ამიერიდან ნუღარ იტირებ
ამიერიდან ნუღარ იტირებ
წმინდა ნინოს შემოსვლისას, როცა მცხეთის ჯვარი აღმართეს, უამრავი სასწაული აღესრულებოდა. მეფე რევის მცირე ასაკის ძე სასიკვდინე სენმა შეიპყრო და მოკლა, შეწუხებული მეფე წმინდა ნინოს მიადგა და უთხრა: "თუ შენი ჯვარი ჩემს მკვდარ შვილს გააცოცხლებს, გპირდები, რომ ამ ჯვარს ძვირფას კუბოს გავუკეთებო". წმინდა ნინომ ბავშვი ჯვართან დაასვენებინა და შეევედრა უფალს ყრმის გაცოცხლება. დაასრულა თუ არა ლოცვა, ყრმა ცოცხალი წამოხტა ფეხზე, რევიმ აღთქმა შეასრულა - ჯვარს ჩასასვენებელი გაუკეთა.

* * *
ერთმა დედაკაცმა კი ჯვართან თავისი გარდაცვლილი ყრმა მოიყვანა და მის წინაშე დიდი სასოება აჩვენა. ამ დროს ჯვრიდან ელვასავით გამოკრთა და მოისმა ხმა: - ჰოი, დედაკაცო, დიდია შენი სარწმუნოება "და მელმის ტკივნეულობასა მაგას შენსა ზედა, რამეთუ შენისა მაგის სასოებისთვის მოგანიჭებ უკვე ძესა შენსა ცოცხალსა". ამიერიდან ნუღარ იტირებ და ნურც აქ შემოკრებილ ხალხს შეაწუხებო. მეყსეულად წამოხტა ყრმა და კისერზე შემოეხვია დედას...

* * *
ერთხელ ლაოდიკიის ეპისკოპოსი წმინდა ბასიანე ეკლესიის საქმეთა გამო ქალაქ მედიოლანში ჩავიდა. ბაზარშიც მოუხდა შევლა და ერთ დახლთან მივიდა. დახლი ეკუთვნოდა ერთ ძალზე ხარბ, ანგარებიან ვაჭარს, რომელიც სხვათა მოტყუებით გამდიდრებულიყო. და აი, რას ხედავს წმინდა ბასიანე: ვაჭრის სასწორის ერთ პინაზე პატარა შავი ეშმაკი ზის და თავის მხარეს გადაწონის მეორე პინაზე დადებულ საქონელს. გაკვირვებულმა ეპისკოპოსმა მხლებლებს ჰკითხა: - იმ დახლთან უცნაურს ვერაფერს ხედავთო? ვერაო. მაშინ წმინდა ბასიანემ ილოცა და სხვებმაც დაინახეს სასწორზე მჯდომი ეშმაკი.

წმინდანმა იხმო ის უბედური ვაჭარი და ჰკითხა: "სწორია შენი საწონები?" დიახო - ვაჭარმა. მაშინ წმინდანმა ეშმაკი დაანახა და უთხრა: - იცოდე, ეს ეშმაკი ცრუ ფიცისთვის შენს სხეულში შემოვა და წამებით ამოგხდის სულსო. ვაჭარს, უწმინდური სული რომ დაინახა, თავზარი დაეცა, გონს მოვიდა, წმინდანს მუხლებში ჩაუვარდა და გულწრფელად აღუთქვა, რომ გამოსწორდებოდა. წმინდა ბასიანემ ეშმაკი განდევნა და ვაჭარს უბრძანა, სიცრუით მონაგები გლახაკთათვის დაერიგებინა.
ბეჭდვა
1კ1