ ლოცულობდა. ზოგიერთს ისე გაუხარდა ტაძრის გახსნა, რომ შინ წასვლა აღარ უნდოდათ. მეოთხე დღეს თითქმის ღონემიხდილი ეკლესიის ეზოში გამოვიდა, იქვე ტაძრის საყარაულოში შეიყვანეს. დაეცა და ღონემიხდილს, ვინ იცის, რამდენ ხანს ეძინა. ორი კვირის შემდეგ შინ წასვლა გადაწყვიტა თეთრეულის მოსატანად. ცხენიც გაამზადეს. კარებში ჯვარი გამოისახა, თავბრუ დაესხა და დაეცა. უეცრად სულში ესმის: "ილოცე! კაცი გაგზავნე და ის მოგიტანს თეთრეულს - ილოცე!" ღმერთი ლოცვას უბრძანებს! თუნდაც დაეცე, მაინც ილოცე. საყარაულოში დაბრუნდა. თეთრეული მოუტანეს, ცხელი წყლით დაიბანა და - დიდება ღმერთს! - ლოცვა დაიწყო.

- იმ მომენტიდან უფალმა მე დაფარულმცოდნელობა მიბოძა. ვხედავ თითოეულ ადამიანს, როგორიც არის. აზრებს ვხედავ. თითოეულის მომავალი ვიცი. ამაზე ლაპარაკიც კი საშინელებაა. აქამდე არავისთვის მითქვამს. შენ კი, ვალენტინ, გეუბნები, როგორც შვილს, ეს ჩემი არ არის, უფალმა მიბოძა...

წინასწარ განმეცხადა, რომ ხრუშჩოვი ჩვენს ეკლესიას დახურავდა. მე ამის შესახებ ვუთხარი იმ ორ ბერიკაცს, 1943 წელს ტაძარში რომ მიმიყვანეს:

- ხვალ ბოლო ღვთისმსახურებას ჩავატარებთ. მერე კი, ხრუშჩოვის ბრძანებით, ეკლესიის დასახურად მოვლენ. ასეც მოხდა და შინ დავიწყე ღვთისმსახურება, საძინებელში, სადაც ხუთი კაცი ეტეოდა. ყველაფერი ჩუმად კეთდებოდა, მსახურებაზე მხოლოდ საიმედო ხალხი მოდიოდა... აღდგომა ახლოვდებოდა. ღამისთევისთვის ვემზადებოდი. ამბავი მოგვიტანეს, თქვენი ამბავი მილიციამაც შეიტყო და დილის ხუთ საათზე თავს დაგადგებიანო. ფანჯრები ისე დავგმანეთ, სინათლე არ გასულიყო. მსახურება ადრევე დავამთავრეთ. სამ საათზე ყველა შინ დაბრუნდა. გავაღეთ კარ-ფანჯრები, გავანიავეთ. დილის ხუთ საათზე მილიცია მოგვადგა, ხუთი კაცი. გამარჯობა, ივან პეტრეს ძევ, გამარჯობა გრიგოლ ვასილის ძევ, - თითოეულს სახელითა და მამის სახელით მივმართე. ერთმა მილიციელმა ქუდი მოიხადა და თქვა: "ასეთი ადამიანი არ მინახავს, არ მიცნობს და სახელით მომმართაო". ვუპასუხე: - დასხედით, საყვარელო შვილებო, თქვენ ჩემს დასაჭერად მოხვედით, თვითონვე კი გაებით... ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ცოდვა მეფობს-მეთქი. დავიწყე და სათითაოდ ჩამოვუთვალე თავიანთი ცოდვები. დადუმდნენ. "მამაო, გვასწავლე! ჩვენ არაფერი ვიცით. ოღონდ ამას ნურავის ეტყვით... გვასწავლე! მოგვნათლე". ამის მერე დადიოდნენ ჩემთან - დიდი სიყვარულით მეხმარებოდნენ. ღამე ბარავდნენ გადაცმულები, რომ არავის ეცნო... ყველანი მოვნათლე, ყველას ჯვარი დავწერე. ასე დავუმეგობრდი მათ!"

ასეც ხდება ცხოვრებაში. ხედავთ, რას ნიშნავს ღვთის სიმართლე. სულში მადლი შედის, რადგან მას ეს სჭირდება, რადგან ის ჭეშმარიტია, ეს არ არის ყალბი, ხელოვნური სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარულია, ზეციური სიმართლეა. ის შედის გულში, ადამიანი გაუგებს მადლს და მტრისგან ნამდვილ მეგობრად გადაიქცევა. ეს რომ გავიგოთ, ისეთი მლოცველი გვჭირდება, როგორიც მამა პიმენია. ის ხომ ქალწული იყო, დედათა სქესს არც კი შეხებია. მწუხარებით სავსე იყო მისი ცხოვრება. გამხდარი იყო, სუსტი, ავადმყოფიც კი, სულით კი - რა ძალა ჰქონდა!
ბეჭდვა
1კ1