"აი, შენი იაგუნდი"
"აი, შენი იაგუნდი"
გიორგი VII-ის მეფობის ჟამს, 1400 წელს, საქართველოს მეექვსედ შემოესია თემურ-ლენგი.

მუხრანის ველზე დაბანაკებულ მტერს რამდენიმე ქართველი დიდაზნაური ეწვია და შეევრდომა ყურმოჭრილ მონად. მათ შორის იყო გირშელ ბურდიშვილი, რომელიც შეუჩნდა თემურ-ლენგს, ქსნის ხეობას შევესიოთ, დიდძალ დავლასაც ავიღებთ და გიორგი მეფის ერთგულ ერისთავსაც მოვსპობთო.

მართლაც დაძრა თემურ-ლენგმა ლაშქარი მოღალატე ქართველის მეგზურობით ქსნისკენ.

* * *
ქალწული მონონი, რომელმაც მონაზვნობა სიყმაწვილეში გარეგნულად მიიღო, სინამდვილეში ხარბი და ანგარი გახლდათ, სიმდიდრეს აგროვებდა და მოწყალებას არ გასცემდა. უნდოდა, ძმისწული მდიდარი კაცისთვის მიეთხოვებინა.

წმინდა მაკარს, რომელიც გაჭირვებულებზე ზრუნავდა და მათთვის სახლი ჰქონდა აგებული, აწუხებდა მისი საქციელი. წმინდა მაკარი ახალგაზრდობაში ძვირფასი ქვების საუკეთესო დამწახნაგებელი იყო და მონონიც ასე იცნობდა. ერთხელ წმინდა მაკარმა მონაზონს უთხრა: - მავანი ორ უძვირფასეს ზურმუხტისა და იაგუნდის ქვას ყიდის. არ ვიცი, საკუთარია თუ ნაქურდალი, მაგრამ გარწმუნებ, რომ საუკეთესო სამკაული იქნება შენი ძმისშვილისთვის. თანაც ძვირიც არ არის, 500 ოქროს აფასებსო. მონონი შეეხვეწა, ხელიდან არ გაუშვა ეგ საგანძურიო და ხუთასი ოქრო გადასცა. ღვთისმოშიში მაკარი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, მონაზონს შეხსენება ერიდებოდა, რადგან იგი ყველასგან პატივცემული კაცი იყო. ერთხელ ეკლესიაში შეხვდა და ჰკითხა, - ქვები ხომ არ გიყიდიაო. შინ მაქვსო, - უთხრა წმინდანმა, - წამოდი, ნახე. თუ მოგეწონება, წაიღე, თუ არადა, ფული დაიბრუნეო. მონონი სიხარულით გაჰყვა.

"პირველად რისი ნახვა გინდა, ზურმუხტის თუ იაგუნდის?" - ჰკითხა ღირსმა მაკარმა. "რომელსაც შენ ინებებ", - მიუგო მონაზონმა. წმინდა მაკარი ერთ ოთახში შეუძღვა, სადაც მაგიდას მამაკაცები მისხდომოდნენ და ღმერთს მის ჯანმრთელობას ავედრებდნენ. "აი, შენი იაგუნდი", - მიუთითა მათზე წმინდა მაკარმა. მერე მეორე ოთახში შეიყვანა, სადაც მოხუცებული, სნეული დედაკაცები მისხდომოდნენ სუფრას და ღმერთს მონონისთვის ევედრებოდნენ. "ესეც შენი ზურმუხტი, - უთხრა წმინდა მაკარმა, - რას იტყვი ამ ძვირფას ქვებზე? თუ გინდა, აიღე, თუ არადა, შენს ფულს დაგიბრუნებო". შერცხვენილმა მონაზონმა არ იცოდა, რა ეთქვა და შინ დაბრუნდა.

გაახსენდა მონონს თავისი წარსული, ერთი კეთილი საქმეც ვერ მოიგონა და ისე შეწუხდა, რომ ლოგინად ჩავარდა. ამ დროს ეჩვენა ჯოჯოხეთის ცეცხლი, კაცი დიდებული, რომელმაც ამ საშინელებისკენ მიუთითა და უთხრა: "აი, ის საშინელებები, რომელთაგან ხსნა მხოლოდ იმ ზურმუხტსა და იაგუნდს შეუძლია, რომლებიც წმინდა მაკარმა შეიძინაო". ამ ამბის შემდეგ მონონმა თავის სულსაც მიხედა და დიდად ზრუნავდა გლახაკებისთვის.

* * *
საუკუნო სიცოცხლისათვის წარმავალი ცხოვრების შეჭირვებათა დათმენა გვმართებს. ღრმა უდაბნოში ერთი მამა ცხოვრობდა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე საკუთარ თავს მარხვითა და ყოველგვარი სულიერი ღვაწლით დათრგუნავდა. მოვიდნენ მასთან ძმები, იხილეს მისი ცხოვრება და გაოცებულებმა ჰკითხეს: "მამაო, როგორ დაითმენ ამ უწყლო და უნაყოფო ადგილში ცხოვრებას?" - ბერმა მათ უპასუხა: "მთელი ამ დროის შრომა, რაც მე აქ ვცხოვრობ, ვერ შეედრება ერთი საათით გეენიის სატანჯველს. გვმართებს, რომ ამ წუთისოფელში მარადის ვიშრომოთ და ჩვენი სხეულიდან აღვხოცოთ ვნებები, რათა დაუსრულებელი სიმშვიდე ვპოვოთ მომავალ და საუკუნო ცხოვრებაში".

* * *
მამა პაისი ათონელი ამბობდა: "სიკეთის ქმნისას ადამიანი სიხარულს გრძნობს. ცოდვის ქმნისას კი იტანჯება. რაც უფრო მეტ სიკეთეს აკეთებს ადამიანი, უფრო მეტად ხარობს; რაც მეტ ბოროტებას სჩადის, უფრო იტანჯება მისი სული.

ის, ვინც იღებს, ადამიანური სიხარულით ივსება, ვინც გასცემს, ღვთაებრივ სიხარულს იღებს.
ბეჭდვა
1კ1