ღმერთს რომ გავიხსენებ, მიხარია
ღმერთს რომ გავიხსენებ, მიხარია
სიძვის ვნებისგან ძლეული ორი მონაზონი წავიდა სოფელში და დაეცა ქალებთან, მაგრამ მოეგნენ გონს, ჩავარდნენ სინანულში, კვლავ უდაბნოში დაბრუნდნენ და მამებს სინანულის კანონის დადება სთხოვეს. მამებმა ისინი ერთი წლით კელიაში ჩაამწყვდიეს და თანაბრად აძლევდნენ პურსა და წყალს. ძმები ერთნაირად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ერთი წლის მერე, როცა კელიიდან გამოვიდნენ, პირველს მწუხარე სახე ჰქონდა, მეორეს კი ნათელი და მხიარული. გაოგნებულებმა ჰკითხეს მათ, რას ფიქრობდნენ ცალ-ცალკე. მწუხარემ თქვა, რომ ის იმ ჩადენილ ცოდვაზე ფიქრობდა და იმ სასჯელზე, რაც მოელოდა. ჰკითხეს მეორესაც. მან უპასუხა: "მე ვმადლობდი ღმერთს, რომ გამომიტაცა ამა სოფლის არაწმინდებისა და მომავალი სატანჯველისაგან და დამიბრუნა ანგელოზებრივი ცხოვრება. ღმერთს რომ გავიხსენებ, მიხარია".

* * *
ერთხელ მამა პორფირე კავსოკალიველს ჰკითხეს: "რა ვქნათ, მამაო, რათა ამ სიტუაციაში სიხარული მოვიპოვოთ?" "იკითხე წმინდა წერილი, - უპასუხა მოძღვარმა, - იარე ეკლესიაში: უნდა გყავდეს მოძღვარი, ეზიარო. ერთი სიტყვით, კარგი ქრისტიანი უნდა იყო, მაშინ იპოვი იმ სიხარულს, რომელსაც ეძებ. შენ ხედავ ახლა, როგორ მტკივა, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, ასევე შენც, როცა ცოტათი მიუახლოვდები ქრისტეს, მაშინ მოიპოვებ ცხოვრებისეულ სიხარულს".
ბეჭდვა
1კ1