მინდა, წმინდა მთაზე შევხვდე სიკვდილს
მინდა, წმინდა მთაზე შევხვდე სიკვდილს
ათონზე, ერთ ოდინდელ, ფარღალალა სახლში რუმინელი ასკეტი მამა ენუქი ცხოვრობდა. ათონის სამოქალაქო მმართველობა დროდადრო აფრთხილებდა მოხუცს, მოეძებნა ახალი ბინა და გადასულიყო სხვა საცხოვრისში, რადგან მის შენობას დანგრევის საფრთხე ემუქრებოდა. ბერი დაფიქრდა, რამდენიმე ხანი მდუმარედ უსმენდა ხელისუფალთა შეშფოთებას, შემდეგ კი მშვიდად უპასუხა:

- მე ღვთის მონა ვარ, თუ უფალი ინებებს, სახლი დაემხობა, თუ მას არ სურს, არაფერიც არ დაშავდება.

ის არსადაც არ გადავიდა და სახლიც არ ჩამონგრეულა.

ასეთივე პასუხით გაისტუმრა ბერმა დიაკონი ათანასე, რომელსაც სამკურნალოდ ჩასული ოთხი დღე სტუმრობდა თესალონიკში.

- მამაო, ადექი, გავიდეთ სახლიდან! - უთხრა ერთ საღამოს დიაკონმა მამაოს.

- რატომ? - იკითხა გაოცებულმა.

- იმიტომ, რომ მიწისძვრაა და ჩვენი სახლი შესაძლოა დაინგრეს და ქვეშ მოგვიყოლოს....

- თუ უფალი მოისურვებს, სახლი დაინგრევა, თუ არადა - არა, - უპასუხა ენოქმა და შინ დარჩა.

ათანასე იხსენებს, რომ ხუცესი მას თესალონიკში ძველმანებში გამოწყობილი ესტუმრა. სამოსი აქეთ-იქიდან ჩამოჰკონკვოდა, ხოლო გულისპირს დიდი ინგლისური ქინძისთავით დაემაგრებინა. დინჯი მოხუცი ქუჩას ნელა და დაკვირვებით კვეთდა.

- მიდი, მოხუცო, ცოტა სწრაფად, - უკიჟინებდნენ ყოველი მხრიდან გაღიზიანებული მძღოლები.

- რატომ? სად გეჩქარებათ?! - მოითმინეთ, მე მოხუცი ვარ და სირბილი არ შემიძლია, - მშვიდად პასუხობდა ბერი.

ამასთან, ხელით ანიშნებდა მანქანებს, რომ შეჩერებულიყვნენ.

- თესალონიკელი ექიმები, - ჰყვებოდა ის მოგვიანებით, - მარწმუნებდნენ, ოპერაცია გამეკეთებინა, მაგრამ მე არ დავთანხმდი, რადგან სამოცდახუთ წელზე ხანდაზმულნი ოპერაციას ვერ უძლებენ, მე კი სიკვდილს წმინდა მთაზე უნდა შევხვდე, იქ არის ჩემი განსასვენებელი. თუ რაიმე წამალი გაქვთ, მომეცით და დავლევ, მაგრამ ოთხმოც წელს გადავცილდი და ამ ასაკში ათონის გარეთ ოპერაციას არ გავიკეთებ. მინდა, სიკვდილს ღვთისმშობლის ბაღში შევხვდე, - უთხრა მან ექიმებს.
ბეჭდვა
1კ1