უფლის სიყვარულით ყოველივეს გასცემდა
უფლის სიყვარულით ყოველივეს გასცემდა
ადამიანმა თავისი სიყვარულის ნაწილი პირუტყვსაც უნდა უბოძოს. ღირსი იოანე ჰყვება, რომ ალექსანდრიაში, ენატეში, ამბა იოანეს მონასტერში , ნახა მოხუცი, რომელიც მოწყალე იყო არა მარტო ადამიანთა, არამედ პირუტყვთა მიმართაც. იგი დგებოდა უთენია, ძაღლებს დააპურებდა. შემდეგ პაწია ჭიანჭველებს ფქვილს უყრიდა, დიდებს კი მარცვლებს. მერე კი ორცხობილას დაულბობდა ჩიტებს. კელიაში არც სანთელი ჰქონდა, არც თეფში, არც სკამი და არც წიგნი, რასაც შესწირავდნენ, ყველაფერს გაჭირვებულებს ურიგებდა. უფლის სიყვარულით ყოველივეს გასცემდა და ბოლოს საუკუნო ცხოვრება შეიძინა.

* * *
ღირსი პაფნუტი ბოროველის სავანე უღრან ტყეში მდებარეობდა. უამრავი შაშვი ბინადრობდა იქ. სიყვარულით აღსავსე იღუმენი ნებას არავის აძლევდა, შაშვი მოეკლათ ანდა ბარტყი დაეჭირათ. ერთხელაც ქალაქელი სარდლის ვაჟმა მშვილდ-ისრით ბარტყი ჩამოაგდო. მოაბრუნა თავი და თანამგზავრებთან ტრაბახი დაიწყო. უეცრად კისერი გაუშეშდა. მიხვდა ღვთის სასჯელს და შენდობის სათხოვნელად მამა პაფნუტისთან მივიდა. "ღმერთმა უბრალო ბარტყის სისხლის დაღვრისთვის დაგსაჯა". პარაკლისი გადაუხადა, ჯვარი გამოსახა და თავგასწორებული გაისტუმრა უკან.
ბეჭდვა
1კ1