ხედავ, რაოდენ ტკბილია ქრისტე?
ხედავ, რაოდენ ტკბილია ქრისტე?
მამა იოსებ ვათოპედელი. მამა იოსებ ისიქასტის ცხოვრება
მას, ვისი გულიც ღვთაებრივი სიყვარულის ისრებით არის მოწყლული, ვერ შეკრავს და დაიმონებს ვერანაირი გარემოება და მიზეზი. "წავიდეთ აქედან, არსენ, წავიდეთ! - უთხრა სულიერ თანამოსაგრეს მამა იოსებმა, - ჩვენს მყუდროებასა და გონების მოკრებას აქ ყოფნით დიდად ევნება. წავიდეთ სხვა ადგილას, სადაც ყველასგან დაფარულად ვიღვაწებთ, რათა ადამიანებს არ შეეძლოთ ადვილად გვიპოვონ და მოგვაკლონ ის, რასაც მათ გამოც ვკარგავთ და მათ ამის დანახვა არ შეუძლიათ".

წმინდა ანას სკიტელი მამებისაგან შეიტყვეს წმინდა ანას მცირე სკიტის რაიონში განლაგებული მღვიმეების შესახებ. აქ ადრე რამდენიმე რუსი მონაზონი ცხოვრობდა და შემორჩენილი იყო ორი ავზი წვიმის წყლისა. მივიდნენ, ნახეს და დარწმუნდნენ, რომ მართლაც ხელსაყრელი ადგილი იყო საცხოვრებლად - განმარტოებული და ყველასგან დამალული. ზამთარი იდგა - 1938 წლის იანვარი. მამებმა აიღეს თავიანთი სამოსი, ნივთები და აქ დასახლდნენ.

თავიდან ცხოვრება მკაცრი და უნუგეშო იყო. ყველაფერი აკლდათ, მათ შორის - აუცილებელი ნივთები, მაგრამ ყველაზე მეტად ლიტურგია აკლდათ, რადგანაც მამა იოსებს უკვე აღარ შეეძლო შორ მანძილზე სიარული, მით უმეტეს, ასეთი სახიფათო და ძნელი გზით. მრავალწლიანმა შრომამ, მკაცრმა მოსაგრეობამ, განგრძობილმა მარხვებმა და სხვადასხვანაირმა საგნებმა, რომელსაც მოითხოვდა მამა იოსების მოშურნე მოსაგრეობა და იმანაც, რომ უკან დახევას მცირედითაც არ გაივლებდა გულში, მოთოკა, დათრგუნა მისი სხეული, სხვის დაუხმარებლად ძლივსღა დადიოდა. სამუშაოს მთელი სიმძიმე მამა არსენს დააწვა, რომელიც, საბედნიეროდ, გამძლეობით გამოირჩეოდა. მან რაც შეიძლება სწრაფად მოაწყო ახალი საცხოვრებელი.

თავიდან მოსაგრეებმა პატარა ქოხი ააგეს მცირე ზომის კარებით და საკუთარ თავს ასეთი განრიგი დაუდგინეს: შუადღემდე უნდა ეშრომათ და ხალხი მიეღოთ, ნაშუადღევს - განმარტოებულიყვნენ და შესასვლელი ჩაეკეტათ. მალევე მღვიმეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის პატარა საყდარი მოაწყვეს, სადაც შეიძლებოდა კვირაში ერთი-ორჯერ ლიტურგიის ჩატარება. ორივე ავზი გაწმინდეს, შეაკეთეს და კლდეებს შორის მილებით წყალი გამოიყვანეს. ამის მერე ხისგან, წნელებისა და თიხისაგან პატარა კალივა ააგეს, რომელიც მერე სამ კელიად დაჰყვეს: მამა იოსებისთვის, მამა არსენისა და მღვდლისთვის, რომელიც აქ წირვის ჩასატარებლად მოდიოდა. კელიები პატარა ზომის იყო: ასორმოცი სანტიმეტრი სიგრძით, ნახევარი მეტრი სიგანით და კარების ნაცვლად სარკმელი ჰქონდა...

მე უკვე მუდმივად ვცხოვრობდი მამებთან, როცა მამა იოსებმა დატოვა თავისი კელია და ცოტა მოშორებით, ორას მეტრში გადასახლდა, სადაც მას სხვა საცხოვრებელი ავუგეთ. იქ ის მარტო ცხოვრობდა. ღამისთევის ლოცვის მერე განთიადისას ვესტუმრებოდით ხოლმე მოძღვარს, რომელიც ამ დროზე ადრე არავის იღებდა. ერთხელ, დიდი სადილის მერე, როცა მის წინ მუხლი მოვიდრიკე და ჩემს კელიაში წასვლას ვაპირებდი, მან ხელი მომკიდა, გამიღიმა და მითხრა: "ამაღამ შენ პატარა ამანათს გამოგიგზავნი. შეეცადე, არ დაკარგო". ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, ამიტომაც ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე და წავედი. დასვენების შემდეგ, როგორც ყოველთვის, ღამისთევის ლოცვას შევუდექი და რამდენადაც შემეძლო, მოძღვრის რჩევით, ლოცვის სიტყვებში მოვაქცევდი გონებას. "ამანათი" კი საერთოდ დამავიწყდა.

არ ვიცი, რისგან დაიწყო, მაგრამ მახსოვს, რომ შევუდექი თუ არა ლოცვას და რამდენჯერმე წარმოვთქვი ქრისტეს სახელი, გული ღვთის სიყვარულით ამევსო. ის უეცრად იმდენად გამრავლდა, რომ უკვე აღარ ვლოცულობდი, არამედ განცვიფრებული ვიყავი ამ გადამეტებული სიყვარულის გამო. მსურდა, მოვხვეოდი და დამეკოცნა ყველა ადამიანი და ყველა ქმნილება. იმავე დროს, ისეთ სიმდაბლეს განვიცდიდი, რომ ქმნილებათა შორის ყველაზე დაბლა მდგომად ვთვლიდი თავს. მაგრამ ჩემი სიყვარულის მთელი სისავსე და მხურვალება ქრისტესკენ იყო მიმართული, რომელიც, როგორც ვგრძნობდი, ჩემს გვერდით იმყოფებოდა, ოღონდ მე მისი დანახვა არ შემეძლო, რომ დავმხობილიყავი მის უწმინდეს ფერხთით და მეკითხა, ამდენად როგორ მოსწვავდა ჩემს გულს და იმავდროულად უხილავი და დაფარული რჩებოდა. იმავე წუთს ცხადად ვიგრძენი, რომ ეს სულიწმინდის მადლი და ზეციური სასუფეველი იყო და ვიმეორებდი: "დაე, მუდამ ასე იყოს, უფალო, მეტი არაფერი მინდა". ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და მერე ნელ-ნელა დავუბრუნდი ძველებურ მდგომარეობას. გონს მოვედი და მოუთმენლად ველოდი საჭირო დროს, რომ მოძღვართან წავსულიყავი და მეკითხა, თუ რა იყო ეს მდგომარეობა და როგორ მოხდა.

20 აგვისტო იყო, სავსემთვარეობა. გავიქეცი მოძღვართან და ის კელიის გარეთ ვიხილე, თავის პატარა ეზოში სეირნობდა. დამინახა, გამიღიმა და ვიდრე მუხლს მოვუდრეკდი, მითხრა: "ხედავ, რაოდენ ტკბილია ქრისტე? ახლა შენ საქმით გამოსცადე ის, რასაც დაჟინებით ითხოვდი. ასე რომ, იშრომე, რათა ეს მადლი საკუთარი გახადო და არ მოგტაცოს უყურადღებობამ". მაშინვე დავემხე მის ფერხთით და აცრემლებულმა ვუთხარი: "ვხედავ, მამაო, მე, უღირსი ყველა ქმნილებათა შორის, ვხედავ ქრისტეს მადლსა და სახიერებას და ახლა მივხვდი მამათა კადნიერებას და ლოცვის ძალას". დაწვრილებით მოვუყევი, რაც შემემთხვა და ვთხოვე, აეხსნა, საიდან გაჩნდა ეს მდგომარეობა. მას სიმდაბლის გამო არ სურდა ამის ახსნა. მერე მითხრა: "ღმერთი მოწყალე იქმნა შენზე და შეგიწყალა. დროზე ადრე გამოგიცხადა თავისი მადლი, რათა მამათა ნათქვამში არ დაეჭვებულიყავი და სულმოკლეობა არ დაგეწყო". მაშინ მივხვდი იმ ჩვეულების აზრს, როცა სრული რწმენით სხვას ლოცვას შესთხოვ: "ილოცე ჩემთვის, მამაო, აღავლინე ჩემთვის ლოცვა, მამაო. მომიხსენე, მამაო, შენს ლოცვაში".

ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ღირსსახსოვარმა მოძღვარმა მანუგეშა. ბევრს ახსოვს, რაოდენ მძიმე იყო ომის შემდგომი ცხოვრება (მეორე მსოფლიო ომზეა საუბარი). სკიტელ მონაზვნებს ყველა აუცილებელი ნივთი გვაკლდა. ჩვეულებრივ ხელსაქმეზე (ნაკეთობაზე) მოთხოვნილება არ იყო, ფულითაც ყველაფერს ვერ იშოვიდი. ამიტომაც მხოლოდ საკუთარი შრომით შეგვეძლო თავის შენახვა და ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდით. ჩვენი გარკვეული თანხის სანაცვლოდ მონასტრისთვის ვკრეფდით ზეთისხილსა და თხილს, ანდა ვენახსა და ბაღებში მსგავს სამუშაოს ვასრულებდით. ეს გაგრძელდა მანამ, ვიდრე მდგომარეობა არ დასტაბილურდა, და მაშინ ჩვენ კვლავ ჩვენს ხელსაქმეს მივუბრუნდით. იმ პერიოდში მეც ძმებთან ერთად ვტოვებდი ხოლმე უდაბნოს და მონასტერში მივდიოდი სამუშაოდ. ხდებოდა ისე, რომ ზოგჯერ საღამოს უკან, კალივაში დაბრუნებას ვეღარ ვასწრებდი, შედეგად - ჩემი მოძღვრისგან შორს ვრჩებოდი. ეს კი ძალიან მიჭირდა, რადგან სულ ახალი გაცნობილი მყავდა მოძღვარი, ჯერ არ მომესწრო სულიერი ცხოვრების საფუძვლების შესწავლა და არ ვიყავი მიჩვეული მთაწმინდის სულს. ძალზე ვიღლებოდი. ყოველთვის, როცა თავს ისე დაღლილად ვგრძნობდი, რომ მოთმინება მიმცირდებოდა და გაურკვევლობა ზღვარს აღწევდა, მოძღვრისგან სკიტიდან დაფნაში ფოსტით გამოგზავნილ წერილს ვიღებდი. მასში ყოველთვის იყო აღწერილი ჩემი იმდროინდელი მდგომარეობა და მიმითითებდა, თუ როდის და საიდან წარმოიშობა ის სიძნელეები, რომელიც მე მაშფოთებდა. გასაოცარი იყო ისიც, რომ წერილის გახსნამდე ჩემს სულში ცვლილება ხდებოდა. ყველა მწუხარება ქრებოდა და სულიერი სიხარულით ვივსებოდი, აღარ ვჯავრობდი იმ საგნებზე, რომლებიც აქამდე მავიწროებდნენ და მაწამებდნენ! ზოგჯერ ეს ყოველგვარი წერილის გარეშეც ხდებოდა, მხოლოდ იმის შეგრძნების წყალობით, რომ მოძღვარი ერთგვარი ზებუნებრივი სახით აქ იმყოფებოდა. ამას ყოველთვის ცხადად და უეჭველად ვგრძნობდი.

ახალგაზრდობის მძიმე განსაცდელებმა და მუდმივმა გაჭირვებამ იმდენად დაანგრია მამა იოსების ჯანმრთელობა, რომ უეცრად მოხუცდა. განსაკუთრებით ფეხები დაუზიანდა - თითქმის არ შეეძლო ფეხზე დგომა და სიარული, ორ ნაბიჯს თუ გადადგამდა, ისიც სვენებ-სვენებით, მთელი სხეული დაუსივდა, მამა იოსების თქმით, ელიკომა სჭირდა. მცირე დაღლაც კი სუნთქვას უხუთავდა. ტრაპეზობის წესს, რომელსაც თავიდანვე მიეჩვია, მკაცრად იცავდა. ამასთან, ვხედავდით, თუ როგორ სუსტდებოდა, როგორ განიცდიდა ტკივილს და ვეღარ იძინებდა.

მოგვიანებით, როცა შემოგვიერთდნენ მამა ეფრემი და მამა ხარლამპე, მეც შევწყვიტე სხვაგან მუშაობა და დავუბრუნდი ჩემს ხელსაქმეს.

დადგენილი საეკლესიო მარხვების გარდა, მამები საკუთარ კანონსაც იცავდნენ და მოსაგრეობის ზომას ზრდიდნენ. მღვიმეებში, სადაც ჩვენც ვცხოვრობდით, თავიანთ წესს მისდევდნენ, მაგრამ ჩვენ, ახალგაზრდა მონაზვნებს, ნებას არ გვაძლევდნენ, მათ მაგალითს გავყოლოდით. ხარლამპე ჯერ კიდევ არ იყო ჩვენთან მოსული, როცა მე ჩემს უმცროს თანამოძმეებთან ერთად (მამა ეფრემთან ერთად) ვთხოვდი მოძღვარს, ნება მოეცა, მათი განრიგისთვის მიგვებაძა. დადგა დიდმარხვა. ამ დროს, შაბათ-კვირის გარდა, სრული მდუმარება მოგვეთხოვებოდა, ასევე მკაცრი მარხვაც, რომლის სახეც ყოველწლიურად იცვლებოდა. ჩვენი მაშინდელი ნორმა ოცდახუთი დრაქმა (75 გ) ფქვილისაგან შედგებოდა, რომელსაც კონსერვის ქილაში, მცირე რაოდენობის წყალში ვხსნიდით, მცირეოდენ მარილს ვუმატებდით. ვტრაპეზობდით მწუხრის მერე, ბიზანტიური დროით მეცხრე ჟამზე, ანუ მზის ჩასვლამდე სამი საათით ადრე. შაბათ-კვირას სუფრა იშლებოდა, მაგრამ პურს კვლავ შეზღუდულად ვიღებდით. მოკლედ, მოძღვარი დავითანხმეთ, რომ ჩვენც იგივე ტიპიკონი დაგვეცვა. სიხარულით დავფრინავდით. ამგვარი მარხვა პირველი კვირის ოთხშაბათს დავიწყეთ. ყველაფერი კარგად მიდიოდა მეხუთე შვიდეულამდე, როცა სისუსტე და გამოფიტვა აშკარად საგრძნობი გახდა. ამ კვირის ბოლოს, ერთხელ, დილით, ჩვეულ დროს, ფეხზე ვერ წამოვდექით, მიუხედავად იმისა, რომ მამა არსენი სარკმელზე გვიკაკუნებდა. მოძღვარმა იკითხა, - რატომ არ ჩანხართო, მამა არსენმა უპასუხა, - ავად არიან და ფეხზე ვერ დგებიანო. "არა, მამაო, ნუ ხარ გულუბრყვილო, - უპასუხა მოძღვარმა, - არაფერი სჭირთ. მიეცი მათ ცოტაოდენი პური, მაშინვე გონს მოვლენო". მართლაც, მივიღეთ თუ არა ეს "წამალი", მაშინვე თავი კარგად ვიგრძენით! ასე ვისწავლეთ ჩვენი საზომი, რომ ის საქმე არ უნდა გაგვეკეთებინა, რაც ჩვენს ძალებს აღემატება.

არასოდეს დამავიწყდება ის დღეები, რომლებიც ჭეშმარიტად ოქროს დრო იყო ჩემს გლახაკ ცხოვრებაში!
ბეჭდვა
1კ1